შობადობისა და მიგრაციის ანტირეკორდი | გიორგი მსხალაია
შობადობის მაჩვენებელი ქვეყნის საერთო მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია - შობადობის კლება ქვეყანაში იწვევს ეკონომიკის შემცირებას, მცირდება ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოქალაქეების რაოდენობა და ფერხდება ქვეყნის განვითარება.
შობადობის შემცირება თვალშისაცემია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, არსებობს რეგიონები, სადაც არა მხოლოდ ახალშობილების, მთელი მოსახლეობის რიცხვიც დრამატულად იკლებს. მაგალითად: 2015-დან 2023 წლამდე თითქმის 68 000-ით შემცირდა იმერეთში მცხოვრებთა რაოდენობა; ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
ბოლო 9 წელიწადში 9 ათასით არის შემცირებული გურიის მოსახლეობა. ეს უფრო მეტია, ვიდრე დაბა ლანჩხუთში მცხოვრები ადამიანების რიცხვი.
13 000-ზე მეტით არის შემცირებული 2015 წლის შემდეგ შიდა ქართლის მოსახლეობაც. დაახლოებით ამდენი ადამიანი ცხოვრობს ქალაქ კასპში.
32 500-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სამეგრელოზემო სვანეთში - ეს სამჯერ მეტია, ვიდრე მთელი მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
საქართველოში შობადობის შემცირება იმ ნიშნულამდეა დასული, როცა ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2023 წელს ასეთი სურათი იყო თითქმის ყველა რეგიონში. გამონაკლისი მხოლოდ თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლია.
საქართველოს დემოგრაფიულ პორტრეტში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკონომიკურ მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ შემწეობას იღებდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი - უფრო ზუსტად, 676 641. ეს რიცხვი დღემდე, ამ პროგრამის მოქმედების პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიგრაცია
საქართველოდან ოჯახები ბავშვებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ძირითადად ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიდიან. გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, უფრო და უფრო ხშირად ისმის საქართველოდან წასვლის მიზეზად ცხოვრების დაბალი ხარისხი და პერსპექტივის არარსებობა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში 800 ათასზე მეტია გასული, 260 ათასით მეტი ადამიანი გავიდა ვიდრე შემოვიდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში (2021-2023) 157 ათასი ადამიანით მეტი წავიდა. ეს ფაქტი ადასტურებს (და უარყოფს „ოცნების“ ნარატივს), რომ ეს გასვლა არ არის დაკავშირებული უვიზო რეჟიმთან, რომელიც 2017 წლის მარტს გაიხსნა, ემიგრანტების რიცხვი კი განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში გაიზარდა.
მხოლოდ 2022 წელს საქართველოდან 15-დან 64 წლამდე ასაკის ასი ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ამ წელს 13 ათასი იყო ემიგრანტი ბავშვების რიცხვი.
სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სკოლებში სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, მკვეთრად გაიზარდა 2021 წლის შემდეგ. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოდან ემიგრაციაში წასული სკოლის მოსწავლეების რაოდენობა ასეთია:
2023 წელს - 5604 ბავშვი
2022 წელი - 5508 ბავშვი
2021 წელი - 2698 ბავშვი
2020 წელი - 1358 ბავშვი
2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა დაახლოებით იმდენივე ადამიანი, რაც მის ერთ რეგიონში - შიდა ქართლში ცხოვრობს, ანუ 244 966.
პანდემიის შემდეგ საქართველოდან იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი გადის სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, ვიდრე უკან ბრუნდება ემიგრაციიდან. გამოსავალი ცვლილებაშია, დავასრულოთ 12 წლიანი „ოცნება“, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის არაფერი გაუკეთებია, გარდა ტყუილი დაპირებების, ჩვენი ნდობისა და გულწრფელობის ბოროტად გამოყენებისა.
ჩვენს კოალიციას ცვლილებისთვის შესწევს პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, საქართველო უსწრაფესად შეიყვანოს ევროკავშირში, რაც ნიშნავს:
- უსაფრთხო და მშვიდ განვითარებას - ევროკავშირის შექმნის დღიდან მის ტერიტორიაზე ომი არასდროს ყოფილა;
- ჩვენი ეროვნული, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას;
- საშუალო შემოსავლის მინიმუმ სამჯერ გაზრდას - 3000 ევრომდე;
- განათლების სფეროში ხელფასის მინიმუმ შვიდჯერ გაზრდას;
- პენსიის მინიმუმ შვიდჯერ გაზრდას;
- მინიმუმ 2 პროცენტამდე შემცირდება საბანკო კრედიტი;
- მინიმუმ 4-ჯერ შემცირდება უმუშევრობის დონე;
- მინიმუმ 10 წლით გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ამერიკა ისევ გახდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამოქმედდება „მეგობარი აქტი“, რომლითაც დაწესდება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, რაც ქართულ ბიზნესს საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების შტატებში გატანას გაუადვილებს. გარდა ამისა, კანონპროექტი, ამერიკულ ბაზარზე მოხვედრის გამარტივებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შემოღებასაც ითვალისწინებს.