ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება | ნინა ბაზიკოშვილი
ემიგრაციას ბევრი მიზეზი აქვს, განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში. ადამიანები მუდმივად მიისწრაფიან განვითარებისა და უკეთესი ცხოვრებისაკენ. მაგრამ მე დღეს მინდა, ქართულ ემიგრაციაზე მოგიყვეთ - ადამიანებზე, რომლებიც იძულებით ხდებიან ემიგრანტები, რათა საკუთარი ოჯახები შიმშილს გადაარჩინონ. ბოლო დღეებია, ჩვენი კოალიციის სახელით აქტიურად ვხვდები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ქართველებს. ზოგ მათგანს გაუმართლა და უცხო ქვეყანაში იპოვა სტაბილური, კარგი სამსახური, ზოგს კი უფრო მძიმე ბედი ხვდა წილად. მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ - სამშობლო.
ეს ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე გამომუშავებული მილიარდობით ლარით მხოლოდ საკუთარ ოჯახებს კი არ ეხმარებიან, არამედ სრულიად უცხოებსაც: მათ ანგარიშზეა არაერთი გადარჩენილი სიცოცხლეც საქართველოში. ბევრი მათგანი თავად ებრძვის ჯანმრთელობის პრობლემებს. ბევრიც ასაკს და მიუხედავად ამისა, არასდროს ავიწყდებათ სხვისთვის პატარა სიკეთეების კეთება.
ძალიან რთულია დოკუმენტების მოწესრიგება და ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, რის გარეშეც ვერ ახერხებენ ჩამოვიდნენ სამშობლოში და ნახონ მათთვის ძვირფასი ადამიანები. დოკუმენტების მოწესრიგებას ხშირად წლების განმავლობაში ელოდებიან და შესაბამისად ვერ ტოვებენ ქვეყანას. ამ დღეებში ბევრი მძიმე ისტორია მოვისმინე, თუნდაც როგორ ვერ შეძლეს ოჯახის წევრების, დედის, მამის გასვენებაში წასვლა სწორედ ამ მიზეზით. უმრავლესობა, ვინც ოჯახში მუშაობს, 24 საათიან რეჟიმში შრომობს და გარეთ გასვლას ძალიან იშვიათად ახერხებს. ამის გამო, ბევრ მათგანს დეპრესია აქვს და ყველაზე მეტად რაც ახარებთ, სოციალიზაცია და ადამიანებთან კომუნიკაციაა. ქართველებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე კარგად იციან, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები და ამით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის. სინათლეს, სამართლიანობას, სიკეთეს და სიბნელეს, ჩაგვრასა და ბოროტებას შორის. იციან, რომ 26 ოქტომბერს სამშობლოსთვის უნდა მივიდნენ და დააფიქსირონ არჩევანი, მათთვის, მათი შვილებისთვის, მშობლებისთვის და სამშობლოს უკეთესი, ბედნიერი მომავლისთვის.
ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია ემიგრაციაში დაბადებული ან/და გაზრდილი ბავშვები. მათ საქართველოს შესახებ ძირითადად მშობლების მონაყოლიდან იციან. ბარიში რომ ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი ვნახე, რომელიც უკვე სამი წელია, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში. 13 წლის ნინის და 8 წლის გაგის ყველაფერი აქვთ - კარგი განათლება, უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ რომ ჰკითხოთ, მაინც საქართველოში დაბრუნებას ნატრობენ. რადგან ძალიან ენატრებათ მეგობრები, რომლებთან ერთადაც თამაშობდნენ თავიანთ ეზოში. ასეთი ისტორია ძალიან ბევრია. ემიგრანტების რიგებს ბოლო წლებში აქტიურად ემატებიან ახალგაზრდები, რომლებიც სავსე არიან ენერგიით, იდეებითა და ენთუზიაზმით, მაგრამ ვერ ხედავენ ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობას. მიდიან და ნულიდან იწყებენ ცხოვრებას იმ იმედით, რომ წარმატების მეტი შანსი ექნებათ. მათი მთავარი ოცნება მაინც ყოველთვის საქართველოს უკავშირდება და ყოველთვის ფიქრობენ, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებიან.
ამასობაში კი ქვეყანა ახალგაზრდებისაგან იცლება და უკვე სამი წელია, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელს გადაუსწრო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ ბედნიერად.
ემიგრანტებთან ევროპაში გამართულ შეხვედრაზე დიდი ხნის წინ სამშობლოდან წასულმა ქართველებმა მომაწოდეს არაერთი წერილი, რომელთაგანაც ორს სიამოვნებითა და გულისტკივილით გიზიარებთ. ავტორებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.
იბრძოლეთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში
2016 წელს ეკონომიკური მდგომარეობის გამო დავტოვე ოჯახი და გავხდი ემიგრანტი, რაც ყოველთვის არარეალურ გადაწყვეტილებად მიმაჩნდა ჩემს ფიქრებში… მაგრამ მეც ამ სამწუხარო ცხოვრების გზას დავადექი, გავხდი ემიგრანტი. ემიგრანტები ვართ დღევანდელი რეალობის გმირები, ყოველი ემიგრანტის მხრებზე დგას საქართველოს ბიუჯეტი, რისი შედეგიცაა, საქართველოს ეკონომიკა რომ სუნთქავს და არ გაითიშა… გმირულად ვუძლებთ ყველა ტკივილს, შვილის ჩახუტების ოცნებას. მე ემიგრაციის გზას შევუდექი ჩემი ძლიერი თუ სუსტი მხარეებით. სუსტი, რადგან ჩემი ბალიში იმ ცრემლებით არის სავსე, რასაც სამშობლოს, ოჯახისა და ერთი ოქროსთმიანი ბიჭის მონატრება ჰქვია.
ვფიქრობ, დროს, რომელიც ემიგრაციამ წამართვა, ვერასდროს დავიბრუნებ. შვილთან მხოლოდ პირველი 8 წლის გატარება შევძელი. შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი, სადაც აღარ გესმის ჯადოსნური სიტყვა „დედა“. მხოლოდ დედა თუ გაიგებს, რამხელა ტკივილია, როდესაც შენი შვილის ხმა არ იცი, როგორია. არ იცი, როგორია მისი სიცილი თუ ბრაზი… შვილის, რომელსაც ყოველ დილას პირჯვრის გადაწერით ვუშვებდი სკოლაში.
სიტყვა „ემიგრანტი“ სასჯელია, რომელიც ჩემს თავს თავად გამოვუტანე მოსამართლის გარეშე, მაგრამ ამაშიც ჩვენი მთავრობაა დამნაშავე თავისი „ცრუ დაპირებებით“. ემიგრანტებს არანაირი კანონი არ გვიცავს, ამიტომ თითოეული ლუკმაპურისთვის გვიწევს ცრემლებით, ოფლით, დამცირებითა და სხვა მრავალი პრობლემებით გადახდა.
ზაფხულობით საშვებულებო დღეებს საქართველოში ვატარებ. წელს კი სამუშაო რეჟიმში დავრჩი, რადგან რთული ეკონომიკური პირობების და იმის შემხედვარეს, თუ როგორ უსწორდება მთავრობა ქვეყნის მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულ ბავშვებს, მირჩევნია ვიმუშაო და სიზმარში მაინც ვნახო ჩემი ოჯახი.
ისედაც მესმის, რომ საქართველოში დამკვიდრდა შანტაჟი და ციფრული შურისძიება. სასამართლო და სიმართლე აღარ ფასობს. მაგრამ მაინც ბევრჯერ მითხოვია ბარის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, უფალო დამაბრუნე ჩემს მიწაზე-თქო. მაინც მაქვს იმედი, რომ საქართველო გადარჩება. კვირები და თვეები წლებად იქცა, სანანებელ წლებად, რომელსაც ვეღარასდროს დავიბრუნებ. ვნანობ, რომ დედ-მამა ისე გარდამეცვალა, მათი ბოლო მოფერებაც და დატირებაც ვერ შევძელი. მიყვარს საქართველო, მიყვარხართ თქვენც.
იბრძოლეთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. მჯერა, რომ ახალი თაობა დემოკრატიისა და ცვლილებების მედროშეა!
იქნებ ახალმა თაობამ დააყენოს ფეხზე ჩვენი ქვეყანა
ძნელია ემიგრანტმა დაწერო, რაც აქამდე არ თქმულა და დაწერილა. თითქოს ყველა ამბავი უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენი ფიქრებიც და ემოციებიც ხომ ინდივიდუალურია. მე მიჭირს ძალიან აქ ცხოვრება, ცხოვრება უსამშობლოდ და საყვარელი ადამიანების გარეშე. ბევრჯერ მიტირია კიდეც, რადგან მუდმივ ემოციებში და ტკივილში ცხოვრობ.
მინდა გითხრათ, რომ ემიგრაციაში შვილის გაჩენა საკმაოდ დასაფიქრებელი ნაბიჯია, მით უმეტეს ახალჩამოსულზე. ხარ თუ არა მზად, შეძლებ, შეათავსებ?! - ახალ პასუხისმგებლობას და იმ გაუსაძლის შრომასა და ვალდებულებას, რაც უკვე გაქვს. ჩემი უფროსი შვილი თბილისში დაიბადა, გარემოში, სადაც უცხოდ არასოდეს მიგრძვნია თავი, პირიქით, ყველა თავს მევლებოდა და ზრუნავდა … სანდოობის განცდა იქ სულ სხვა იყო.
ემიგრაციაში იწყებ ნულიდან ცხოვრებას. ერთ ოთახში ვცხოვრობდით სამი ადამიანი: მე, მეუღლე და 6 წლის ქალიშვილი. კარგად ვიცოდი ფეხმძიმობის ხარჯები, ექიმთან ვიზიტი, ანალიზები… მთავარი პრობლემა ის იყო, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში როგორ შევძლებდით ცხოვრებას და რა პრობლემები მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. მადლობა ღმერთს, ურთულესი წლების შემდეგ, შევძელით და მეორე შვილი გავაჩინეთ, ჩამოსვლიდან 7 წლის შემდეგ.
მთავარი ნატვრა უკვე მაშინ ავიხდინეთ, როცა საბუთი გავაკეთეთ და ფეხზე დავდექით. ბევრ ახალგაზრდა წყვილს არ ეძლევა ამის საშუალება. თუ მეუღლეც არ მუშაობს, კიდევ უფრო ძნელია: ფული ამ პერიოდში გაზრდილ ხარჯებზეც ხომ უნდა გეყოს. პროცენტულობით, აქ მყოფ ბევრ დედას ჰყავს შვილი დატოვებული და უკვე მას უგზავნის თანხას. ოჯახები სცილდება ერთმანეთს. ყველას ერთად წამოსვლის ფუფუნება არც აქვთ. ჩემს სამშობლოს ბევრ ახალშობილს ვუსურვებ. გამრავლება და გამთლიანება სჭირდება. იქნებ ახალმა, განათლებულმა თაობამ დააყენოს ფეხზე ჩვენი ქვეყანა.
დიდი სიყვარულით, ათ წელზე მეტი ხნის წინ წასული ემიგრანტი იტალიიდან.