photo

დასავლეთი საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს | ნიკა გვარამია

მაშინ, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილის ყურადღება მიპყრობილია საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ ჯორჯიის შტატზე, დემოკრატიისთვის კიდევ ერთი ბრძოლა იმართება ჯორჯიიდან 6000 მილით დაშორებულ საქართველოში.

მდიდარი მრავალფეროვანი კულტურითა და განათლებული, ამბიციური ახალაგაზრდობით სავსე ჩვენი ქვეყანა მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. იმპერიები ჩვენი მიწისათვის საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ. დღეს, საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრო-ევროპული და პრო-ამერიკული ქვეყანა. ჩვენი მორალური და ინტელექტუალური კომპასები მყარად არიან მიმართული დასავლეთისაკენ და გამოკითხვები მუდმივად აფიქსირებენ, რომ მოსახლეობის 80% თავის მომავალს დასავლეთის, ნატოსა და ევროკავშირის ნაწილად ხედავს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ საბჭოთა დროის სიბნელეც ვიგემეთ და, როგორი ნაკლოვანიც არ უნდა იყოს ჩვენი დემოკრატია, ასევე გავუგეთ გემო თავისუფლების ხილს.

სამწუხაროდ, დღევანდელმა მთავრობამ, „ქართულმა ოცნებამ“, უფრო ბნელი გზა აირჩია.

უკანასკნელ წლებში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან დასაახლოებლად არჩეული ქართული ოცნება იქცა რუსეთისაკენ შეტრიალებულ კოშმარად, რომელიც ირჩევს ავტორიტარიზმს, სახელმწიფო ძალადობასა და პოლიტიკურ ჩაგვრას.

მათი ყველაზე ცნობილი ნაბიჯი მთავრობის მიერ „უცხოელი აგენტების კანონის“ მიღების მცდელობა იყო. პუტინისტური ბუნების გამო „რუსულ კანონად“ ცნობილი კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის ჩახშობის უხეში მცდელობაა, რომელმაც ქვეყნის შიგნით მასობრივი პროტესტი, ხოლო მსოფლიოს დემოკრატიული სამყაროსგან ერთობლივი დაგმობა გამოიწვია.

ახლა მთავრობამ ნიღაბი უკვე საბოლოოდ ჩამოიხსნა. გასულ თვეში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავხედურად განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობა ოპოზიციური პარტიების მთელ ჯგუფს გააუქმებს, ფაქტობრივად გამოაცხადებს ერთპარტიულ მმართველობას და დაუბრუნდება საბჭოთა ეპოქას.

თუკი ასე გაგრძელდება, ჩვენ გველის მომავალი, რომელშიც ჯეფერსონისეული დემოკრატიის მსურველი თავისუფლების მოყვარე ხალხი მიიღებს მთავრობას, რომელიც ბევრად უფრო მოგვაგონებს მოსკოვსა და მინსკს, ვიდრე ვაშინგტონსა და ბრიუსელს.

როგორც ადამიანს, რომელმაც ციხეში 400 დღეზე მეტი გაატარა ამ მთავრობის ხელში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით, ასეთი ავტორიტარიზმის ნამდვილი საფრთხეები ძალიან კარგად მესმის. ჩვენი მედია ქსელისა და ჩემი საჯარო პოზიცია მმართველი პარტიის რუსეთთან სიახლოვის შესახებ, როგორც ჩანს, მათთვის აუტანელი აღმოჩნდა. ჩემი პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი გაკვეთილი იყო, ჩვენი ერისთვის მხოლოდ ავისმომასწავებელი ნიშანი გამოდგა.

„ქართული ოცნების“ კარგად დაფინანსებული კამპანია სხვა არაფერია თუ არა ორველიანური მოვლენა. ის აფიშირებს ევროპულ დროშას რუსეთთან მოკალათების ფონზე. მისი კანდიდატები საუბრობენ ნათელ მომავალზე დაშინების კამპანიის პარალელურად. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციისათვის მიცემული ხმა, სინამდვილეში ბუნდოვანი „გლობალური ომის პარტიისათვის“ მიცემული ხმაა. ასეთი, განტევების ვაცად გამოსაყენებელი კონსპირაციული თეორიები, რა თქმა უნდა, მკითხველისთვის ახალი არაა: ეს ავტორიტარული პიესა მთელს მსოფლიოში უკვე არაერთხელაა დადგმული.

თუმცა ჯერ არაფერია განწირული.

რაც არ უნდა ბნელ მომავალს უმზადებდეს მმართველი ძალა საქართველოს, ხალხს საერთოდ სხვა გეგმები აქვს. ყველა სანდო გამოკითხვა ცხადყოფს, რომ 26 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე ოპოზიცია დიდი უპირატესობით იმარჯვებს. იმ საპროტესტო მოძრაობის სული, რომელმაც პატრიოტი და ამაყი ქართველები ქუჩაში გამოიყვანა, კვლავ ცოცხალი და ძლიერია. არსებობს რეალური აღქმა იმისა, რომ ვიმყოფებით გზაგასაყარზე და შეგვიძლია ჩვენი ბედისწერის კონტროლი დავიბრუნოთ.

რათა ქართველი ხალხისთვის ნათელი მომავლის გარანტირება მოვახერხოთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება მართლაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის უზრუნველსაყოფად.

სულ ახლახან, ჩემს კოლეგას „კოალიცია ცვლილებისათვის“-დან, ნიკა მელიას ფიზიკურად დაესხნენ თავს წინასაარჩევნო შეხვედრისას. ჩვენი რეგიონული ბილბორდებიც არაერთხელ დააზიანეს, მუქარისა და დაშინების გზავნილებით დაფარეს. მაგრამ საფრთხეები ამ არჩევნების შემთხვევაში ბევრად უფრო ცდება უბრალო კამპანიური რისკებსა და საარჩევნო ყუთს.

ქართველებს სწამთ, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა, მაგრამ მაინც ბევრს სჯერა, რომ ეს არჩევნები გაყალბდება და რომ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და თავისუფლების მოყვარე დემოკრატიებს მთელს მსოფლიოში, დაგვიდგნენ გვერდში ამ კრიტიკულ დროს, დაგვეხმარონ დავიცვათ ხმები, დაგვეხმარონ უზრუნველვყოთ უფრო ნათელი, უფრო თავისუფალი, ევროპული მომავალი ქართველი ხალხისთვის, გავაძლიეროთ დემოკრატია რეგიონში და კიდევ ერთი მარცხი ვაგემოთ ვლადიმერ პუტინსა და მის ავტორიტარ მოკავშირეებს.

17 სექტემბერს ნიკა გვარამიას ეს წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემაში, The Hill, დაიბეჭდა.

საქართველოს ევროპელი პარტნიორების უახლესი შეფასებები | მარიამ მიქიაშვილი

თუკი ბაობაბი გიხმება | ირინა ცინცაძე

ამერიკა - შესაძლებლობები, გაძლიერება და განვითარება | სანდრო წერეთელი