photo

„ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა | მარიამ მიქიაშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი, 1926 წელი - „ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს.“
მე-20 საუკუნეში რუსული ევრაზიელობის იდეოლოგიის ერთ-ერთმა მამამ, ნიკოლაი ტრუბეცკოიმ, რუსეთს საქართველოს შესახებ ასეთი ანდერძი დაუტოვა: „საქართველოს საკითხის მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს თვითმყოფადობის რაღაც დონით მაინც არაღიარება ახლა უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია, მისი სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარება კი - დაუშვებელი. ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ კარგად ცნობილ შუალედურ ზომას, თანაც ისეთს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში რუსოფობიურ სენტიმენტს არ მისცემს გასაქანს. უნდა გავითავისოთ ის გარემოება, რომ ქართული ნაციონალიზმი მავნებლურ ფორმას იღებს იმდენად, რამდენადაც ის განიმსჭვალება ევროპეიზმის ელემენტებით. ამგვარად, ქართული საკითხის სწორი გადაწყვეტა შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ჭეშმარიტი ქართული ნაციონალიზმის, ანუ ევრაზიული იდეოლოგიის ერთგვარი ქართული ფორმის წარმოშობის პირობებში.“

ევრაზიელობა დღეს კრემლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იდეოლოგიაა. რუსული ევრაზიელობა გულისხმობს იმას, რომ რუსეთი და მისი ყოფილი კოლონიები, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელი და მუსლიმი ქვეყნები, ცალკე ცივილიზაციას, ევრაზიას წარმოადგენს, რომლის მთავარი ღერძიც რუსეთია. ევრაზიელობა აუცილებლად გულისხმობს ავტორიტარულ მმართველობას, რადგან მისი აზრით, ევრაზიული ფასეულობებისა და სახელმწიფოს სიმრთელის შენარჩუნება მხოლოდ ავტოკრატიით შეიძლება.

სერგეი ლავროვი კმაყოფილია „ქართული ოცნების“ ქცევითა და ფასეულობებით. "ის რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, რაც საქართველოში ხდება - ეს საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა და მათ მიერ იმის გააზრება, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე მართლმადიდებლობის და ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაილეკება, წაიშლება და გაითელება იმ ე.წ. წესებით, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს - უპირველეს ყოვლისა ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტში," - თქვა ლავროვმა РБК-სთან სექტემბრის დასაწყისის ინტერვიუში.

14 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო აუცილებლად მოიხდის ბოდიშს 2008 წლის ომის დაწყების გამო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბოდიში და დანაშაულის აღება საქართველოს მხრიდან ძირს გამოუთხრის ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაზე. კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ივანიშვილის განცხადებას „მხურვალედ მიესალმა“ და ბედნიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მრავალწლიანი სიმთვრალიდან გამოფხიზლდა.

რუსეთს არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვება რომ სურს, ეს ისედაც ცხადია, თუმცა ამას კიდევ უფრო ამყარებს რამდენიმე ფაქტი. „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი 2024 წლის იანვარში წერდა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსკოვისგან კატეგორიული მითითება მიიღო, არ მოხდეს არანაირი ინციდენტი საქართველოსთან, რათა ხალხის განწყობები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არ გამყარდეს. 3 სექტემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიესალმება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას და რომ ქართული ოპოზიციის გამარჯვება აფხაზეთის ინტერესებში არ შედის.

რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმები და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ჰარმონიულად უგებენ 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულების დროსაც და მაშინაც, როდესაც ქართული ოპოზიციას, დასავლეთსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. „რევოლუციის გეგმაში“ ამხელენ. 27 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ აღკვეთა სურს, რომელსაც აშშ ამზადებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სწორედ ეს არის „უცხოელი აგენტების“ კანონის შემოღების მიზეზიც. შარშან რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი განაწყენებული იყო, რომ რუსული კანონის უკან გაწვევით საქართველომ „სუვერენიტეტის შანსი“ დაკარგა. „სუვერენიტეტის“ გააზრება ისე, ვითომ იგი ნიშნავდეს „არასდროს გამაკრიტიკო და შენთან კარგი ურთიერთობა მექნება“ პოსტსაბჭოთა რუსეთისა და ცენტრალური აზიის რეჟიმების პოზიციაა, რითაც ისინი საკუთარი ავტორიტარიზმის ლეგიტიმაციას ცდილობენ. ამ რეჟიმების მეორე საყვარელი ტერმინი არის „სტაბილურობა.“ „არ მოგწონს ადამიანის უფლებების მდგომარეობა უზბეკეთში? აბა, ყირგიზეთი და არეულობები გინდა? დააფასე ის სტაბილურობა, რისი უზრუნველყოფაც მხოლოდ ჩვენს მთავრობას შეუძლია და ხმას ნუ იღებ უსამართლობაზე.“ წელს „ოცნებამ“ გაკვეთილი გამოასწორა და ერს ის ნიკოლაი ტრუბეცკოის სანატრელი ევრაზიული სუვერენიტეტი სულ ცრემლსადენი გაზითა და სადარბაზოებთან ცემით დაუბრუნა.

ალექსანდრე რონდელის „ხაჟალიას პრინციპი“ გვეუბნება, რომ ის, ვის მხარესაც არის რუსეთი და რაც აწყობს რუსეთს, იმთავითვე მიუღებელი და არასწორია საქართველოსთვის, რადგან რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის მტერია.

25 წლის წინ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დღეს, ზურაბ ჟვანიამ ჩვენი ეპოქის განმსაზღვრელი სიტყვა „მე ვარ ქართველო და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ თქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ მის თაობას ჰქონდა პრივილეგია, საქართველო საუკუნეების შემდეგ ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა და წინაპართა ნატვრა აესრულებინა. დღეს „ქართული ოცნების“ ლოიალური პრორუსული ძალადობრივი ჯგუფები აცხადებენ: „მე ვარ ქართველი და არანაირი მაშასადამე.“ ისინი ქართველობას ილია ჭავჭავაძესაც დაუწუნებდნენ, ილია ხომ მუდამ იმას ნატრობდა და იმისთვის იღწვოდა, რომ საქართველო თავისუფალი ევროპის ნაწილი ყოფილიყო და ქართველ ახალგაზრდებს განათლება ევროპაში მიეღოთ. მართალია, ნიკოლაი ტრუბეცკოიმ უკეთ იცის, რა არის ქართველობა.

ამ ყველაფრის ფონზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ გაყინვაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჯერ კიდევ ივნისში გააკეთა განცხადება. ბორელის თქმით, ევროკავშირი განიხილავს ყველა შესაძლო ზომას, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც. აგვისტოს ბოლოს ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არათუ უკან გაიწვია ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი ნაბიჯები, როგორიცაა „აგენტების კანონი,“ არამედ სულაც ოპოზიციის აკრძალვა გამოაცხადა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი (რომელიც ორბანთან სიახლოვის გამო დიდი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მეგობრად მოიაზრებოდა) აცხადებს, რომ „საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ.“

9 სექტემბერს აშშ-ის ყოფილი ელჩი ეუთოში დენ ბეარი აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან სამწუხარო ამბები ხდება. „ოქტომბრის არჩევნები იქნება გარდამტეხი, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს შანსი იქნება შემცირდეს დემოკრატიული უკუსვლა, ასევე იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა გაჩერებულია. მომდევნო 50 დღე იქნება გარდამტეხი საქართველოსთვის. მე მქონდა შანსი შევხვედროდი პრეზიდენტს, რომელმაც შეხვედრაზე გვითხრა, რომ ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად, შეცვლილია მისი ტონი, მისგან დავინახეთ განგაშის სიგნალი.“

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა საერთო განცხადება გაავრცელეს. „საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.“

ქართველი ხალხისა მტკიცე არჩევანის გვერდით ყოფნას ჩვენი პარტნიორები მუდამ ადასტურებენ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. აშშ-ის ჰელსინკის კომისია, აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სხვა ქვეყნების მიმართ აშშ-ის პოლიტიკას შეიმუშავებს, „მეგობარი აქტის“ ავტორია. „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელთა დასჯას, თუმცა ამავდროულად საქართველოსთან ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას, თუკი საქართველო დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდება და „აგენტების“ რუსულ კანონს გაიწვევს. 9 სექტემბერს ჰელსინკის კომისიამ განაცხადა: „ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აწყდებიან რუსეთის ჩარევას და დემოკრატიის ეროზიას საკუთარ ქვეყანაში.“

ამ ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა, რადგან „ოცნების“ გაკეთილშობილების უკვე აღარავის სჯერა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, სხვა შანსი იმისა, რომ ჩვენმა ხმათა უმრავლესობამ საარჩევნო ყუთთან დაძლიოს და გადატეხოს რეჟიმი, რომელიც მიგვაქანებს დიქტატურასა და რუსეთში, შეიძლება აღარც გვქონდეს.

ჩვენ გვაქვს მრავალ თაობაში უნიკალური შანსი, საკუთარი ხელით მოვიტანოთ ცვლილება. ცვლილება თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, იმ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რასაც დამოუკიდებელი სასამართლო უზრუნველყოფს, რადგან ინვესტორი არ შემოდის ქვეყენაში, სადაც მის ბიზნესს შეიძლება ვინმეს პირადი ინტერესი დაემუქროს. ჩვენს ხელშია, ვისი საქართველო გვინდა, ილია ჭავჭავაძის თუ ნიკოლაი ტრუბეცკოის. ჩვენს ხელშია ცვლილება და არასდროს ჩვენი ხანგრძლივი და მრავალჭირნახული ისტორიის განმავლობაში საქართველოს ბედის გადაწყვეტა არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც უბრალოდ არჩევნებზე ხმის მიცემაა.

ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება | ნინა ბაზიკოშვილი

„ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა | მარიამ მიქიაშვილი

დევნილთა პრობლემების მოგვარება და გადაჭრის გზები | სოფია გოლეთიანი