რა სურს ახალგაზრდობას? რუსული კანონის პროტესტიდან - არჩევნებამდე | გიორგი ფაჩუაშვილი
2023-2024 წლების საპროტესტო აქციები მრავალი საინტერესო მახასიათებლით გამოირჩეოდა: მზარდი ახალგაზრდული მუხტი, მეტი ინდივიდუალური ინიციატივა, აქტიური სტუდენტური პროტესტი და ახალი თაობის განსაცვიფრებელი ჩართულობა, რასაც საზოგადოების უმრავლესობა სასიამოვნოდ გაკვირვებული შეხვდა. ახალგაზრდები უკვე დღევანდელი დღის ლიდერებად ყალიბდებოდნენ და საორგანიზაციო საქმეებშიც იკავებდნენ წამყვან როლს. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ და რატომ განვითარდა ამგვარად მოვლენები და რა მოლოდინი აქვს ახალ თაობას სამომავლოდ. თავს უფლებას მივცემ, ვიმსჯელო ამ საკითხის შესახებ, როგორც სამოქალაქო ასპარეზზე აქტიური ახალგაზრდა და სტუდენტური მოძრაობის ერთ¬-ერთი ლიდერი.
სტუდენტური და ზოგადად ახალგაზრდული პროტესტი თუ ბრძოლა თავისუფლებისთვის არახალია ჩვენი ქვეყნისთვის. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თერგდალეულთა დასი მაშინდელი სტუდენტობის მიერ შეიქმნა და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას. შემდგომმა თაობამ უკვე განათლება მიიღო დასავლეთში და დააფუძნა პირველი რესპუბლიკა. 1921 წელს სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდები იცავდნენ ქვეყანას საბჭოთა რუსეთის არმიისგან. 1956 წლის პროტესტიც გამოირჩეოდა ახალი თაობის მუხტით და ამ პერიოდიდან ეყრებოდა საფუძველი ეროვნულ მოძრაობას. 1978 წელს სტუდენტურმა ენერგიამ ააცილა ქვეყანას რუსული ენის ოფიციალური დაკანონება, რაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის იდეაზე თავდასხმას წარმოადგენდა. 9 აპრილს დაღუპულთა შორის იყვნენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სიცოცხლის ფასად იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მარტივად რომ ითქვას, ჩვენს ქვეყანაში ახალი თაობა სხვადასხვა სახით მუდამ იბრძოდა თავისუფლებისთვის. მისი მუხტი კი ცვლილებებთან იყო ასოცირებული. ჩვენი მსჯელობაც ზუსტად ამ ცვლილების ცნებაზეა დაფუძნებული.
დღეს დამოუკიდებლებიც ვართ, ძირითადად გვაქვს ბაზისურ საჭიროებებზე წვდომა, მეტი შესაძლებლობა მოგვეცა განათლების მიღებისა და განვითარებისთვის. ამავდროულად, შეიქმნა დემოკრატიული პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხალხმა გადაწყვიტა ქვეყნის პოლიტიკური ბედი - ერთხელ ხავერდოვანი რევოლუციით (2003), მეორედ კი არჩევნების გზით (2012). შესაბამისად, ვირწმუნეთ, რომ გვაქვს პოტენციალი, მაგრამ უამრავი სოციალურ¬-ეკონომიკური თუ სხვა სახის გადაუჭრელი პრობლემა რჩება. ამასთანავე, გვერჩის გარეშე მტერი რუსეთის სახით. მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება შეუსაბამო საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ხოლო ქვეყნის შიგნით ზრდის ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის ხარისხს, რომელიც უკვე საკმაოდ ემსგავსება რუსული ყაიდის სისტემას. გავრილოვის ჩამოყვანას, გარე მეგობრებთან ურთიერთობის გაფუჭებას და ქვეყნის იზოლირებას რომ თავი დავანებოთ, რუსულ კანონზე უკეთ ვერაფერი ახსნის ამ დინამიკას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ იყო მცდელობა ამ კანონის მიღებისა.
პირველ ჯერზე როცა შემოგვთავაზეს გასული წლის თებერვალში, ძალზე ამაღელვებელი იყო. ანალოგიური კანონი პუტინმა მიიღო 2012 წელს და დიდი წარმატებით გააჩუმა მთელი საზოგადოება. ქვეყნიდან გააქრო დასავლური დაფინანსება, რომელიც განათლებას თუ სხვა სოციალურ, კულტურულ ღონისძიებებს ხმარდებოდა და შექმნა მონოპოლია ძალაუფლებაზე. ქვეყნის ენერგია კი შეიარაღებას და ტანკების წარმოებას შეალია. იქაც „გამჭვირვალობა“ იყო საბაბი და აქაც, მიუხედავად იმისა, რომ საშემოსავლო სამსახურში ყველა ორგანიზაცია რეგისტრირებულია და ძალიან კარგად უწყის სახელმწიფო, ვის როგორი შემოსავალი აქვს. თუმცა, ავტორიტარებისთვის „მტრის ხატის“ შექმნაზე ეფექტური არაფერია, ამიტომაც ჩვენი პარტნიორების დახმარება უარყოფითად უნდა წარმოჩენილიყო ვიწრო პოლიტიკური მიზნების გულისთვის. ეს ჩვენს ევროკავშირსა და ნატო-¬ში გაწევრიანების სურვილს ეწინააღმდეგებოდა, ესე იგი ქვეყნის ინტერესებისთვის ორ უმნიშვნელოვანეს რამეს გვართმევდა: ეკონომიკურ წინსვლასა და უსაფრთხოებას, - თუმცა, ქაოსური მდგომარეობისთვის შესაფერისი იყო. ერთპარტიული მმართველობის მოსურნეებს ძალზე უყვართ ასეთი დილემების შექმნა. 2+2 შეიძლება ოთხს უდრიდეს ან ხუთს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ორივე პასუხს გამოაცხადებენ ჭეშმარიტად. პარტიას ხომ ასე სჭირდება?!
ზუსტად ამგვარმა ფარისევლობამ გამოგვიყვანა ახალგაზრდები გარეთ. იგი გვართმევდა მომავალს და ყველანაირ პერსპექტივას. მე და ჩემმა თანამებრძოლებმა მარტის იმ დღეებში მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ დავაფუძნეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დერეფანში. გავიგეთ, რომ ჩვენი ლექტორი უძღვებოდა საერთო საკომიტეტო სხდომას რუსული კანონის შესახებ და აქტიურად უჭერდა მას მხარს. აუდიტორიაში კი ევროკავშირის სიკეთეების შესახებ გვესაუბრებოდა. დავინახეთ ფარისევლობა, შეგვაწუხა სინდისმა და თავმოყვარეობამ და გადავწყვიტეთ, წაგვეშალა მისი საგანი. დიდი საპროტესტო აქციების ორგანიზებაშიც ჩავერთეთ. ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. შედეგად, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ის მოვიპოვეთ, რაც ხელისუფლებამ საკუთარი ქმედებების შედეგად დააკარგვინა საქართველოს ერთი წლით ადრე. თუმცა, ამ წელს რუსული კანონი კვლავ მოაბრუნეს მიუხედავად გამალებული დაპირებებისა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა.
ამ დროს უკვე გერმანიაში ვიყავი. არა იმიტომ, რომ ქვეყნის დატოვება გადავწყვიტე (საქართველოს კეთილი მომავლის კვლავინდებურად მწამს), არამედ იმ მიზნით, რომ განათლება მიმეღო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში. იქიდან ვადევნებდი თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროტესტებს და ბევრსაც ვნერვიულობდი. ჩემი მეგობრები იქ იყვნენ, ხოლო მე - სხვაგან. მიუხედავად ამისა, სიამაყით და იმედით ვივსებოდი, როცა ვხედავდი ახალგაზრდებს, მათ შორის უამრავ სკოლის მოსწავლეს, რომლებიც ცენტრალურ ქუჩებს საკუთარი ინიციატივით იკავებდნენ და ხმამაღლა უცხადებდნენ თანამოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თავისუფლები და დამოუკიდებლები იყვნენ, ამას კი არავის დაუთმობდნენ. ამის ფონზე უზარმაზარი ენერგია მომეცა და აწ უკვე გერმანიაში დავიწყე საპროტესტო მოძრაობა თანამებრძოლებთან ერთად. ბერლინში დავაფუძნეთ ორგანიზაცია „გზა“ (GZA – Georgisches Zentrum im Ausland), რომელიც თავისი სახის პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია გახდა გერმანიაში. იგი სამოქალაქოდ აქტიურ ქართველებს აერთიანებს და საქართველოს წუხილს აცნობს ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ალბათ გემახსოვრებათ ბერლინის ხალხმრავალი ქართული მსვლელობები, რომელმაც დიდი ყურადღება მიიქცია და მეტი აღიარება მოუტანა ჩვენს ბრძოლას ევროპული მომავლისთვის.
წელს რუსული კანონი მაინც მიიღეს დიდი გაჭირვებით, მაგრამ დავინახეთ, რამხელა ძალას წარმოადგენს ჩვენი ახალგაზრდობა და მთლიანი საზოგადოება „ძალა ერთობაშია“ პრინციპით. ჩვენი სიტყვა ვთქვით, თუმცა ახლა მისი გაოფიციალურებაა საჭირო, ამიტომაც არჩევნებისთვის ვემზადებით. თავისუფლებისთვის გამალებულმა ბრძოლამ გამოგვზარდა უკეთეს და უფრო მცოდნე პიროვნებებად. გამოვედით და დავიცავით ჩვენი თავმოყვარეობა, სინდისი და სურვილი, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრები სიამაყით და მომზადებულად. ამისთვის გვესაჭიროება დიდი ცვლილებები. ვხვდებით, რომ ამას ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ ან არ უზრუნველყოფს მრავალ მიზეზთა გამო, თუმცა, უფრო ფართო სურათით რომ ვიმსჯელოთ, ამდენი ხანი სათავეში მყოფი ძალა კარგავს სრულ ნებას, შექმნას რამე ახალი და ზედმეტად ეჩვევა ძალაუფლებას. ამიტომაც უნდა შეიცვალოს იგი. ჯანსაღ დემოკრატიად სხვაგვარად ვერ ჩამოვყალიბდებით. ევროკავშირის 9 რეკომენდაცია შესასრულებელია. კლუბის წევრობა თუ გსურს, მის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე. სამწუხაროდ, ხელისუფლების მუდმივმა ლტოლვამ ერთპარტიული მმართველობისაკენ დააზიანა ეს სტანდარტები. თუ გვსურს, სერიოზულად აღგვიქვამდნენ დემოკრატიულ სამყაროში, საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ. ხელისუფლებლის დანაწილების პრინციპი დასაცავია. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ.
სასამართლოს დამოუკიდებლობა უზარმაზარი მონაპოვარი იქნება. იგი ჩამოაყალიბებს მსაჯულს, რომელიც კანონის ძალით დაგვიცავს ნებისმიერი ხელისუფალის ჩაგვრისგან. კოალიციური ხელისუფლება საუკეთესო ვარიანტია ამგვარი დანაწილების უზრუნველსაყოფად. აქ ძალაუფლება უფრო დაშლილი და საკამათოა, რაც ხელს უშლის ერთ ცენტრს, შემოიკრიბოს მთელი ძალა და სხვები ჩაგროს. რა თქმა უნდა, ეს არაა პანაცეა, მაგრამ საუკეთესო გამოსავალია არსებულ სიტუაციაში. არჩევნებზე კი ამგვარი კოალიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა გვექნება წელს, თანაც საკმაო არჩევანით პარტიებს შორის. ვფიქრობ, აქაც უნდა შეიქმნას ერთი დიდი გზაგასაყარი და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ჩვენს ყოფაში. ახალგაზრდები კი ვმობილიზდებით ჩვენი არჩევანის დასაცავად. სიმართლეს და სამართლიანობას ალტერნატივა არ გააჩნია ასეთ ვითარებებში.
თუ მკითხავთ, რა სურთ ახალგაზრდებს, გიპასუხებთ, რომ ისეთი სისტემა გვსურს, როგორიც აღვწერე ზევით; გვსურს ევროპა, რომელიც ჩვენი ისტორიული არჩევანია და რომლის აღმოსავლეთის კარიბჭესაც წარმოვადგენდით საუკუნეების განმავლობაში. ასევე გეტყვით, რომ რუსეთისგან თავის შორს დაჭერა გვსურს. იგი არაა ჩვენთვის კეთილის მოსურნე და წაღებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს. მისი ორსაუკუნოვანი გავლენები კი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. დაე, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“. აი, ამის მერე ვივლით ამაყად და ვიტყვით, რომ ჩვენს წინამორბედთა ბრძოლას ფუჭად არ ჩაუვლია.