photo

თენგიზ თევზაძე: ამ არჩევნებზე დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვება წაგვართვეს

- კოალიციაში საარჩევნო საკითხებს კურირებთ. რა “სიახლეებს“ ელით საარჩევნოდ მმართველი ძალისგან?

- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოსცა სამართლებრივი აქტი და ოფიციალურად შევიდა ძალაში წინასაარჩევნო კამპანია, „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა, ერთი მხრივ, ზეწოლა საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე და, მეორე მხრივ, დაიწყო აპრობირებული ნაბიჯების გადადგმა - მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების განაწილება და ა.შ. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ არის ჩართული „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაში ყველა ინსტიტუცია, გარდა პრეზიდენტისა.

გვაქვს ოთხი მთავარი გამოწვევა:
1. “ოცნებას“ დავუპირისპიროთ მკაფიო სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი საარჩევნო ინფრასტრუქტურა ექნება ოპოზიციას. მხოლოდ მოტივირებული ოპოზიცია საკმარისი არ არის. მოტივაციასთან ერთად, საჭიროა ცოდნა და გამოცდილება.
2. ამომრჩევლის ნიჰილიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ, მაგრამ ხელისუფლების შეცვლას ეს ოპოზიცია ვერ შეძლებს. „ოცნება“ ელექტორალურად წელშია გატეხილი. ყველა კვლევა ამბობს, რომ ჯამში ოპოზიცია გაცილებით ჯობნის მმართველ ძალას. მთავარია, დამარცხდეს ეს ნიჰილიზმი, ხალხს უნდა დაუბრუნდეს რწმენა, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების დამარცხება შეგვიძლია.
3. მესამე გამოწვევაა, რეგიონებში და თბილისში შევასუსტოთ „ოცნების“ ქვედა და საშუალო დონის საარჩევნო ინფრასტრუქტურა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ვინც დღეს „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ის ეხმარება რუსეთს საქართველოში. პირდაპირ გეტყვით, რომ “ოცნება“ რეგიონებში სუსტადაა წარმოდგენილი იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს არ სურთ, ემსახურებოდნენ პარტიას, რომელიც ასოცირებულია რუსეთთან. მაგრამ მათ აქვთ ვალდებულებები - საჯარო სამსახურები, სკოლა, ბაღი. ჩვენ არჩევნებამდე უნდა შევქმნათ გამარჯვების ისეთი ფონი, რომ „ოცნების“ დაბალი და საშუალო რგოლი ჩამოიშალოს - ჩვენი აქტიურობით, ინფრასტრუქტურის შექმნით, ძალის გამოსხივებით და ადამიანებში რწმენის გაჩენით, რომ ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას.
4. მნიშვნელოვანი გამოწვევა - შინაარსები. გასაგებია, რომ “ოცნებას“ არ ვუკრავთ კოალიციას, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ შინაარსი გვაქვს და შეგვიძლია ამ სახელმწიფოს მართვა, ამაში უნდა დავარწმუნოთ ადამიანები. თუ ამ ოთხ გამოწვევას უპასუხებს ოპოზიცია, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს. br> - არჩევნებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. როგორ აპირებთ ამ ამოცანების შესრულებას?

ჩვენი კოალიცია მთელი საქართველოს მასშტაბით ვაშენებთ წინასაარჩევნო ინფრასტრუქტურას. ვცდილობთ, სიახლის შემომტანი ბევრი ადამიანი ჩავრთოთ პროცესში. მათ შორის, უფროსი თუ უმცროსი თაობის აქტიური, წარმატებული ადამიანები, რომლებიც სოფლად თუ ქალაქად, სხვადასხვა მიზეზით ითვლებიან ავტორიტეტულ ადამიანებად.

ჩვენი სტრატეგიაა, შევქმნათ მნიშვნელოვანი საარჩევნო ქსელი. არჩევნებში დაკვირვებისთვის ყველა უბანზე გვეყოლება წარმომადგენელი კონკრეტული დავალებისთვის - ჩვენი და ზოგადად, მთელი ოპოზიციის ხმები გამოვიდეს უბნებიდან.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მორჩება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვება წაგვართვეს. ამ არჩევნებზე ვიტყვით, რომ მოვიგეთ და მოგება გამოვიტანეთ უბნებიდან. ეს თუ ასე არ მოხდა, არ იქნება არც ამომრჩევლის ბრალი, არც საერთაშორისო პარტნიორების, ეს იქნება ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

არჩევნებთან დაკავშირებით გვექნება დაცვის შემდეგი მექანიზმები - ჩვენი ოთხი ნაბიჯი: პირველი: 3030-ვე უბანზე გვეყოლება წარმომადგენელი, არ აქვს კოალიციას ამის პრობლემა, ყველა უბანზე ვიქნებით. მეორე: “ოცნებამ“ რაიმე სახის მანიპულაცია რომ არ დაიწყოს ხელით გადათვლის, ან საბოლოო შედეგების შეჯამების დროს, ყველა ჩეკს გამოვიტანთ და ავტვირთავთ დამოუკიდებელ პლატფორმაზე. ეს ჩეკები იტვირთება ცესკო-ს პლატფორმაზეც. მესამე: აქტიურად დავიწყებთ არამხოლოდ მივედი ხმა მივეცი და წამოვედი კამპანია, არამედ მივედი, ხმა მივეცი და დავიცავი კამპანია. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიებში. მეოთხე: მხარს დავუჭერთ ყველა იმ მოძრაობას, რომელიც ადგილზე, არჩევნებში ხმის დაცვისთვის იქნება შექმნილი. არასამთავრობო ორგანიზაციებს თავს ესხმის „ოცნება“, ბევრი ნეიტრალური ორგანიზაციაც დააკვირდება არჩევნებს და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ თავისი საქმის დამოუკიდებლად და ობიექტურად განხორციელებაში. ეს არის ის ოთხი ნაბიჯი, რაც საფრთხის მინიმიზაციას უზრუნველყოფს.

- ცესკო-მ უკვე დააკომპლექტა საარჩევნო ადმინისტრაცია გაუმჭვირვალედ, მმართველი ძალის მხარდამჭერებით. ასეთ სიტუაციაში რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას?

- წესით, ცესკო უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების მომზადებაზე, ჩატარებაზე და მის შეჯამებაზე. რამდენად მომზადებულია საარჩევნო ადმინისტრაცია, ამის თვალნათელი მაგალითია, თუ როგორ იქცევა ის არჩევნებამდე და როგორ აფასებს კონტექსტს. ოქტომბრის არჩევნები რთულად ჩასატარებელია ორი მიზეზით - პოლარიზაციაა და ცესკო, ფაქტობრივად, მსოფლიოში უპრეცედენტო რამეს აკეთებს - ელექტრონული ტექნოლოგიით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარებული საპილოტე არჩევნები, - ეს მსოფლიოში არსად მომხდარა.

რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაცია, სხვადასხვა დონეზე, არ არის ნეიტრალური ორგანო. ცესკო-ს 17 წევრიდან მინიმუმ 13 წევრს „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, ე.წ. ნეიტრალური პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები “ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათ, ასევე, ჰყავთ ე.წ. ფეიქი ოპოზიცია, ასეთია რეალობა. საოლქო საარჩევნო კომისიებში, ძირითადად, საჯარო მოსამსახურეები დაინიშნნენ. მათ შორის, დროებით წევრად დანიშნეს “ოცნების“ პარლამენტარის თანაშემწე.

-რას აკეთებს ოპოზიცია ასეთ ცესკო-სთან?

- ჩვენს კოალიციას არც ერთი წევრი არ ჰყავს საარჩევნო ადმინისტრაციაში. ამის მიუხედავად, ყველა უბანზე გვეყოლება გამოცდილი და ცოდნით აღჭურვილი წარმომადგენლები. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით კამპანიაში, რომელიც ამბობს, რომ ხმის მიცემა ნამდვილად ფარულია, რომ ამომრჩეველი მარტო იქნება კაბინაში, დამოუკიდებლად მისცემს ხმას და ვერავინ ვერასდროს მიხვდება, ვინ გააფერადა. ჩვენ ვეუბნებით, რომ დავიცავთ მათ ხმებს და ეს მართლა ასე იქნება, ინფრასტრუქტურულად ვემზადებით ამისთვის.

- ოპოზიციის ჯამში მოგება რატომ ჯობია პირველ ადგილზე ერთად გასვლას?

- რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია. არსებული ცენტრები საკმარისია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს ამ არჩევნებში. საბოლოო ჯამში, ყველა კვლევა ამბობს, რომ „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველი უფრო ნაკლებია, ვიდრე მასზე გაბრაზებული ამომრჩევლის რაოდენობა. გაბრაზებულ ამომრჩეველს რა არჩევანი აქვს აქეთ მხარეს? უნდა მას ერთი პარტიად გაერთიანებული ბევრი პარტია, ცოტა არ იყოს, გაბლარული შინაარსებით, თუ ბევრი სხვადასხვა, რომელიც ისეთ ამომრჩეველსაც გაააქტიურებს, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი „ოცნების“ მიმართ, მაგრამ ნაკლები მოტივაცია აქვს არჩევნებში წასასვლელად?

სამივე ცენტრი ახლა სხვადასხვა შინაარსის მატარებელია და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური (ამომრჩევლის გააქტიურება ჩვენი ამოცანაა), ნამდვილად აქვს არჩევანი.

და ბოლოს, ეს ამ პოლიტიკურ ცენტრებს შორის ურთიერთკონტროლისთვის მნიშვნელოვანია. გამოცდილება გვეუბნება, რომ ერთი პარტიის ხელში ხელისუფლება იქცევა ერთი კაცის ხელში ხელისუფლებად. კოალიციური ხელისუფლება კი მრავალთა ხელისუფლებაა, რომელშიც ერთმანეთს კონტროლს გაუწევენ.

ახლა არის ორი მთავარი არჩევანი - ქართულ ხელისუფლებასა და პრორუსულ ხელისუფლებას შორის და მეორე მხრივ, არჩევანი თავისუფლებას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ჭაობს, რეგრესს, კორუფციას, სიღარიბეს შორის. სიღარიბეა “ოცნების“ მთავარი საყრდენი დღეს და ასეთ პირობებში ხელისუფლება ყოველთვის ეფექტურად გამოიყენებს მოსყიდვას და ა.შ.

- რატომ გახდა საჭირო დღეს თქვენს მიერ იმ დოკუმენტის ინიცირება, სადაც ლაპარაკია, რომ პროდასავლური ოპოზიცია არ შეუქმნის კოალიციას “ოცნებას“ პარლამენტში?

- წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხალხი სვამს კითხვას - გაყალბების შემთხვევაში, მაინც შეხვალთ პარლამენტში და შეუქმნით თუ არა კოალიციას “ოცნებას“? ვერანაირი კვლევა და ვერც გასული არჩევნების შედეგები ვერ აძლევს საშუალებას „ოცნებას“, დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა. ჩვენს ოთხივე ლიდერს აქვს გამოცდილება - მელია და გვარამია პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, ნიკა მელია ევროპის საბჭოს მიერ გადახდილი გირაოთია თავისუფლებაზე. გვარამია ისეთი ბრალით იხდიდა სასჯელს, რომლითაც ევროპის კონტინენტზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ ყოფილა. ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე არიან ის დეპუტატები, ვინც პირველივე შესაძლებლობაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე. არც ეს ოთხი ლიდერი და არც სხვები, ვინც სიაში იქნება, არ შეუქმნიან კოალიციას “ოცნებას“ არანაირი კონფიგურაციით.

თუმცა, ჩვენც არ გვეყოფა პარლამენტში რაოდენობა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად დავაკომპლექტოთ მთავრობა. ამიტომ ვეუბნებით ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც აქვს შესაძლებლობა ,გადალახოს ბარიერი, ან არის მიჯნაზე, ღიად დააფიქსიროს, რომ არ შეუქმნის კოალიციას “ოცნებას“. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ თუ პროდასავლური ცენტრები ამას ღიად არ იტყვიან, შეიძლება ამან ამომრჩეველში დაბნეულობა გამოიწვიოს.

თუ რომელიმე პროევროპულად განწყობილი პარტია “ოცნებას“ კოალიციას შეუქმნის, ეს იქნება მათი პოლიტიკური პერსპექტივისთვის დამანგრეველი, მაგრამ ამ სახელმწიფოსთვისაც ძალიან დიდი ზიანის მომტანი.

ნიკა გვარამია: ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ შევძლებთ!

26 ოქტომბერი - დიდი საქმის დღე | ზალიკო სამადაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი: აუცილებლად გავიმარჯვებთ!