photo

უპერსპექტივობის 12 წელი | გიორგი თარგამაძე

წლებია, საქართველოში ადამიანები სიღატაკისგან, უიმედობისგან, უპერსპექტივობისგან, კორუფციისა და ნეპოტიზმით შექმნილი გაუსაძლისი გარემოსგან და ზოგადად, მინიმალური საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იტანჯებიან.

ქართულმა ოცნებამ დაგვაკარგვინა უძვირფასესი წლები. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება გამუდმებით თავს იწონებს მაღალი ეკონომიკური ზრდითა და სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებით, პარალელურად, არსებობს მეორე რეალობაც, რომელშიც დაახლოებით 670 ათასი ადამიანი ყოველთვიურად სოციალურ შემწეობას იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტია. სამწუხაროდ, გაცილებით მაღალია სოციალური დახმარების მიღების მსურველთა დარეგისტრირებული რაოდენობა, რომელიც მილიონს აჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თითქმის ყოველი მესამე ადამიანს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.

ამ განწყობას ასახავს სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც, სადაც ნათქვამია, რომ ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფულიც კი არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის გათვალისწინებით, სრულიად ცხადია, რომ ამავე კვლევებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.

შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე არსებულმა მაღალმა ფასებმა, უზარმაზარმა კომუნალურმა გადასახადებმა, უპერსპექტივობამ და ქვეყნის ყველაზე ქმედითუნარიანი მოქალაქეებისგან დაცლის პოლიტიკამ, ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქეს დააკარგვინა ჯანმრთელობა, ბევრს სიცოცხლე და ბევრსაც საკუთარ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ ხდება ქვეყნიდან მოსახლეობის ყველაზე წარმატებული და ნიჭიერი ნაწილის პერმანენტული გადინება. სტატისტიკურ მონაცემებშიც კარგად ჩანს, თუ რამდენად ბევრი ადამიანია ქვეყნიდან გასული და თუ რამდენად ჯოჯოხეთურად შრომობენ ისინი საკუთარი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის სანაცვლოდ იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს შეუქმნან ცხოვრების ელემენტარული პირობები.

საქსტატის მონაცემებით, 2021-2023 წლებში 344 633 საქართველოს მოქალაქეს მოუწია ქვეყნის დატოვება. ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების (ქვეყანაში დაბრუნებული) რიცხვმა 185 827 შეადგინა. ანუ, ბოლო 3 წელიწადში მიგრაციულმა სალდომ (სხვაობამ ქვეყნიდან წასულ და დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის), საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, 158 806 ათასი ადამიანი, ხოლო,

2012- 2023 წლებში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ ჯამში 316 550 მოქალაქე შეადგინა.

ყველამ ვიცით უამრავი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ითვლიან ემიგრაციაში წასული ქართველები უსამშობლოდ გატარებულ წლებს, მაგრამ ჯერაც არ იციან, თუ როდის დაბრუნდებიან შინ. კვირაში მხოლოდ ერთი დღე ისვენებენ და ყველაზე ბედნიერები მაშინ არიან, როცა მთელი თვის ხელფასს უგზავნიან ოჯახებს. ყოველ დღე თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში შეგვიძლია ვნახოთ ტრაგიკული სურათები იმისა, თუ როგორ ეყრებიან დედები შვილებს, ქმრები - ცოლებს, დები - ძმებს...

ამ მასობრივი ემიგრაციის პარალელურად საქართველო ერთ-ერთი ჩემპიონია იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ქვეყნის ეკონომიკის დიდი წილი უცხოეთიდან პირად გადმორიცხვებს უჭირავს. 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2.35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (ქვეყანაში შექმნილი მთლიანი სიმდიდრის) 13 პროცენტი იყო. 2022 წელს ფულადმა გზავნილებმა უკვე დაახლოებით 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 16 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო 2023 წელს ფულადმა გზავნილებმა უკვე 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196 პროცენტით გაიზარდა (1.48 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე), რაც ხალხის გაღარიბების და ამის გამო ემიგრაციაში წასულთა რიცხვის ზრდის ბრალია.

ამასთან, ჯერ კიდევ 2020 წელს საქართველომ 23-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფულადი გზავნილების მშპ-სთან თანაფარდობით (უცხოეთიდან გადმორიცხვების წილი მთლიანად ქვეყანაში შექმნილი სიმდიდრესთან), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კი, მოლდოვის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა. გარდა დასავლეთში მომუშავე ქართველების მიერ სამშობლოში გადმორიცხული თანხებისა, დასავლეთს ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში. მაგალითად, რომ არა მათი მძლავრი ფინანსური თანადგომა, ბოლო ათ წელიწადში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი უბრალოდ ვერ შედგებოდა.

11 წლის განმავლობაში უცხოური კრედიტებისა და გრანტების სახით საქართველომ 26.5 მილიარდი ლარი მიიღო, რაც ქვეყნის წლევანდელ ბიუჯეტზე უფრო დიდი თანხაა. უფრო კონკრეტულად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაში უცხოური გრანტებისა და კრედიტების წილი ფაქტობრივად ნახევარს, დაახლოებით 47 პროცენტს აღწევს. ხოლო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში უცხოური ფულადი სახსრების წილი კიდევ უფრო მაღალია და 65 პროცენტს შეადგენს. გამოდის, რომ ისედაც არაფერი კეთდება, ხოლო თუკი რამე კეთდება, ისიც უცხოელების ძალისხმევითა და დაფინანსებით.

ამ ყველაფერთან ერთად, თუ გადავავლებთ თვალს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებს, აღმოვაჩენთ, რომ მონაცემები გაუარესებულია. ყველასთვის აშკარაა, რომ ქვეყანაში უდიდესი პრობლემა უმუშევრობა და დაბალი ხელფასებია. დღეს ქვეყანაში სულ დასაქმებულია 1.4 მილიონი ადამიანი, თუმცა, მათ შორის დაახლოებით 350 ათასი საჯარო სექტორში მუშაობს და ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს. თუკი ამას გამოვაკლებთ ძალიან დაბალი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობას, გამოვა, რომ ქვეყანაში მაქსიმუმ მილიონამდეა ისეთი ადამიანის რიცხვი, რომელიც რეალურ სიმდიდრეს ქმნის.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული დასაქმებული ადამიანი, საკუთარი თავის გარდა, დამატებით 3 ადამიანს არჩენს. ასე რომ, რა სტატისტიკასაც არ უნდა აქვეყნებდეს ქართული ოცნება და როგორც არ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა მანიპულაციებით წარმოაჩინოს, თითქოს უმუშევრობა მცირდება ქვეყანაში, ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს და სწორედ ამიტომ ცდილობს ემიგრაციაში დააღწიოს თავი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს.

ქართული ოცნების გამოქვეყნებულ სტატისტიკაშიც კი უმუშევრობის დონე 14 პროცენტია, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობა საშუალოდ დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენს. თანაც, ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო ხელფასი დაახლოებით სამი ათასი ევროა, რაც საქართველოზე 7 ათასი ლარით მეტია. ხელფასის გარდა, ასევე ძალიან განსხვავდება ევროპელი მოხუცის პენსიის მოცულობა, რომელიც დაახლოებით 13-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქართველი მოხუცის პენსია და საშუალოდ 1600 ევროს შეადგენს.

სხვა დიდი პრობლემაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთაც ახალი სამუშაო ადგილების გარდა, ქვეყანაში შემოაქვს დასავლური ცოდნა და განვითარება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა პოზიტიურად აისახება პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე დასავლურ ქვეყნებთან და სწორედ ამგვარ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ინვესტიციების დათვლის ყველაზე გამართული მეთოდი მისი ეკონომიკასთან თანაფარდობაა. 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ, ეს მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო, თუმცა 2023 წელს მკვეთრად შემცირდა და 5 პროცენტზე ჩამოვიდა. კიდევ უფრო უარესი 2024 წლის მაჩვენებელია: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საშუალოდ ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად დაახლოებით 30 ათასი დოლარის ინვესტიციაა საჭირო, ადვილად მივხვდებით, რომ ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციებით, ქვეყანა ჩვენს სიცოცხლეში ვერაფრით მოახერხებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოების შექმნას. საქართველოში ასევე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ფასების სწრაფი ზრდა, ფულის გაუფასურება, ანუ ინფლაცია, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში და ჯამში 189 პროცენტს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ 2004 წელს 100 ლარად საშუალოდ საქართველოს ერთ მოქალაქეს რა პროდუქტების შეძენაც შეეძლო, 2023 წელს, იმავე პროდუქტების შესაძენად, უკვე 289 ლარი სჭირდებოდა. რა თანხითაც, პირობითად, 2004 წელს ერთ კილოგრამ წიწიბურას შეიძენდა, იგივე თანხად 2023 წელს მხოლოდ 300 გრამიღა მოუვიდოდა.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ რეალობისა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. სწორედ ამიტომ, ვერ ვიცხოვრებთ უკეთ, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩება. სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გამოწვეულია ყველა ის პრობლემა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. არადა, საქართველოს აქვს შანსი, იყოს რეგიონის ნამდვილი ლიდერი ქვეყანა, რადგან რუკაზე თვალის ერთი გადავლებითაც კი აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს გარშემო ძალიან დიდ ტერიტორიაზე არსებული ქვეყნების უზარმაზარი ეკონომიკებიდან გასასვლელად კაპიტალი მუდმივად ეძებს სტაბილურ და პოლიტიკურად დემოკრატიულ გარემოს.

მაგალითად, შუა აზიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და ბევრი სხვა სახელმწიფოდან პოტენციური ინვესტორები გამუდმებით ეძებენ მათთვის ხელსაყრელ გარემოს, ფულისა და საკუთარი კაპიტალის დასაბანდებლად. ამას ემატება უზარმაზარი ფინანსური რესურსის მქონე ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ეკონომიკები, საიდანაც პოტენციური ინვესტორები სიამოვნებით დააბანდებდნენ ისეთ ქვეყანაში ფულს, სადაც, ერთი მხრივ, მაღალი იქნებოდა დაცულობა და დემოკრატიული სტანდარტები და, მეორე მხრივ, ნაკლები იქნებოდა შეზღუდვები და ბიუროკრატია.

ეს მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, ეს უზარმაზარი ფული ელოდება საქართველოს და თუკი ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა გააგრძელებს ევროპასთან ინტეგრაციას, ეს შესაძლებლობებიც აუცილებლად მოიყრის თავს აქ, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ოჯახების გამდიდრებას უზრუნველყოფს.

ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება | ნინა ბაზიკოშვილი

დევნილთა პრობლემების მოგვარება და გადაჭრის გზები | სოფია გოლეთიანი

ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით მოგზაური თევზი | ბორის ჩელე ყურუა