ჩვენი ხედვა
ჩვენი სამშობლო რეალური ცვლილებების ზღურბლზე დგას. ისე, როგორც არასდროს, დღეს ქართველი ხალხი არის ერთიანი, მიზანდასახული და მტკიცე საკუთარ არჩევანში. საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს, რისი გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ გვჯერა ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანის, ჩვენ ვიცით ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი: ევროპა - ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტი!
კოალიციური და არა ერთპარტიული მმართველობა არის გზა რეალური ცვლილებებისკენ.
ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უარს ეუბნება ‘’ქართულ ოცნებას’’ და ირჩევს გზას წინ, მომავლისკენ, ირჩევს არა უბრალოდ მმართველი ძალის ჩანაცვლებას, არამედ ფუნდამენტურ და ხელშესახებ ცვლილებებს.
ირჩევს:
● ცვლილებას, რომელიც შექმნის ისეთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელიც იქნება წარმატებისა და ბედნიერების წინაპირობა ყველასთვის;
● ცვლილებას, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას მისცემს შესაძლებლობას, განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს საკუთარ სამშობლოში;
● ცვლილებას, რომელიც დააბრუნებს ემიგრანტებს და გააერთიანებს ქართულ ოჯახებს.
რას მოგვიტანს ცვლილება:
● ევროკავშირის პასპორტს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის - 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და მივიღებთ გარანტირებულ კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას;
● ევროპული ხარისხის განათლებას, ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობას;
● ევროპული დონის ეკონომიკას, სოციალური დაცვის პროგრამებს, შემოსავალსა და პენსიას;
● ევროპული ტიპის მდიდარ და ძლიერ რეგიონებს, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი თავად განკარგავს საკუთარ მომავალს, შემოსავალს, მიწას, ტყესა და სხვა რესურსებს.
26 ოქტომბრიდან ჩვენ შევძლებთ:
● შევასრულოთ პრეზიდენტის „ქართული ქარტია“ - ავირჩიოთ არაპარტიული პრემიერმინისტრი, შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო, გავაუქმოთ სუს-ი და პოლიცია ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში.
● მყისიერად დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
● დავუბრუნოთ საქართველოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის ისტორიულ-კულტურული როლი - საქართველო გახდება რეგიონის ფინანსური და ეკონომიკური ჰაბი.
● გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ქართული პროდუქცია თავისუფლად გავა ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზარზე (მოსახლეობა 800 მილიონი).
● უზრუნველვყოთ ხარისხიანი განათლება - ცოდნის ყულაბა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული განათლება საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტის ჩათვლით.
● გავაორმაგოთ ეკონომიკა - მნიშვნელოვნად გაიზრდება ოჯახების შემოსავალი.
● ჩვენი სამშობლო გავხადოთ ევროკავშირის წევრი, სადაც არასდროს ყოფილა სამხედრო კონფლიქტი.