photo

ელენე ხოშტარია: ხალხის მთავარი მოთხოვნაა: შეცვალეთ!

ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ცვლილების წყურვილი, ის მასშტაბი, რასაც ხალხთან შეხვედრებზე ვხედავდით და ვგრძნობდით. ყველას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ქონდეს, მაგრამ ჩამოყალიბებულია აზრი, რომ არსებული სიტუაცია უნდა შეიცვალოს - ეს არის ხალხის განწყობა. ამის შემდეგ, მგონია, რომ ყველა უკვირდება, რა ტიპის ცვლილება იქნება. იციან, რომ აღარც „ოცნება“ უნდათ და აღარც ეს მდგომარეობა. როგორი იქნება ეს ცვლილება, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული - რას და როგორ მომავალს შევთავაზებთ ამ ხალხს კონკრეტულად. მგონია, რომ ახლა პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევანის გაკეთების პროცესს ვუყურებთ.

- რა ტიპის შეთავაზებებს ელის ხალხი თქვენგან, როგორია დაკვეთა?

- გვთხოვენ, ისე დალაგდით, რომ გამარჯვება გარანტირებული იყოსო. დღეს ისე გამოიყურებიან ოპოზიციური პარტიები, რომ ხმების დაკარგვის შესაძლებლობა მინიმალურია. ძირითადი გაერთიანებები შემდგარია. სამი დიდი ცენტრია და ამ ცენტრებს აქვთ უნარი, გადალახონ საარჩევნო ბარიერი, მოიგონ და მერე შეკრან კოალიცია. ეს საკმაოდ დამაჯერებლად ჯღერს ამომრჩევლისთვის, ოღონდ, დარჩენილი ორი თვის განმავლობაში უნდა დაინახონ, რომ ეს მართლა ასეა. თუ ოპოზიცია დაკავდება ერთმანეთთან ჩხუბით, საქმეების გარჩევით, ეს, რა თქმა უნდა, დააბნევს ამომრჩეველს. ცხადია, შეიძლება ერთმანეთს შევეჯიბროთ სამივე ცენტრი და ხალხს საკუთარი უპირატესობები ვაჩვენოთ.

- საარჩევნო პროგრამებს ითხოვს ხალხი?

- არა. საუბარია ჩვენს უნარებზე, შევძლოთ კოალიციის შეკვრა და მართვა – ეს არის ის მთავარი, რასაც კოალიციას თხოვენ - შეცვლის უნარი. რა თქმა უნდა, გვეკითხებიან, როგორ მოვახერხებთ ამას მომავალში, მაგრამ მთავარი მოთხოვნაა - შეცვალეთ!

- კონკრეტულად რას ეუბნებით მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია ოპოზიციის შემოხაზვა?

- ყველას და ყოველთვის ვეუბნებით, რომ მთავარია, „ოცნებას“ ვუთხრათ უარი. ეს არის პირველი ხარისხის ამოცანა. „ოცნების“ არჩევა ახლა უკვე არა პოლიტიკური, ან პარტიული საკითხი, არამედ ისტორიული არჩევანია - იქნება თუ არა ქვეყანა, დღეს ასე დგას საკითხი და ეს არის პირველი სათქმელი. ეს არჩევნები სპეციფიურია - რადგან, რუსეთი და დასავლეთის პერსპექტივა დგას სასწორზე. ამიტომ პირველ რიგში, „ოცნების“ გადარჩევა სურთ და არ აქვთ იმის კომფორტი, შესაბამისი გარემო, კარგად ჩამოყალიბდნენ, მართლა ვინ მოწონთ. გარკვეულწილად, „იძულებულები“ არიან, ოპოზიციას მისცენ ხმა. სწორედ ასეთ სპეციფიურ სიტუაციას არის ზუსტად მორგებული ქართული ქარტია. ქარტიის მიხედვით, ჩვენ მოვდივართ შეზღუდული მანდატით. კონკრეტულად მოვაწერეთ ხელი იმას, რომ მოვდივართ სამი პუნქტისთვის:

პირველი - სასწრაფოდ დავიწყოთ დასავლეთთან მოლაპარაკება, დასავლეთი გველოდება. ამისთვის უნდა შევასრულოთ ის 9 დათქმა, რომელიც სწრაფად შესრულებადია.

მეორე - ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, რომ ხალხმა უკვე კომფორტული არჩევანი გააკეთოს. ამისთვისაც რამდენიმე რეფორმაა გასაკეთებელი და ეს რთული არ არის.

მესამე - გავაუქმოთ ის კანონები, რეგულაციები, დევნა და ა.შ. რაც რუსული კანონის მიღებას მოჰყვა. ქარტიაში წერია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს რეფორმები უნდა დავასრულოთ და დავნიშნოთ არჩევნები. ჩვენი რეალისტური შეხედულებით, სრულიად შესაძლებელია, რომ ორ წელიწადში არჩევნები ჩატარდეს. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოვრჩეთ რეფორმებს და დავნიშნოთ არჩევნები. აბსოლუტურად მყარად ვდგავართ, რაზეც მოვაწერეთ ხელი და ეს უნდა დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში - ნათქვამ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.

ახლა ჩვენ, ერთგვარად, გამოცდებს ვაბარებთ - ერთი გამოცდა 8 ივლისის დედლაინი იყო, როდესაც ვთქვით, რომ კოალიციებს შევქმნიდით და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდა ჩავაბარეთ. ახლა კიდევ ერთი გამოცდა ქარტიაა და ამასაც აუცილებლად ჩავაბარებთ, ბოლომდე დავრჩებით ქარტიის ერთგულები. ქარტია არის ის, რაც დღეს ჭირდება ამომრჩეველს, მათ ჭირდებათ გარანტია, რომ სადმე წარსულში კი არ ვარდებიან, არამედ მომავლის გზას ხედავენ – როდის ვიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებას, როგორ ვამზადებთ და ვატარებთ მათთვის კომფორტულ არჩევნებს. ჩემი და ჩვენი კოალიციის მთავარი საყრდენი სწორედ ესაა. ამასთანავე, ვილაპარაკებთ ქვეყნის განვითარების გეგმაზე უახლოესი 10 წლის განმავლობაში, იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი ქვეყანა ამ უკიდურესად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაში, სადაც მათ შორის, ჩვენი უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხი წყდება. საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, როგორი იქნება უსაფრთხოების სისტემა ამ რეგიონში, უკრაინასთან როგორი ურთიერთობა იქნება, დამარცხებული რუსეთის მერე რა იქნება, შავ ზღვას რაში ვიყენებთ და ა.შ.

- რეგიონებში რამდენად ჩანს სურვილი ხალხისგან, თავად ჩაერთოს აქტიურად არჩევნებში?

- ხალხში ჩამოყალიბებულია სურვილი და წყურვილი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და არამარტო, რომ თავად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ხმების დაცვაში. ამისთვის საჭიროა ცოდნა, რომელიც ჩვენ ყველას, პროდასავლური ფრონტიდან, გვაქვს - ვგულისხმობ აქტივისტებს, სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს. ტექნიკურ ცოდნასთან ერთად ვიცით, რა ტიპის კოორდინაცია გვჭირდება და ეს კოორდინაცია არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან.

გარდა ამისა, კარგადაა შესწავლილი, რა ტიპის მაქინაციებს აწყობს „ოცნება“ საარჩევნოდ სიებთან დაკავშირებით, სწორედ ახლა მიდის ეს პროცესი. ამას ვსწავლობთ დეტალურად, მათ შორის, პარტნიორებთან ერთად.

აუცილებლად და ძალიან მალე დაიწყება პოტენციურ გამყალბებლებზე ზეწოლა. მაგალითად, აგვისტოს ბოლოს ცესკო დანიშნავს საოლქოს თავმჯდომარეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ოლქში არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ამ ადამიანების შესახებ დეტალურად იქნება ცნობილი ყველაფერი და ამაში მონაწილეობას მიიღებენ სოფლების, რაიონების მოსახლეობა.

აუცილებლად და ძალიან მალე დაიწყება პოტენციურ გამყალბებლებზე ზეწოლა. მაგალითად, აგვისტოს ბოლოს ცესკო დანიშნავს საოლქოს თავმჯდომარეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ოლქში არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ამ ადამიანების შესახებ დეტალურად იქნება ცნობილი ყველაფერი და ამაში მონაწილეობას მიიღებენ სოფლების, რაიონების მოსახლეობა.

ზოგადად კი, ყველა სცენარი, ყველა ჩვენი ნაბიჯი არის გათვლილი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, თუ რას ჩაიფიქრებს „ოცნება“. დამოკიდებული უნდა ვიყოთ, როგორ დავიგეგმებით და როგორ მობილიზებას შევძლებთ, როგორ გვეცოდინება მათი ხრიკები, როგორ გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, როგორ ვიყოთ ბევრნი.

არსებითია, რომ მათ არ ეყოფათ მცირე მანიპულაცია. გაყალბების მასშტაბი, რომელიც მათ დაჭირდებათ, ბევრად დიდია, ვიდრე აქამდე გვინახავს. 2020 მაშინ გაყალბდა, მაგრამ გარკვეული წერტილი დაიჭირეს. ახლა განსხვავება იმდენად დიდია, რომ მათ არ ეყოფათ პატარა მანიპულაცია. ეს განაპირობა რუსულმა კანონმა – ჩამოეშალათ პროდასავლური ამომრჩეველი, ვისაც ჯერ კიდევ ქონდა ილუზია და პროპაგანდით იტყუებდა თავს, რომ „ოცნებას“ ქვეყანა დასავლური ცივილიზაციისკენ მიყავს. ამ დიდი დანაკარგის შევსება მათ პატარა მანიპულაციით არ გამოუვათ. ძალიან ხილული უნდა იყოს, რასაც გააკეთებენ და აქ მათ გამოვიჭერთ. რაც მეტი ადამიანი მოდის არჩევნებზე, მით უფრო მეტის გაყალბება უწევთ.

რაც შეეხება არჩევნებზე წამსვლელებს რეგიონებში – ძალიან დიდია ეს სურვილი და განწყობა. უდიდესი გავლენა მოახდინეს იმ ახალგაზრდებმა (და ეს უკვე ხილულია), ვინც ჩავიდნენ თავის სახლებში, ბებიებთან და ბაბუებთან. მათ ჩაიტანეს ამბავი, განწყობა. ახალგაზრდობის როლი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით აქციების დროს, უკვე ითარგმნება არჩევნებში. მათ საკუთარ თავზე აიღეს ცვლილების მისია, ძალა იგრძნეს და ამ წუთებშიც ცვლიან ვითარებას საკუთარ სოფლებში, ქალაქებში, ოჯახებში, მეზობლებში.

საზოგადოება მარტის დღეებში საკუთარი ხელით ცვლიდა ამ ქვეყანას, საკუთარი ხელით ქმნიდა საამაყო ქვეყნის იმიჯს, რაც დაინახა მთელმა მსოფლიომ და რამაც მოიტანა, მათ შორის, სანქციები. დღეს საკუთარი ხელით ცვლიან საარჩევნო გარემოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რა იქნება 27-ში? „ოცნებასთან“ მოლაპარაკებები წასვლასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა დააპიროს ხელისუფლებამ, რისი დაწერაც არ უნდა მოინდომოს, არ გამოუვა. საარჩევნო უბნებზევე წააწყდებიან ხალხის დიდ წინააღმდეგობას. საბოლოო ჯამში, თუ ყველა მოვა არჩევნებზე და თუ ვიქნებით კოორდინირებული, უბრალოდ გაყალბების რესურსიც არ ეყოფათ, არც მოძალადეების რესურსი ეყოფათ. აქციებზე ძალიან კარგად ვნახეთ და შევისწავლეთ, რა ტიპის ძალადობა იყო იქ. მათ დაჭირდათ სპეციალური ჯგუფების შექმნა, სპეციალურად მობილიზება ძალადობისთვის. პატრული და კრიმპოლიც არ იყო მზად, მასობრივად გასწორებოდნენ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის გამო. ეს ფაქტია. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ჩააცვეს სპორტსმენებს ფორმა – წინა ხაზზე იყვნენ მოძალადეები, უკან – პოლიცია, რომელიც ცდილობდა, არ მომხდარიყო რამე უბედურება. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს.

საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ მთელი პოლიცია არის რუსი და რუსების მსახური. მესმის, რომ ვიღაცას უწევს იქ მუშაობა, ვიღაც ასე პირდაპირ ვერ ტოვებს სამსახურს, მძიმე ვითარებაა, სიღარიბეა ქვეყანაში. მაგრამ მათ აქვთ მოქმედების არჩევანი ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, პოლიციის უმრავლესობა საქართველოში რუსეთზე ხელს არ მოაწერს, ეს შეუძლებელია. რაც არ უნდა მოიფიქრონ შუშის სასახლეში, ჩვენ ვანახეთ მარტის აქციებზე, რომ ამ ქვეყნის ტრაექტორიას განსაზღვრავს ხალხი და არა ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს ევროპელი პარტნიორების უახლესი შეფასებები | მარიამ მიქიაშვილი

დასავლეთი საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს | ნიკა გვარამია

ელენე ხოშტარია: ხალხის მთავარი მოთხოვნაა: შეცვალეთ!