როდესაც სპორტი სპორტზე მეტია | ვანო წერეთელი
თხრობის დაწყება ყოველთვის რთულია.
თუმცა ეს სხვა შემთხვევაა! წარმატებული გაზაფხულისა და ზაფხულის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და სპორტზე საუბრის დაწყება გამარტივდა, რაც ყველაზე მთავარია, ზუსტად იცი, რა სიტყვებით უნდა დაიწყო: „მიდის სანახავად, მიდის სანახავად!“ და მსმენელი თუ მკითხველი არ მოგაკლდება. ხოდა, ჩვენც მივიდეთ და ვნახოთ, რატომ არის სპორტი ქართველებისთვის სპორტზე მეტი?
დაწყებამდე კი ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, რა შეედრება სპორტულ წარმატებას? - დადებულ ლელოს, მოწინააღმდეგეს კალათში მოთავსებულ თუ ბადეში გახვეულ ბურთს, მოხერხებულად მოქნეულ ჰუკსა თუ აპერკოტს, ორჭიდის ჯამში დაფიქსირებულ 470 კილოგრამს, ტატამზე გაკრულ მოწინააღმდეგეს და ოლიმპიურ მედალს და თანაც 1 ბრინჯაოს, 3 ვერცხლსა და 3 ოქროს და 24-ე ადგილს 206 ქვეყანას შორის? პასუხი მარტივია - არც არაფერი და ვერც ვერაფერი!
და ფეხბურთი? 1981 წლის 13 მაისი... „დი-ნა-მო, დი-¬ნა-¬მო“... თუმცა, საბედნიეროდ!!! მხოლოდ ეს გამარჯვება აღარ არის ქართული ფეხბურთის ერთადერთი მთავარი წარმატება, ის წარსულად იქცა, რასაც აღარ მისტირის გამარჯვებას მონატრებული ქართველი გულშემატკივარი იმიტომ, რომ არსებობს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, სადაც დებიუტანტმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერვედფინალში ითამაშა, გოლიც შეაგდო და მთელი ნახევარი საათი მომავალ ჩემპიონს - ესპანეთის საოცარ ნაკრებს უგებდა. ეროვნულმა ნაკრებმა მთელი ერი დაგვარწმუნა, რომ პროფესიონალიზმს, მონდომებას და თავდადებას შეუძლია, წარუმატებლობა წარმატებით შეცვალოს და ქვეყანას ბედნიერება მოუტანოს. ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ გუნდურობით, საკუთარი თავის რწმენით და ერთმანეთის გვერდში დგომით, სწორი და მიზანმიმართული ქმედებით გამოწვეულ ცვლილებას დასახულ გამარჯვებამდე მივყავართ!
„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“... წითელჯვრიანი დროშებისა და მაისურების ტალღა.. და ფეხზე დამდგარი, აღელვებული, გამარჯვების სიხარულით ყელში ბურთმომჯდარი, ცრემლიანი და, რაც მთავარია, ერთიანი ქართველი ერი, რომელსაც ვეღარაფერი შეაჩერებს, თვით ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუც კი!!!
ვიცი, მკითხველთა ნაწილს სპორტის სხვა სახეობა უფრო უყვარს, თუმცა, ფაქტია, რომ სპორტის მეფე ფეხბურთია! მუნდიალი კი – სამყაროს მთავარი სპორტული მოვლენა! მხოლოდ ოლიმპიადა თუ შეედრება პოპულარობით, მნიშვნელობითა და მასშტაბით.
ვიცი, მკითხველთა ნაწილს სპორტის სხვა სახეობა უფრო უყვარს, თუმცა, ფაქტია, რომ სპორტის მეფე ფეხბურთია! მუნდიალი კი – სამყაროს მთავარი სპორტული მოვლენა! მხოლოდ ოლიმპიადა თუ შეედრება პოპულარობით, მნიშვნელობითა და მასშტაბით.
ხალხი მეთორმეტე მოთამაშე ხდება!!!
ხშირად სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი სპორტზე მეტია! მე არ შეგაწყენთ თავს საფეხბურთო ტაქტიკების განხილვითა და წმინდა სპორტული ახსნებით. ეს საკითხი ჩემზე კომპეტენტური ადამიანებისთვის დამითმია. მე იმას მოგიყვებით, რაც ჩემი საქმეა, იმას შეგახსენებთ, რატომ ეხმარება სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი ეროვნული იდენტობის შექმნას და რატომ გახდა 1981-ში კოტე მახარაძის ნათქვამი სიტყვები და 2024-ში გიგა გვენცაძის „მიდის სანახავად“ ეროვნული სულისკვეთების გამოხატულება. ჩვენ გვიხაროდა არა მხოლოდ გამარჯვება, ასევე გვიხაროდა, რომ მთელი საფეხბურთო სამყარო გვაქებდა, აქებდა როგორც ფეხბურთელებს, ასევე გვაქებდა ქომაგებსაც, რადგან ფეხბურთის გუნდი მხოლოდ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი არ არის, ფეხბურთის გუნდი ის იდენტობა თუ ერთობაა, რომლის ნაწილს ხალხიც წარმოადგენს, ხალხი, რომელიც ტრიბუნებზე ზის და ისიც, ვინც ქალაქის ქუჩებსა და სკვერებიდან ან სახლში ტელევიზორის ეკრანებიდან ქომაგობს ნაკრებს, ჰიმნის მოსმენისას ფეხზე დგას და ყველა ნიუანსზე გულის ექოსკოპიასავით მგრძნობიარეა.
როგორც ყველაფერს, ფეხბურთსაც აქვს ისტორია. ქართული ფეხბურთის დაბადება მეზღვაურ ინგლისელებთან და საპორტო ქალაქებთანაა დაკავშირებული, ეს ამბავი ხომ მშვენივრადაა ნაჩვენები შესანიშნავ მხატვრულ ფილმში. 1918-1921 წლების დამოუკიდებელ საქართელოში 100-ზე მეტი საფეხბურთო გუნდი არსებობდა. პრფესიული ფეხბურთის განვითარება კი საქართველოში საბჭოთა პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა იმპერიის ტყვეობამ მიანიჭა სწორედ ფეხბურთს ეროვნული სულისკვეთება, რადგან სპორტული, განსაკუთრებით საფეხბურთო მოედნები და სტადიონები, მხოლოდ სპორტული ჟინის და გამარჯვებისკენ სწრაფვის გამოხატულებად კი არა, ეროვნული გრძნობების გამოხატვისა და მუხტის შექმნის შესაძლებლობად იქცა. აი, რას წერს პოლიტიკის დოქტორი, ფეხბურთის მცოდნე და გულშემატკივარი ნინო სამხარაძე სამეცნიერო კვლევაში: „საბჭოთა მმართველობის პირობებში ფეხბურთი გახდა ეროვნული თვითშეგნების გამოხატვის სივრცე, რის შედეგადაც მასების მობილიზაციის ხელშეწყობის გზით გავლენა იქონია ქართული ნაციონალიზმის გაღვივებაზე“, რადგანაც ჯერ ცარისტული რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიების მმართველობის პირობებში თავისუფლება შეზღუდული იყო და ეროვნულ ინტერესებზე საუბარი დანაშაულად ითვლებოდა, ნაციონალისტური ემოციების გამოხატვის საშუალებად სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი იქცა.
ნაციონალიზმი ერის ცნებასთან არის კავშირში. ერთი საინტერესო ამბავია, სანამ რაღაცის შესახებ კითხვას დასვამ, თითქოს მისი მნიშვნელობა იცი, აი, კითხვას რომ დასვამ, აღმოაჩენ, რომ ზუსტი განმარტება რთული სათქმელია. ქართული ფილმი „სხვისი შვილები“ თუ გახსოვთ? შვილი ეკითხება მამას – მამა, მთა რა არის? და მამას უჭირს განმარტება. უხერხული სიცილით მხოლოდ ხელის მოძრაობით აჩევნებს შვილს რა არის მთა.
ხოდა, რა არის ერი? რა არის ქართველი ერი? აი, კითხვა, რომლის პასუხიც მანამდე გგონია მარტივი, სანამ ამ კითხვას დასვამ, მერე კი რთულდება. ხოდა, აი, ქართველი ერი ისაა, ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქომაგობს უპირობოდ. არ არსებობს ქართველი, ვისაც „დინამო, დინამო“ და „მიდს სანახავად“ ჟრუანტელს არ გვრის, მიუხედავად იმისა, ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა, ან სულაც ზოგადად სპორტი უყვარს თუ არა. ქართველის წარმატებამ დაგვაწყებინა ქართველებს სუმოს ყურება, აბა მანამდე საერთოდ არც კი ვაქცევდით ყურადღებას ორი თითქმის შიშველი მსუქანი კაცის ორთაბრძოლას, რაც, მოდი ნუ დავმალავთ და, სულაც არ არის საცქერლად საამო.
საქართველოში ფეხბურთის წარმატების სახელი „დინამო“ იყო. რეალურად, საბჭოთა პერიოდში, თბილისის „დინამო“ საქართველოს ეროვნული ნაკრებს წარმოადგენდა. საქართველოში დაბადებული საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ „დინამოში“ იყრიდნენ თავს. ბევრი მათგანი 15 რესპუბლიკისგან შემდგარი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ერთად თამაშობდა და კაპიტნობდა კიდეც, რაც მოგეხსენებათ, სპორტის საბჭოთა პოლიტიკის ფარგლებში დიდი აღიარებაა.
სპორტული ჟურნალისტი თენგიზ გაჩეჩილაზე ნინო სამხარაძესთან ინტერვიუში იხსენებს, „დინამო“ იყო გუნდი, რომლის ირგვლივ ვტრიალებდით ყველა და ჩვენი ემოციები გადართული იყო თბილისის „დინამოზე“, იმიტომ რომ თბილისის „დინამო“ იყო არა მხოლოდ საფეხბურთო გუნდი, არამედ ეს იყო ეროვნული გამოხატულებაც. იქ ნაციონალური სულისკვეთებაც იყო, ეროვნული ტრადიციებიც იდო, ჩვენი ხალხის ხასიათიც იდო, ყველაფერს განასახიერებდა ეს გუნდი და ამას ხალხი კარგად გრძნობდა“.
საფეხბურთო გუნდის მთავარი ნაწილია სტადიონი. სტადიონი მხოლოდ შენობა არაა, „დინამოს“ სტადიონი ქართველებს ისევ უყვართ, როგორც საკრალური ადგილი. იმიტომ, რომ ეს არის ისტორიის საცავი, მეხსიერების ადგილი, რომელთანაც დაკავშირებულია ემოციები, წაგებისა და მოგების ხიბლი. „დინამოს“ სტადიონი თბილისის იდენტობის და ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. არსებობს ნაგებობათა ნაწილი, რომელიც ქმნის თბილისის სახეს, სულს – ნარიყალას ციხე, დარეჯანის სასახლე, აბანოები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, თბილისის საკრებულოს შენობა, კაზარიანცის სახლი, ფილარმონია, საქართველოს ბანკის შენობა, თიბისის სათაო ოფისი, მოსწავლე¬-ახალგაზრდობის სახლი, პირველი გიმნაზია, სპორტის სასახლე და მათ შორისაა „დინამოს“ სტადიონი – ეს შენიობები და კიდევ ბევრი მათგანი მხოლოდ შენობები არაა, ის ქართული კულტურის ტრადიციაა, ისინი საკრალურ ადგილებს წარმოადგენენ, თავისი სული აქვს და ისტორიას ინახავენ.
„დინამოს“ სტადიონი ქართული ფეხბურთის ისტორიაა, საქართველოს ისოტორიაა!
და ვიღაცას უნდა, რომ ეს ასე აღარ იყოს! დიდი გამარჯვების შემდეგ ქართველი გულშემატკივარი ელოდება საკუთარი გუნდის ხილვას საკუთარ სტადიონზე. 7 სექტემბერს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ვუპირისპირდებით ერთა ლიგის ფარგლებში და უცბად ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ “დინამოს” სტადიონი თითქოს ამორტიზებულია. არადა, „დინამოს“ სტადიონის ამორტიზების შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2023 წლის უეფას ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა. „დინამო არენაზე“ გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი¬-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩები (საბერძნეთთან). მეტიც, 16 ივნისს სტადიონზე ჩატარდა Black Eyed Peas-ის კონცერტიც. თუ ამორტიზირებულია, რატომ ჩატარდა ეს ღონისძიებები, ან სად არის დასკვნა, რატომ არ ტარდება ექსპერტიზა? რატომ არ საუბრობენა ამ საკითხზე კომპეტენტური ადამიანები?
კითხვა ჩნდება.
ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი იმას, რომ „დინამოს“ მეპატორნე დაუპირისპირდა „რუსულ კანონს“, ხომ არ არის ისე, რომ ჩვენ, გულშემატკივრები ვისჯებით იმიტომ, რომ დამოუკიდებელო ბიზნესმენი არ ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, არ უქნევს თავს ქვეყნის დასვლური კურსის ცვლილებას?
ფაქტია, რომ „დინამოსთან“ დაკავშირებით პრობლემებზე საუბარი სწორედ ამ განცხადებების შემდეგ დაიწყო, ფაქტია, რომ პოლიტიკური ფაქტორი და დაპირისპირება წყვეტს იმას, რომ ქომაგთა უმრავლესობა ვერ დაესწრება საყვარელი, გამარჯვებული გუნდის თამაშს.არადა ქომაგი მეთორმეტე მოთამაშეა!
ხელისუფლებას ქომაგები მაკედონიასთან ავადსახსენებელ თამაშზე რომ დაეშვა, შეიძლება ევროპის ჩემპიონატის წინა გათამაშებაზეც გვეთამაშა.
მაგრამ ხელისუფლებას არ აინტერესებს ეს! მისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და მზადაა, “დინამოს” სტადიონიც კი შესწიროს ამას!
წინ დიდი თამაშები გვაქვს! ბევრი გამარჯვება გველოდება! მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ! ჩვენთვის, ქართველებისთვის, ფეხბურთი სპორტზე მეტია!
„დინამოს“ სტადიონს არ დავთმობთ.
წარმატება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!