photo

პენსიების ქურდი მთავრობა | ანა გოგოლაძე

დაგროვებითი საპენსიო ფონდი, რომელიც შედარებით ახალია ჩვენი ქვეყნისათვის, წარმატებული და განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში მრავალი წელია, ფუნქციონირებს. ამ ფონდის მიზანია, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მოქალაქეებს ჰქონდეთ ადეკვატური პენსია, რომელიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ სიბერეს. ეს სისტემა გულისხმობს სქემაში მონაწილე პირის საპენსიო ანგარიშზე დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ ცხოვრების მანძილზე არსებული შენატანების დაგროვებას, რაც საპენსიო ასაკის მიღწევისას საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის.

ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობამაც შემოიღო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლის მიზანიც მოსახლეობის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა იყო. პენსიაზე გასვლის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან ერთად (რომელიც დღეისათვის საშუალოდ 400 ლარია), მოქალაქეები ფონდში წლების განმავლობაში ნაგროვებ პენსიასაც მიიღებენ.

საქართველოში პენსიის დაგროვების სქემა მუშაობს შემდეგნაირად: დამსაქმებელი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე რიცხავს მისი ხელფასის 2 პროცენტს, ამავე ოდენობის თანხა შეაქვს თავად დასაქმებულს (2 პროცენტი) და სახელმწიფოს (2 პროცენტი). შესაბამისად, ჯამში, ყოველთვიურად მოქალაქეს თავისი ხელფასის 6 პროცენტი ეზოგება საპენსიო ანგარიშზე. ამ თანხას შემდეგ

საპენსიო სააგენტოში არსებული საინვესტიციო საბჭო სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში აბანდებს – მაგალითად, ბანკის დეპოზიტზე დებს, ყიდულობს რომელიმე ცნობილი კომპანიის (კოკა-კოლა, მერსედესი…) აქციებს ან ფასიან ქაღალდებს, რითიც თქვენს დანაზოგს ემატება დამატებითი სარგებელი. მაგალითად, თუ წლის განმავლობაში თქვენი დანაზოგი (6 პროცენტი) შეადგენს 1000 ლარს, საინვესტიციო საბჭო ამ თანხას, პირობითად, განათავსებს ბანკის ანგარიშზე ან იყიდის რომელიმე კომპანიის აქციებს და სარგებლის სახით დაგირიცხავთ დამატებით 100 ლარს. შესაბამისად, თქვენი დანაზოგი იქნება 1100 ლარი.

სააგენტოს მიერ დაზოგილი თანხების გონივრულად და მიუკერძოებლად ინვესტირების შემთხვევაში, საპენსიო ასაკისთვის, რომელიც საქართველოში ქალის შემთხვევაში 60 წელი, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში 65 წელია, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. ჩვენი საპენსიო დანაზოგების გონივრულად და უსაფრთხოდ ინვესტირება 5 წლის განმავლობაში მინდობილი ქონდა კონკურსის წესით შერჩეულ საინვესტიციო საბჭოს, რომელიც შედგებოდა უცხოელი, დიდი და სანდო გამოცდილების მქონე წევრებისაგან. ამ ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქეა ჩართული და მათი დანაზოგები ჯამში 5 მლრდ ლარს აჭარბებს.

რა იცვლება და რას უნდა ველოდოთ

მიმდინარე წელს, „რუსული კანონის”, „ოფშორების კანონის” და სხვა ანტიეროვნული კანონების ინიცირების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ცვლილებები შეიტანა „დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონშიც, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პენსიების ქურდი კანონი. ამ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რადგან მიიჩნია, რომ მისი არსით მავნებლური და კიდევ ერთი „რუსული კანონი“ იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო ამ შემთხვევაშიც დაძლია და მავნებლური ცვლილებები აამოქმედა.

სტატიაში ვეცდებით, აგიხსნათ, რა იცვლება მილიონ ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქისთვის, რომლებიც 5 წლის განმავლობაში აგროვებდნენ თანხას ღირსეული სიბერისთვის და რა ბედი ელის მათ მიერ დაროვილ 5 მილიარდ ლარზე მეტს.

სტატიაში ვეცდებით, აგიხსნათ, რა იცვლება მილიონ ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქისთვის, რომლებიც 5 წლის განმავლობაში აგროვებდნენ თანხას ღირსეული სიბერისთვის და რა ბედი ელის მათ მიერ დაროვილ 5 მილიარდ ლარზე მეტს.

ჩვენს დანაზოგებს, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ნაცვლად, განკარგავს პრემიერმინისტრის მიერ, ერთპიროვნულად დანიშნული მმართველობითი საბჭო.

აქამდე ჩვენი თანხების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა პარლამენტის, მათ შორის ოპოზიციური დეპუტატების, მიერ დანიშნული გუნდი. ცვლილებების შემდეგ ჩვენს თანხებს განკარგავს ქართული ოცნების პრემიერმინისტრის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული საბჭო. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ საინვესტიციო საბჭო ჩვენი დანაზოგების დაბანდებისას დაექვემდებარება პრემიერის პარტიულ მითითებებს, ძალიან მაღალია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საპენსიო დანაზოგები მაღალი ალბათობით გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ პარტიული და ბიზნეს ინტერესებისათვის.

მოქალაქეებს საკუთარი დანაზოგების კერძო დაგროვებით ფონდებში გადატანის უფლება ჩამოერთვათ და ჩვენს ფულს სამართავად მთლიანად იტოვებს „ქართული ოცნება“.

თუ მოქალაქისთვის საპენსიო დანაზოგების შენახვა სახელმწიფო ფონდში ნაკლებად სანდო იყო, კანონის მიხედვით, 2025 წლიდან გვეძლეოდა შესაძლებლობა, დანაზოგები გადაგვეტანა კერძო კომპანიებში. მაგალითად გიორგის, რომელსაც 20 ათასი ლარი აქვს მოგროვებული, მომავალი წლიდან საკუთარი თანხა შეეძლო წაეღო კერძო კომპანიაში, რომელსაც ძალიან ენდობა და უშუალოდ ყოფილიყო ჩართული მისი თანხის გონივრულ დაბანდებაში. ამგვარ პრაქტიკას, რომელიც მოქალაქეებს აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, სად შეინახონ თანხა, იცნობს საერთაშორისო პრაქტიკაც. თანხა მიმაქვს იმ კომპანიაში, რომელსაც უფრო მეტად ვენდობი.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ცვლილებებით მოქალაქეებს წაართვა საკუთარი დანაზოგების განკარგვის შესაძლებლობა. კერძოდ, აუკრძალა თანხის გადატანა კერძო კომპანიებში და იძულების წესით ატოვებინებს სახელმწიფო საპენსიო ფონდში და ამ ეტაპისათვის 5 მილიარდიან ფონდს სრულად უქვემდებარებს პარტიულ გადაწყვეტილებებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საპენსიო ფონდის შესახებ კანონმდებლობა მოარგო საკუთარ ინტერესებს, რომლითაც მთავრობას თქვენი დანაზოგების განთავსება შეუძლია ბუნდოვან და სარისკო პროექტებში.

როგორც თავში აღვნიშნეთ, თქვენს დანაზოგებს საპენსიო ფონდი ათავსებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში (ბანკის დეპოზიტი, აქციები, ფასიანი ქაღალდები), რითიც თქვენს დანაზოგს ემატება დამატებითი სარგებელი.

ცვლილებების შემდეგ, კანონში გაჩნდა ბუნდოვანი ჩანაწერი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, ასობით მილიონი ლარი განათავსოს სარისკო და გაურკვეველ პროექტებში. მაგალითად, ნაცვლად მერსედესის აქციებისა, თქვენი თანხები ჩადოს ადგილობრივ, მაღალი რისკის მქონე მშენებლობაში, სადაც თქვენი დანაზოგების დაკარგვის ალბათობა მაღალია.

აღნიშნული ცვლილებით „ქართულ ოცნებას“ მიეცა შესაძლებლობა, ჩვენი კუთვნილი საპენსიო დანაზოგები გამოიყენოს პირადი, პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისათვის, სარისკო და კორუფციულ პროექტებში დაბანდების გზით.

დასკვნა

დაგეგმილ ცვლილებებს შეგვიძლია ვუწოდოთ პენსიების ქურდი კანონი, ვინაიდან ის საქართველოს 1.5 მილიონი მოქალაქის 5 წლის განმავლობაში ნაგროვებ 5 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგებს პირდაპირ უქვემდებარებს ქართული ოცნების პარტიულ ამოცანებს და აქცევს ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ.

არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კანონში განხორციელებული ეს ცვლილებები, მოქალაქეების კუთვნილი დანაზოგების მართვის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღოს პარტიული გავლენებისგან თავისუფალმა პროფესიონალთა ჯგუფმა. ასევე, სისტემის მონაწილეებს უნდა მიეცეთ არჩევანის შესაძლებლობა, სურთ თუ არა დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა და ქონდეთ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი, ვის მიანდონ საპენსიო დანაზოგების მართვა.

უპერსპექტივობის 12 წელი | გიორგი თარგამაძე

„ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე სახლში დარჩენილი ამომრჩეველია | მარიამ მიქიაშვილი

რუსეთის ბრძოლა საქართველოს ეკლესიასთან | ივანე წერეთელი, ნინო კვიტაიშვილი