თუ გახმობა არ გინდოდა, გურიაში რა გინდოდა | ბორის ჩელე ყურუა
ბაბუაჩემი, სიბერეში, სოფლად დასახლდა, მამისეულ სახლში. დღე და ღამე ბაღში ან ყანაში მუშაობდა: ხან თოხნიდა, ხან ბარავდა, ხან რგავდა და ხანაც სხლავდა.
ვაშლი, მსხალი, ატამი, ტყემალი და კიდევ უამრავი ხე იწონებდა თავს ჩვენს ეზოში და არ მახსოვს, რომელიმე გამხმარიყოს. არ ჰქონდა ბაბუაჩემს ბევრი ფული, არც თავისი ქვეყანა ჰქონდა, არც ბანკი და არც დაცვის ყოფილი უფროსი ჰყავდა გამწესებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფად… უბრალო კაცი იყო, მაგრამ ხეები მაინც არ უხმებოდა. რომც გამხმარიყო რომელიმე, ასე მგონია, სხვას მაინც არ დააბრალებდა. მივიდოდა ხესთან ნაჯახით ხელში, მოჭრიდა და შეშად გამოიყენებდა. ძველის ადგილას კი ახალს დარგავდა.
მე თუ მკითხავთ, ბაბუაჩემს ბაობაბი რომ გადმოერგო კენიიდან, იმასაც გაახარებდა, მაგრამ ბებიაჩემის წყევლის შეეშინდა ალბათ და კენიიდან ხეების თრევას ისევ აქ აღმოცენებულების მოვლა არჩია. ბიძინას წყევლის აშკარად არ ეშინია, არც ბებიაჩემის ქოქოლა აშინებს და არც დანარჩენი საქართველოს ლანძღვა, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს, კენიაში რვა ბაობაბი მოთხარა და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ჩამოაცურა.
ტყის მეტი რა გვაქვს ქართველებს, კენიიდაან რომ არ ვათრიოთ ხეებიო, იკითხავს დაკვირვებული მკითხველი და მერე გაახსენდება, რომ ბიძინას ზვიგენიც ჰყავს სახლში. აბა ზვიგენი რომ ჰყავს, იმ კაცს მუხის ჩრდილში რა დაატევს? ბაობაბია საჭირო, ალბათ, აუცილებელიც. სწორედ ამ აუცილებლობამ აიძულა ჩვენი მეცენატი აფრიკის კონტინენტის ინდოეთის ოკეანის სანაპიროდან შავი ზღვის სანაპირომდე ეტარებინა ხეები.
მოკლედ, ჩავიდა კენიაში ბიძინას წარმომადგენელი და ხეების ძებნა დაიწყო. ნებისმიერი ბაობაბი როდი აკმაყოფილებდა ოლიგარქს, ბაობაბებშიც განსაკუთრებული უნდოდა. ქართველის პერსპექტივიდან კენია კია დასაკარგავში, მაგრამ იქაც მუშაობენ ადამიანები ბუნების გადასარჩენად და დასაცავად. ხეების ამოთხრით და სხვაგან წაღებით ეკოლოგიას არც ისე ცოტა ზიანი ადგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გიგანტურ ხეებზე ვლაპარაკობთ და იმ ქვეყანაზე, სადაც ტყეების განადგურებული საფარის აღდგენაზე მუშაობენ და გვალვებს ებრძვიან.
კენიელმა ჟურნალისტებმა მალევე გაარკვიეს, ვინ იდგა ხეების შემსყიდველი კონტრაქტორების უკან და მიუხედავად მათ მიერ ატეხილი ხმაურის თუ კენიის მთავრობის მიერ ხეების ამოძირკვის ლიცენზიის შეჩერებისა, ფულის მანათობელმა თვისებამ კენიელ გლეხებსა და ჩინოვნიკებსაც გაუნათა გზა და სულ მალე საქართველოსკენ მომავალი რვა გიგანტური ხე ამაყად აპობდა ტალღებს. ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, აფრიკელ გლეხებს შეთანხმებულზე ნაკლები გადაუხადესო, მაგრამ ბიძინასგან მოტყუებული მოსახლეობის რიცხვი ამით საგრძნობლად ნამდვილად არ გაზრდილა. ამაზე ბევრი იწერებოდა და ბევრიც იკითხებოდა, ყველამ გავიგეთ ბაობაბების მოგზაურობის შესახებ. თუმცა, ამდენ პრობლემაში ნამდვილად არავის ეცალა, ხეების მდგომარეობის დარდით დაემძიმებინა თავი.
გამოხდა ხანი და 2024 წლის 9 აგვისტოს შეკვეთილის დენდროლოგიურმა პარკმა ფეისბუქ პოსტით გვაუწყა, რომ რვავე ბაობაბი გამხმარა. ხეების ნეკროლოგში ბიძინას უსაზღვრო ქების, მადლიერების ნთხევისა და მისი გამჭრიახობისა თუ მოქნილობის ხაზგასმის შემდეგ, გახმობის მიზეზად ნაციონალური მოძრაობა და მისი კონტროლირებადი მედია იყო დასახელებული.
მესმის, რომ შეიძლება 12 წელი ხელისუფლებაში იყო და ყოველდღე წინა ხელისუფლებას აბრალებდე ყველაფერს: საბჭოთა კავშირში კომუნისტები ყველაფერ ცუდს მეფის დროინდელ წყობას აბრალებდნენ. გასაგებია, რომ შეიძლება სინდისი სულ დაკარგო და 12 წლის მმართველობის შემდეგ წინა ხელისუფლებას აბრალებდე სიღარიბეს, უმუშევრობას, არჩევნების გაყალბებას, ზვავს და გვალვებს, მაგრამ ხეების გახმობა ამ ჟანრისთვისაც კი მეტისმეტია. თურმე ოპოზიციის წარმომადგენლები ტყუილებს უვრცელებდნენ მის უდიდებულესობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ურეკავდნენ კენიელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტს და ცრუ დასმენით იყვნენ დაკავებულები.
მთელი თავისი რესურსით ებრძოდნენ პოლიტიკანები ბიძინას ამ ღვთაებრივ პროექტსო, კენიურ ბაობაბებს მადაგასკარულ ბაობაბებად ასაღებდნენ და მოკლედ, სულ აურიეს საწყალ კენიელებს თავგზაო. ამ სიცრუის კამპანიას გამოუწვევია თურმე ის, რომ 2021 წელს ამოძირკვული ხეები 2023 წლამდე ვერ ჩაურგავთ საქართველოს დალოცვილ მიწაში. ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ კი რვავე ბაობაბი გამხმარა. საქართველოს ნებისმიერი წერტილი თავისი კლიმატით ძალიან განსხვავდება კენიისგან. ბაობაბები კი კენიაში იმიტომ იზრდებიან, რომ გიგანტური ხეები ევოლუციამ იმ კლიმატთან ჰარმონიულად შერწყმის უნარით დააჯილდოვა. რა თქმა უნდა, მათი საქართველოში გადმორგვა, ოპოზიცია საერთოდ რომც არ არსებობდეს, მაინც უდიდეს რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული.
ეს ხე 25 მეტრამდე იზრდება, ღეროს გარშემოწერილობაც ამდენივე აქვს, საკმაოდ დიდი მცენარეა და საკმაოდ ბევრი წყალიც სჭირდება. შესაბამისად, წყალს ყველაფრიდან ისრუტავს, როგორც მიწიდან, ისე ჰაერიდან. გადმორგვის პროცესში ძალიან ბევრი წყალი შეიწოვა, გურიაც ნესტიანია და წყლით გაჯერებულმა ბაობაბებმა დაგროვილი სითხე ვერსად დახარჯეს. არ იცის ჩვენში აფრიკული გვალვები. გამოდის ხემ, ჩვეულებისამებრ, აიღო დიდი რაოდენობით წყალი, რომელიც ვეღარ დახარჯა და დალპა.
ადგილობრივები ამბობენ, ხეებს ფესვები ულპებოდათო, რასაც თურმე ბიძინას ნაქებმა „დენდროლოგებმა“ ტონობით ხორბლის დაყრით უპასუხეს: თავის მხრივ ხორბალს ბუნებამ მღრღნელების მომრავლებით უპასუხა და ბოლოს ზღარბებს იბარებდნენ არაფრიდან აღმოცენებული ამ ახალი ჭირის მოსაშორებლად. უფრო პოეტურად თუ ვიტყვით: ხეც ცოცხალი ორგანიზმია, ხესაც აქვს მეხსიერება და იმ გარემოსთან მიჯაჭვულობა, სადაც იზრდება, იმ პეიზაჟთან, რომელსაც უცქერს და იმ მიწასთან, რომელსაც ჩრდილავს წლობის განმავლობაში. შეიძლება ნოსტალგიამ გაახმო ხეები. მოენატრათ კენია. განა, ქართული ხე რომ იქ გადავრგოთ, გაიხარებს? დაივიწყებს სამშობლოს? უფრო ქოცურად თუ ვიტყვით, ბოტანიკა და ნოსტალგია არაფერ შუაშია: რა შუაშია საერთოდ მეცნიერება და საღი აზრი, როცა ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიცია გვყავს?! ნაციონალებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჩასაფრებულმა პოლიტიკოსებმა გაახმეს რვავე ხე.
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას,“ - ამას ვკითხულობთ დენდროლოგიური პარკის განცხადების ბოლოს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ახლობლობით არ უნდა აიყვანო ადამიანი სამსახურში, თორემ ტონობით ფული რომ გაქვს ჩაყრილი, ზუსტად იმ საქმეს გაგიფუჭებს, მერე კი ყველაფერს შენს მოწინააღმდეგეებს გადააბრალებს. ამის დამწერის ნაცვლად ნორმალურ ბოტანიკოსს რომ ემუშავა, შეიძლება ამ განცხადების გაკეთების საჭიროებაც არ დამდგარიყო.
მაინც რად უნდა ოლიგარქს ბაობაბები? რთულ ანალიზს რომ თავი დავანებოთ და ფროიდიც არ შევაწუხოთ საიქიოში, ვთქვათ, რომ ასე გამოხატავს საკუთარ ძალაუფლებას თუ აღმატებულებას. ფულით ბევრ საჭმელს იყიდი და დანაყრდები, მეტიც, გაძღები, კარგი მანქანებით ივლი, კარგ და ბევრ სახლში იცხოვრებ, იფრენ, იცურებ… მაგრამ ამას ბევრი გააკეთებს… ბიძინას კი რამე ისეთი სჭირდება, რაც ჯერ არავის გაუკეთებია: საკუთარი ძალაუფლების მონუმენტი უნდა. სწორედ ეს მონუმენტი იქნებოდა კენიიდან გურიაში გადმორგული რვა ბაობაბი.
გასაგებია, რომ „ცეხავიკური“ გემოვნების საუკეთესო გამოვლინებაა, მაგრამ იმ ვერსიას ნამდვილად ჯობია, რომ ადამიანებზე მეტად ხეები უყვარს. მე თუ მკითხავთ, ნახევარი საქართველო რომ გაწყდეს, ამ ბაობაბების გახმობით გამოწვეულ სევდას ვერ გადაუფარავს ივანიშვილს, მაგრამ ვერსიად მაინც პირველი მომწონს.
ძველი აფრიკული თქმულების თანახმად, ვინც ბაობაბის ჩრდილს შეაფარებს თავს და ხეს სურვილს ჩაუთქვამს, საწადელს აუცილებლად მიაღწევს. მთავარია წრფელი და სუფთა გულით წარსდგეს ხის წინაშე. არ ვიცი, ბიძინამ რა გულით შეაფარა თავი ამ ხეებს ან რა ჩაუთქვა, ფაქტი ისაა, რომ ცოცხალი არც ერთი მცენარე გადარჩენილა.