photo

ნიკა გვარამია: ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ შევძლებთ!


რატომ "კოალიცია ცვლილებისთვის"?

მივყვეთ ჩვენს სახელს:

კოალიცია

ჩვენ 4 ლიდერის კოალიცია ვართ და ჩვენს უკან სამი გუნდი დგას: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“. ჩვენ იმთავითვე გავაკეთეთ არჩევანი იმაზე, რომ საქართველოს დღეს გუნდური მართვა ჭირდება, და არა ერთ ადამიანზე აწყობილი – ეს ჩვენი ურყევი რწმენაცაა და ქართველი ხალხის აშკარა დაკვეთა. ლიდერებში არც ერთი ვართ უფროსი და უმცროსი, მთავარი და მეორეხარისხოვანი. ყველა გადაწყვეტილება მიიღება შეთანხმებით, რაც, ხშირად, შესაძლოა სრულად არ ემთხვეოდეს თითოეული ჩვენგანის პოზიციას, მაგრამ კოალიციაც სწორედ ესაა: შეჯერებული და გონივრულად დაბალანსებული გადაწყვეტილებები. ურთიერთკონტროლი დამზღვევი მექანიზმია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით ზიანი არ მივაყენოთ საქმეს, რისი ალბათობაც მაღალია, როცა გადაწყვეტილება ერთპიროვნული და პირადი წინასწარი განწყობით ნაკარნახევია.

კოალიციური მთავრობაც ზუსტად ესაა: სხვადასხვა პარტიების ურთიერთკოტროლით მიღებული შეჯერებული გადაწყვეტილებები. ჩვენი მაგალითით, გვინდა საზოგადოებას არჩევნებამდე დავანახოთ, რა არის კოალიცია, როგორ მუშაობს ის, რომ განსხვავებები აძლიერებს, და არა ასუსტებს და რომ ჩვენ - „ახალს“, „გირჩს“, „დროას“ - ეს შეგვიძლია.

ცვლილება

ცვლილებაში, უპირველესად, მოქმედი რუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლას ვგულისხმობთ. ივანიშვილი უნდა წავიდეს:

• ის 12 წელი მართავდა და, სხვა თუ არაფერი, 12 წელი საკმარისზე მეტია!

• ის წარუმატებლად მართავდა - ქართველები 12 წლის თავზე უკეთესად ნამდვილად არ ვცხოვრობთ, პირიქით - ქვეყანა იცლება და ემიგრაციაში გადახვეწილია უამრავი ქართველი; შობადობა უდაბლეს ნიშნულზე, რაც ქართული ოჯახების სიღარიბის და მომავლის შიშის ბრალია; ფასები და ინფლაცია ისეთი მაღალია, როგორც არასდროს; განათლების სისტემა ვერც ხარისხით დაიკვეხნის და ღარიბებისთვის საერთოდაც ხელმისაწვდომი არაა. ასეა საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში

• ის ართმევს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს მომავალ თაობებს ისტორიულ შანსს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები და შეძლებულად ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში. არადა, ევროკავშირი ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ივანიშვილი თუ დარჩა - საქართველო ევროკავშირისგან ისე შორს იქნება, როგორც არასდროს. ივანიშვილი გვართმევს ევროპას და მასთან ერთად ბედნიერების შანსს და გვაბრუნებს რუსეთში, ანუ განუვითარებლობაში, სიღარიბესა და დამამცირებელ ყოფაში.

• ის იპარავს ჩვენს ფულს და ამით მდიდრდება. ივანიშვილი არ იხდის არც ერთ თეთრს სახელმწიფო ბიუჯეტში, სამაგიეროდ ის და მისი გუნდის წევრები თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესის წილში არიან, სახელმწიფო ტენდერები მათ მიღმა ვერ ჩაივლის, დასაქმებული ჰყავთ მთელი პარტიული ინფრასტრუქტურა და გავლენიანი მფარველის გარეშე სამსახურში მოხვედრა ახლა ისე რთულია, როგორც არასდროს. საქართველო ივანიშვილისთვის მეწველი ძროხაა, ჩვენთვის კი - სამშობლო.

ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ის უნდა წავიდეს. თუმცა, ეს გამარჯვებისთვის სავალდებულო წინაპირობაა, მაგრამ არასაკმარისი. ცვლილებები გვჭირდება ივანიშვილის წასვლის შემდეგაც და ჩვენ ვიცით, რა უნდა შეიცვალოს და როგორ უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ გვაქვს ხედვა, გვაქვს კომპეტენცია, გვაქვს გამბედაობა და წესიერება. გვესმის, რა ჭირდება ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს. ჩვენი მიზანია პროგრესი და განუხრელად წინ სიარული და არა დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკი. ჩვენი არჩევანია მომავალი და არა წარსული!

„ჩვენ, „კოალიციამ ცვლილებისთვის“, ვიცით როგორ ვიზრუნოთ თქვენს მომავალზე“ | ანი ქავთარაძე

ელენე ხოშტარია: ხალხის მთავარი მოთხოვნაა: შეცვალეთ!

26 ოქტომბერი - დიდი საქმის დღე | ზალიკო სამადაშვილი