photo

რუსეთის ბრძოლა საქართველოს ეკლესიასთან | ივანე წერეთელი, ნინო კვიტაიშვილი

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნეიტრალიზაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს რუსეთმა გააკეთა 1801 წლიდან, როდესაც მიყოლებით გაუქმდა სახელმწიფოებრიობაც და ეკლესიის ავტოკეფალიაც, უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. საქართველომ ქრისტიანობა მე-4 საუკუნის დასაწყისში მიიღო.

ჯერ კიდევ ნიკეას საეკლესიო კრებას 325 წელს ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი. რუსეთი კი მხოლოდ საუკუნეების შემდეგ, 988 წელს გაქრისტიანდა. შურით აღვსილ რუსეთს ყოველთვის აღიზიანებდა ქართული ეკლესიის არარუსული იერი.

„რუსული პერიოდი“ ყველაზე მძიმეა საქართველოს ეკლესიისთვის. თვით მონღოლთა ბატონობის დროსაც კი ეკლესია შეღავათებით სარგებლობდა. მონღოლებმა ეკლესია საერთოდ გაათავისუფლეს სამონღოლო გადასახადებისაგან. ვითომ „ერთმორწმუნე“ რუსეთს კი 106 წელი დამონებული ჰყავდა საქართველოს უძველესი ეკლესია და დღემდე აგრძელებს მის დაკნინებას - ყველას გვახსოვს, 2010 წელს როგორ ჩაუტარეს „რესტავრაცია“ აფხაზეთში ილორის წმინდა ტაძარს, რომელიც თავისი ორნამენტებით, ქართული წარწერებით, ქართული ხატებით და ცნობილი ბარძიმით განუყოფელი ნაწილია ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა.

დღეს ის გარედანაც და შიგნიდანაც თეთრად არის შეღებილი და მოწითალო ხაზები დაჰყვება, გუმბათი კი რუსული ე.წ. ხახვის ფორმის გუმბათითაა შეცვლილი. რუსების მიზანი ილორში და ზოგადად აფხაზეთში ქართული ეკლესიის, ქართული კულტურის ნიშანთა გაქრობა და საქართველოს ისტორიის წაშლაა. ეკლესია-მონასტრების დაკნინება, შეთეთრება და რუსულ ყაიდაზე გადაკეთება იმპერიისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ივანე ჯავახიშვილი წერს: „საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართველებს წაერთვათ უფლება კათედრალურ ტაძარში ღვთისმსახურება თავიანთ მშობლიურ ენაზე მოესმინათ, იმ ენაზე, რომელზეც 1400 წლის მანძილზე დაუღალავად აღავლენდნენ მხურვალე ლოცვებს.“ რუსული კოლონიალიზმის მიზანი იყო, რომ ქართული ეკლესია რუსულ ყაიდასა და მოდელზე გადაეწყოთ, რათა საბოლოოდ მოეშალათ საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. იმპერიის ხელისუფლებამ კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II პეტერბურგში გაიწვია და უკან დაბრუნების უფლება აღარ მისცა. გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია და ის ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსო. ეგზარქოსებმა დაიწყეს ქართული ეკლესიის გარუსებისა და დაკნინების პროცესი. მკვლევარ შოთა კინწურაშვილის თქმით, მაგალითად, ეგზარქოსი თეოფილაქტემ ჩამოსვლისთანავე მოითხოვა სიონში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე აღსრულება, ქართველ სასულიერო პირებს მხოლოდ ცალკეულ დღეები დაუტოვეს ქართულად მსახურებისათვის. ასევე დაიწყო ადგილობრივი ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულების დაკნინება და შემდგომ უკუგდება. საქართველოში დაიხურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია. აღმოსავლეთ საქართველოში არსებული 13 ეპარქიის ნაცვლად მხოლოდ 2, ხოლო დასავლეთ საქართველოს 12 ეპარქიიდან 3 დატოვეს. ამასთან, რუსეთის ბიუროკრატიამ და რუსმა ეგზარქოსებმა ხალხს წაართვეს მთავარი - ღვთისმსახურება და ლოცვა მშობლიურ ენაზე; დაუკეტეს, შეუღებეს და დაუნგრიეს ტაძრები; შეამცირეს სამრევლოები; გარეკეს უმრევლოდ დარჩენილი მღვდლები; მოსახლეობას წაართვეს ხატები და ჯვრები. დაიწყო საეკლესიო საგანძურის უკონტროლო გატანა.

რუსეთის იმპერია ქართველ სასულიერო პირებს ფიზიკურად უსწორდებოდა. როგორც ისტორიკოსი ლევან ტყეშელაშვილი წერს, 1820 წლის 4 მარტს დიდმარხვაში მღვდელმთავრები შეიპყრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხელები შეუკრეს და ნაცემ-ნაგვემი ასაკოვანი მიტროპოლიტები რუსეთის გზას გაუყენეს. რუსის ხიშტებით დაჩხვლეტილი მიტროპოლიტი დოსითეოსი სურამსა და გორს შორის გზაზე გარდაიცვალა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს სასულიერო სემინარიაში რუსეთის წარმომადგენელთა თვითნებობის შესახებ. აი, რას წერს მკვლევარი შოთა კინწურაშვილი: ყველაზე მძიმე ეპოქა სასულიერო სასწავლებლებს რექტორ ჩუდეცკის დროს დაუდგათ, რომელიც სტუდენტებისადმი განსაკუთრებული აგრესიითა და დამამცირებელი მოპყრობით გამოირჩეოდა. სწორედ ასეთი მოპყრობის გამო, ჩუდეცკის სიცოცხლე მოუსწრაფა მის მიერვე სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლაღიაშვილმა. ასეთი რადიკალური შურისძიების მიზეზი ობოლი სემინარისტის „მგლის ბილეთით“ გარიცხვა გახდა, რაც ახალგაზრდა სემინარიელს სრულ სოციალურ-ეკონომიკურ გათიშულობას უქადდა. ის არათუ ვერ ეკურთხებოდა სასულიერო პირად, არამედ ვერცერთ სასწავლებელსა თუ სკოლაში ვერ დაიწყებდა მასწავლებლად მუშაობას. მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა ლაღიაშვილის მხრიდან, რექტორს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ჩუდეცკისთვის წესის აგების შემდგომ ქადაგებისას ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ხალხი და ის გარემო დაწყევლა, სადაც სემინარისტი ლაღიაშვილი გაიზარდა. ამის პასუხად, დიმიტრი ყიფიანმა, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ, თბილისის ქალაქის თავმა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, ვრცელი საპროტესტო წერილი მისწერა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა რუს ეგზარქოსს. მოგვიანებით დიმიტრი ყიფიანი გადაასახლეს რუსეთში, სტავროპოლში და იქვე მოკლეს. 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა.

რუსეთის იმპერიამ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ვითომ ერთმორწმუნემ წაგვართვა სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის როგორც საერო, ასევე სასულიერო შტო, რაც უპრეცედენტო იყო საქართველოს ისტორიაში.

„რამდენადაც საქართველოს ეკლესია ძველი ქართული კულტურის წარმომადგენელი იყო და რამდენადაც ეს ეკლესია ტყვეობას განიცდიდა, ტყვეობასვე განიცდიდა მთელი ქართული კულტურა. ეკლესიასთან ერთად ტყვეობას განიცდიდა მთელი ქართული არქიტექტურა ჩვენი ეკლესია-მონასტრების სახით, ქართული მხატვრობა ამ ეკლესიებში, ხატები, როგორც უმაღლესი ნიმუშნი ხელოვნებისა, და ყოველი წვრილმანი ნივთი... ჩვენი ეკლესია იმ ლამაზს ჰგავდა, რომელიც ყველა თავის სამკაულებით ტყვედ იყო წაყვანილი“, - წერს 1918-1921 წლებში ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი შალვა ამირეჯიბი.

თუ გახმობა არ გინდოდა, გურიაში რა გინდოდა | ბორის ჩელე ყურუა

ფულს შოულობენ ყველგან და ყველაფერში | დავით მჟავანაძე და ბესიკ დონაძე

ფულს შოულობენ ყველგან და ყველაფერში | დავით მჟავანაძე და ბესიკ დონაძე