გამარჯვების რიცხვი | ირინა ცინცაძე
ნუმეროლოგიის მიხედვით, ჩემი რიცხვი 4-ია. მარტივი გამოთვლებით, დაბადების რიცხვის, თვისა და წლის ციფრების შეკრებით მივიღე ეს რიცხვი (არც იოცნებოთ, ჩემი დაბადების დღეს, თვეს და განსაკუთრებით წელს არასოდეს გეტყვით) და გავოცდი. მაგარია!
ნუმეროლოგია რა ხილია? ნუმეროლოგიის მიხედვით, სამყაროში მომხდარი ყველა ფენომენი დაკავშირებულია და დაფუძნებულია რიცხვებზე. ნუმეროლოგებს სჯერათ, რომ თითოეული რიცხვი არ არის მხოლოდ რიცხვი ან რიცხვების კომბინაცია, არამედ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ და კონსტანტურ/მუდმივ ენერგიას. ნუმეროლოგიამ მოძღვრების ფორმა ძველ ეგვიპტეში მრავალი ათასი წლის წინ შეიძინა; ეგვიპტელმა ქურუმებმა, პირველებმა, შეიმუშავეს რიცხვითი სისტემა, რომელიც აჩვენებდა კორელაციას/კავშირს ადამიანის თვისებებსა და გარკვეულ რიცხვებს შორის. შემგედ ნუმეროლოგია ძველმა ბერძნებმა, კერძოდ პითაგორამ განავითარა. მან პირველმა გამოიყენა მათემატიკური პრინციპები და, უპირველეს ყოვლისა, კვადრატის ჰარმონია. რიცხვების მაგია, მათი მნიშვნელობა და მათი ინტერპრეტაცია საუკუნეების მანძილზე საგულდაგულოდ იყო დაფარული ცნობისმოყვარე თვალებისგან და გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
მოკლედ, როგორც გითხარით, ჩემი რიცხვია 4 და კლასიკურ ნუმეროლოგიურ სისტემაში ოთხი ასოცირდება ძლიერ, საიმედო საფუძველთან, მყარი ნიადაგის განცდასთან, სტაბილურობასთან და მკაფიოობასთან. ეზოთერიკაში 4 ასოცირდება ოთხი მიმართულების (ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი) და ელემენტების (მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი) რაოდენობასთან.
ნუმეროლოგიაში 4 ატარებს მშენებლობის, მართვისა და წესრიგის კონსტრუქციულ ენერგიას. თუ ადამიანი ყოველდღიურობაში, პერიოდულად, აწყდება რიცხვს 4, ცხოვრობს მეოთხე სართულზე, ან ბინაში ნომერი ოთხი ან მანქანის ნომრის რიცხვების შეკრებით იღებს ოთხიანს ან სწავლობდა ნომერ მეოთხე სკოლაში და ა.შ. ის ყოველთვის არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ. თქვენმა პირადმა მფარველმა ანგელოზმა იცის, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა, ნება და გამბედაობა, შეასრულოთ ის მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ახლა თქვენს წინაშე დგას. დიახ, თქვენი სანუკვარი ოცნებები ჯადოსნურად არ ახდება, თქვენ მოგიწევთ დიდი შრომა, რათა მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ შედეგი იქნება სრულიად გამაოგნებელი.
რიცხვი ოთხი არის ოთხი ელემენტის ერთიანობის სიმბოლო. ამ რიცხვს აქვს ყველაზე დაბალანსებული ენერგია, რომელიც გადმოსცემს სიმშვიდეს, წესრიგს და შინაგან ჰარმონიას. როგორც ყველა ფილოსოფიური პრინციპის საფუძველი, ოთხეული/ოთხი/ოთხიანი უზრუნველყოფს წარმატების მიღწევას გონებრივ, სულიერ და ემოციურ დონეზე.
ოთხიანს მართავს ურანი, პლანეტა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ექსტრასენსორულ შესაძლებლობებზე და ინტუიციაზე. ეს რიცხი საშუალებას გაძლევთ, შეხედოთ ცხოვრებას განსხვავებული კუთხით. ნუმეროლოგები ოთხს აღწერენ, როგორც წესრიგის, მთლიანობის, ორგანიზებულობის საფუძველს, რიცხვი ოთხი მიისწრაფის კვადრატული ფორმისკენ, რაც სტაბილურობის სიმბოლოა.
ოთხეულის წმინდა მნიშვნელობა არის ის, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დაუმთავრებელ ფენომენს მიანიჭოს დასრულებული ფორმა, შეავსოს იგი წარმატებით და გამარჯვების ძლიერი ნებით. რიცხვი ხელს უწყობს სულის განვითარებას და ასხივებს სიმართლეს. ოთხეულის მთავარი მისტიკური კომპონენტი მოქმედების წესრიგი და სისრულეა.
ოთხის ეგიდით დაბადებული ადამიანები, ისევე როგორც თავად რიცხვი, გამოირჩევიან სიმტკიცით და შეუპოვრობით. ისინი ყოველთვის ასრულებენ დაწყებულ საქმეს, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა მიისწრაფიან დასახული მიზნისკენ და, რაც მთავარია, ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რიცხვსა და ფერს შორის რამე კორელაცია არსებობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს! გამოცდაზე, მიუხედავად იმისა, ვიცოდი თუ არ ვიცოდი საგანი, მწვანე ტანსაცმლით თუ გამოვცხადდებოდი, აუცილებლად ძალიან კარგ ნიშანს ვიღებდი. გარკვეული დროსი მერე აღმოვაჩინე, რომ მწვანე ფერი კიდევ უფრო ამძაფრებს იმ თვისებებს, რომლებიც ოთხიანის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ. მოკლედ, ახალგაზრდებო, თუ გინდათ კარგი ნიშნის მიღება და თქვენი ნუმეროლოგიური ნიშანი ოთხია, ჩაიცვით მწვანე და თამამად წადით გამოცდის ჩასაბარებლად! იდეაში, გარკვეული ცოდნის მიღებაც და ერთი-ორი წიგნის წაკითხვაც არ გაწყენდათ... ეფექტის გასაძლიერებლად.
ბედის ნომერი 4 დამახასიათებელია ნოვატორებისა და რეფორმატორებისთვის. მათი უმეტესობა ვიზიონერია, აქვთ სამყაროს, მოვლენების და რეალობის სრულიად განსხვავებული აღქმა. ოთხთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არ ეთანხმებიან სოციალურ წესრიგს და არ ეშინიათ არსებული რეალობის ცვლილებისათვის აქტიური ქმედებების განხორციელება. მათ აქვთ ენერგია მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და მყარი პოზიციების დასაკავებლად.
ოთხიანებისათავის მორალურ ნორმებსა და პრინციპებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ოთხიანებისთვის დამახასიათებელია სტაბილური, პედანტური და მტკიცე ნება ცვლილების მისაღწევად.
ოთხები, ნუმეროლოგიაში, ყველა რიცხვს შორის ყველაზე გამძლე და საიმედოა. ოთხიანები ყველაზე კარგი კომპანიონები არიან ახალ წამოწყებებში და უკვე მიღწეულის შენარჩუნებაში. ნომერი 4 სტაბილურობისა და გამძლეობის სინონიმია, ეს რიცხვი მყარი და სამართლიანია.
ამ პლანეტაზე ბევრი რამ არის დაკავშირებული რიცხვ 4-თან. კერძოდ:
• ოთხი სეზონი;
• ოთხი მიმართულება;
• ოთხი ელემენტი;
• ყოველი მეოთხე წელი ნაკიანია;
• დღე-ღამის ოთხი პერიოდი: დილა, შუადღე, საღამო, ღამე;
• ცხოვრების ოთხი პერიოდი (ბავშვობა, მოზარდობა, სიმწიფე და სიბერე);
• ყოველ თვეს აქვს ოთხი კვირა.
ქრისტიანობაში რიცხვი ოთხი ჩანს ლოცვაში. "ამინ" არის ბოლო სიტყვა - მოქმედებს როგორც მეოთხე ელემენტი, რომელიც ამთავრებს წმინდა სიტყვას. ეს ანიჭებს ლოცვას მატერიალურობას და მნიშვნელობას. ოთხი არის რიცხვი, რომელიც ხელს უწყობს საგნების განვითარებას, აძლევს მათ რეალურობა/ხელშესახობას, საფუძველს.
ახლა რომ გითხრათ, მე ყველა ეს თვისება მახასიეთებსო, ვერ გეტყვით, თუმცა მას მერე, რაც ჩემი ნუმეროლოგიური მფარველის, ოთხი ნომრის შესახებ შევიტყე, ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიმუშაო და გავაძლიერო ჩემში ამ ცხოვრების შეცვლის სტაბილური, მიზანმიართული, ჯიუტი და მტკიცე ნება მიზნის მისაღწევად.
მოკლედ, მოგიწოდებთ ეძიოთ და ჰპოვოთ ოთხიანი თქვენს ცხოვრებაში, რათა აქტიურად იბრძოლოთ და, რაც მთავარია, დაიცვათ ცვლილება.