photo

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: 27 ოქტომბერს იქნება დიდი ზეიმი


- ბოლო დღეებში რეგიონებში ბევრი ოფისი გახსენით. შეხვედრებზე რა კითხვები აქვს ხალხს? უპირველესად, რას ითხოვს?

- ცვლილებას. შემოვიარეთ იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო. კი, შეხვედრებზე პრობლემებზე გესაუბრებიან - ეს ზოგან ინფრასტრუქტურაა, ზოგან - სოციალურ¬-ეკონომიკური საკითხები, ზოგან – ეს ყველაფერი ერთად. მაგრამ, საერთო ჯამში, მაგის მოსასმენად არ არიან მოსული, ამაზე ნაკლებად გველაპარაკებიან. უფრო აინტერესებთ, როგორ ვაპირებთ გამარჯვებას და ცვლილებას.

მთავარი კითხვაა, როგორ დავიცავთ ხმებს. ახლა მადუროს მაგალითიც არსებობს. ვენესუელაში თვლით არის დადასტურებული, რომ მადურომ გააყალბა, დახოცა, დაიჭირა ხალხი. შეხვედრებზე გვეკითხებიან, აქ თუ არსებობს მსგავსი საშიშროება. ამაზე უბრალო პასუხი მაქვს – საქართველო არ არის ვენესუელა. ის დიდი ქვეყანაა, ჩვენ – პატარა, არასდროს გამოსულა საქართველოში ეგეთი რაღაცები და არც არასდროს გამოვა. ახლაც კი, აქციები რომ იყო, ნებისმიერი დარბევის დროს აღმოჩნდა, რომ იქ იყო „ოცნების“ მაღალჩინოსნის, ან ბიზნესმენის შვილი, ან ძმისშვილი, ან ნათესავი და ა.შ. – არ გამოვა ეს ამ ქვეყანაში. შანსი არ არის.

გარდა ამისა, „ოცნებას“ აქვს კატასტროფული ვარდნა ამ რუსული კანონის შემდეგ. ჩვენ, პარტიებმა ჩავატარეთ ერთობლივი კვლევა, რომელიც ყველაზე სანდოა. შედეგებზე არც ერთ პარტიას არ ჰქონდა კითხვის ნიშანი, რადგან ყველა პარტიის მკვლევარი იყო ჩართული მეთოდოლოგიაში.

ამ კვლევიდან ნათლად ჩანს, რომ „ოცნება“ თბილისში 20 პროცენტზეა ჩამოსული, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი – 30-ზე. ეს არ ნიშნავს, რომ ამდენს აიღებენ, ამას კიდევ დაემატება გადაუწყვეტელი ხმების რაღაც ნაწილი, კიდევ – დაშინებით, შანტაჟით, მუქარით მოიმატებენ და ამ პროცენტს მაღლა აწევენ, მაგრამ ჩვენ ვართ ორჯერ მეტნი, ვიდრე ისინი. ამას ვუხსნით ხალხს შეხვედრებზე, რომ რაც შეიძლება ბევრნი უნდა მივიდნენ არჩევნებზე, თუ ვინმეს ყავს ოჯახის წევრი უცხოეთში, ყველას დაურეკონ და თხოვონ, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

უცხოეთშიც აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე. საზღვარგარეთ მცხოვრებთა განწყობები საქართველოში ჩატარებულ კვლევებში არ აისახება. ჩვენ ვიცით, რომ კრიტიკულად არის გაწყობილი ემიგრაციის უდიდესი უმრავლესობა, ამას აჩვენებს წინა არჩევნების შედეგები – ⅔ კრიტიკულადაა განწყობილი და ⅓ “ოცნების” მხარდამჭერია. ემიგრაციის ხმები ძალიან გვჭირდება.

ემიგრანტებისთვის 90 უბნის გახსნას ვითხოვდით ხელისუფლებისგან და არ ხსნიან. მაგრამ ამ ხალხთან გვაქვს კომუნიკაცია, ვთხოვთ, რომ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. გვინდა ვცადოთ ამ 90 ქალაქში ტრანსპორტის ორგანიზება, თვითონაც ცდილობენ, ერთად ჩავიდნენ დედაქალაქებში, სადაც საელჩოები და საკონსულოებია და მისცენ ხმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - 100 000 ემიგრანტი თუ მივიდა არჩევნებზე, ეს ძალიან დიდ უპირატესობას მოგვცემს. ყველა არჩევნებზე ეს პირველი ამოცანაა. მეორე ამოცანაა - მიღებული ხმების დაცვა. ჩვენ ვუყვებით ხალხს, რას ვაპირებთ - უბნებზე გვეყოლება პარტიული წარმომადგენლები და დამკვირვებლები. ვმუშაობთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სამოქალაქო სექტორთან. არსებობს არასამთავრობოთა კოალიცია, რომელიც ასევე დააკვირდება არჩევნებს. ხმების დასაცავად მათი რესურსიც იქნება გამოყენებული.

ამის შემდეგ აუცილებლად გვეკითხებიან – თუ მაინც დაწერეს მათთვის სასურველი შედეგები, მერე როგორ იქცევით? ვუხსნით, რომ ამის გაკეთება ისე, რომ არ იყოს ძალიან თვალსაჩინო, რთულია, რადგან იქნება ძალიან ბევრი დამკვირვებელი. ჩვენ უკვე ვიცით ახალ ელექტრონულ დათვლასთან დაკავშირებული პროცედურები. ასე რომ, ძალიან თავხედურად და უხეშად უნდა გააყალბონ და მიიღებენ კიდეც შესაბამის პასუხს. ეს პასუხი არ იქნება მაინცადამაინც ოპოზიციური პარტიისგან, ან ლიდერებისგან, ეს იქნება პასუხი ხალხისგან.

ერთგვარი ჰობი გავიჩინე – ყველა რეგიონში ვარკვევდი, ვინ იყო ადგილობრივი ფეოდალი, ბიძინას “ნამესტნიკი”, მისი წარმომადგენელი, რომელსაც რეგიონი აბარია. ჩვეულებრივი ფეოდალური სისტემაა ყველგან – რეგიონი ჩაბარებული აქვს ერთ ან ორ ადამიანს, რომელიც ადგილზე განკარგავს ყველაფერს. მაგალითად, ამბროლაურში

ასეთი ადამიანი არის დეპუტატი ენუქიძე, რომელსაც იქ, ადგილზე ყავს რწმუნებულის მოადგილე ქრისტინე კობახიძე, რომლიც მისი სახელით განკარგავს ყველაფერს. ადგილზე თუ რამე თანხები იხარჯება, ყველა ტენდერს იგებს ამ ხალხთან დაკავშირებული კომპანიები, მათი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები. რაც ბიუჯეტიდან ერგება რეგიონს, ეს ფეოდალი განკარგავს. შესაბამისად, იქიდან აკეთებს ძალიან ბევრ ფულს.

ხალხს იქ იმასაც ვუხსნით, რომ კი, შეიძლება სადღაც წყალიც გააკეთოს, გზაც, ეკლესიაც ააშენოს, სადღაც ქველმოქმედებითაც დაკავდება, მაგრამ ადა¬მიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ფული ამ ფეოდალს საკუთარი ჯიბიდან კი არ მოაქვს, არამედ ხალხის ფულია, მათია და არაფერი სამადლობელი არ აქვთ.

მეტიც – საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, დღემდე, ამ ქვეყანაში ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებაა და რამე რომ გამოიყენო – ტყე, ან წიაღისეული, ან ინერტული მასალები მოიპოვო – ამასაც ყელაფერს განკარგავს ბიძინას წარმომადგენელი პატარა ფეოდალი. ლიცენზიებსაც მხოლოდ „ნამესტნიკთან“ დაახლოებული კომპანია და ხალხი იღებს. როგორც ფეოდალური სისტემის დროს, აქაც ყველაფერი ბიძინას საკუთრებაა და მართვაში აქვთ გადაცემული რეგიონებში მის წარმომადგენელ ადგილობრივ ფოდალებს – ისინი განკარგავენ და ჭამენ, კორუფციული გზით შოულობენ ძალიან დიდ ფულს.

- როგორ უყურებს ხალხი ამ ფეოდალებს, შიში აქვთ?

- გარკვეულ ნაწილს - კი. და არამარტო შიში – ამბროლაურში წარმოუდგენელი რამ ვნახე, ენუქიძის მარჯვენა ხელს, ამ ქრისტინე კობახიძეს დითირამბებს უმღერიან, ლექსებს უძღვნიან, აქებენ და ადიდებენ. რეგიონებში ერთ¬-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მეტწილად დაცლილია ახალგაზრდებისგან. წამოსული არიან თბილისში, ან ქვეყნის გარეთ არიან. ადგილზე ძალიან ცოტა მოსახლეობაა დარჩენილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი „ოცნებას“ მიბმული ყავს ფულით, ფორმალურად ყავს დასაქმებული. მაგალითად, ჭიათურაში ადგილობრივები იცინოდნენ, სასაფლაოზე 120 ადამიანია გაფორმებული, მაგდენი საფლავიც არ არის იქო. ბიბლიოთეკაში 5 წიგნია და 15 ბიბლიოთეკარია დასაქმებული, 300300 ლარს აძლევენ, ამ ადამიანებს შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ, რადგან სხვა საქმე ადგილზე არ არის. გარდა ამისა, ფეოდალის ახლობლების კომპანებშიც არის დასაქმებული რაღაც ნაწილი.

მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ უნდა იქიდან გაქცევა და არც ასაკი აქვს იმის, რომ გადასახლდეს სადმე. ეს ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ისინი 300 ლარად „დასაქმებულებზე“ გვეუბნებიან, რომ ვერ მოვლენ შეხვედრაზე, საჯაროდ ვერ გააკეთებენ კრიტიკულ განცხადებებს, მაგრამ იციან მათი აზრი და მათაც ცვლილება უნდათ.

- ცვლილების ჟინი იგრძნობა? როგორი ატმოსფეროა იმ რეგიონებში, სადაც პირადად იყავით?

- ამ წუთში ეს არ იგრძნობა. ასეთი ატმოსფერო თბილისში დიდი გამოსვლების დროს იყო. მაშინ, უამრავმა ადამიანმა, რომელსაც წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღია, უცებ დაიწყო ლაპარაკი და ხელისუფლების კრიტიკა. როდესაც თბილისში ეს მუხტი ჩაცხრა და გადავერთეთ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ - ოლიმპიადაზე, მუხტი იქაც მინავლდა და ისევ რაღაც მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. თუმცა, ხალხი თავად ამბობს, რომ ბრაზი და მუხტი არსად წასულა და მაგის გაღვიძებას ისევ გამოსვლების ორგანიზება ჭირდებაო.

- მთავარი, რაზეც საუბრობთ შეხვედრებზე იმისთვის, რომ ხალხი არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში დაარწმუნოთ?

- ჩვენ, კოალიციის ლიდერები, განსხვავებული ადამიანები ვართ და სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ ხალხთან, ყველას საკუთარი იდენტობა გვაქვს მაინც.

ჩემი სათქმელი, რატომაც ვარ პოლიტიკაში და ვარ ამ კოალიციაში, არის ის, რომ ეგეთი შანსი, რომელიც ახლა მიეცა ამ ქვეყანას და ამ თაობას, არ ქონია არავის და არც რომელიმე სხვა თაობას. თუ პოლიტიკოსს ეძახი საკუთარ თავს, ხარ პოლიტიკაში, გინდა რეალობის შეცვლა – ამ შანსის გაშვება იქნება უდიდესი უპასუხისმგებლობა.

ახლა გვაქვს შანსი, 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ – გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რაც მნიშვნელოვანწილად მოგვიგვარებს უსაფრთხოების პრობლემას, ეკონომიკურ¬-¬სოციალურ პრობლემებს.

მყავს სამი შვილი, მათ შორის ერთი პატარაა, 7 წლის. მე არ მჯერა, რომ ცხოვრებაში კიდევ მომეცემა შანსი, იმაზე მეტი გავაკეთო ჩემი შვილებისთვის, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია.

ორი რამ არის, რაც ჩემს შვილებს მინდა დავუტოვო – ქვეყანა, რომელსაც აღარ ექნება მუდმივი საფრთხე ჩრდილოეთიდან. 15 წელი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში, მას შემდეგ ვცხოვრობ დამოუკიდებელ საქართველოში და ეს საფრთხე დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავს. არ მინდა, ჩემს შვილს დავუტოვო ქვეყანა, სადაც მუდმივი საფრთხის ქვეშ იცხოვრებს. ეს მშობლის ბუნებრივი ინსტიქტია. შეიძლება მოგვარებული ვერ დავუტოვო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მაგრამ უსაფრთხო ქვეყანა მინდა დავუტოვო. ამას ვეუბნები სიტყვა-¬სიტყვით შეხვედრაზე მოსულ ადამიანებსაც.

მეორე, რაც მინდა დავუტოვო ჩემ შვილებს, ესაა პასპორტი, არა მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პასპორტი, ევროკავშირის მოქალაქის პასპორტიც, რომელიც საუკეთესოა, სავარაუდოდ, აშშ-ს პასპორტის მერე. ეს იქნება პირველხარისხოვანი მოქალაქის პასპორტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მოუნდება ევროპული განათლება – მიიღებს, დაჭირდება ევროპული ჯანდაცვა – ექნება. დედამიწის ნებისმიერ წერტილში იქნება პირველხარისხოვანი მოქალაქე.

უსაფრთხო ქვეყანა და მაგარი პასპორტი – რა უნდა გავაკეთო მაგაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილებისთვის და მით უმეტეს, პოლიტიკაში რა უნდა გავაკეთო მაგაზე მნიშვნელოვანი, უბრალოდ, არ ვიცი. როცა ხალხს შეხვედრებზე ამაზე ვესაუბრები, დავაკვირდი, რომ ქალებს უფრო ესმით და რეაგირებენ ამაზე, ვიდრე კაცები. მგონია, რომ როცა შვილებზე ლაპარაკობ, ქალები სხვანაირად რეაგირებენ, სხვანაირად გისმენენ და სხვანაირად ესმით – ეს სულ ჩანდა მათ თვალებში. მგონია, რომ ეს დედის ინსტიქტია. ზუსტად იციან, რა არის მათი შვილებისთვის კარგი. დეზინფორმაციული კამპანიის, რომ ევროპა ცუდია, ისეთია და ასეთია – ამ ხალხს არ სჯერა.

27 ოქტომბერს მგონია, რომ იქნება დიდი ზეიმი. 27-ში მოვიგებთ. მგონია, რომ იმდენად დიდი უპირატესობა იქნება აქეთ მხარეს, რომ ვერ გაბედავენ თავის შედეგების დაწერას. რიცხვებში ჩანს, რომ ვერ გაბედავენ.

26 ოქტომბერი - დიდი საქმის დღე | ზალიკო სამადაშვილი

ქართველი ფერმერები სწრაფად გამდიდრდებიან | ჯამბულ ხოზრევანიძე

ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით მოგზაური თევზი | ბორის ჩელე ყურუა