photo

ამერიკა - შესაძლებლობები, გაძლიერება და განვითარება | სანდრო წერეთელი

ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა - ეს ფრაზა ალბათ არაერთხელ სმენია თითოეულ ჩვენგანს. მსგავსი ფრაზები შემთხვევით არ ჩნდება და არ იბეჭდება ადამიანის ქვეცნობიერში, როგორც ერთ-ერთი პირველი რამ, რაც ამერიკაზე გვახსენდება ხოლმე. არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, როგორ დაიწყო შტატებში ერთმა ინდივიდმა თუ კომპანიამ, ცარიელი ფურცლიდან და როგორ გახდა ბოლოს მისი იდეა დიდი ცვლილებისა თუ წარმატების მომტანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურად. სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ვახსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც დასაბამს ამერიკიდან იღებს. მაგალითად: თვითმფრინავი, მობილური ტელეფონი, ნათურა, კოსმოსური ხომალდი, ინტერნეტი, ანესთეზია, მაგნიტურ-რეზონანსული სკანერი და ა.შ. სია ძალიან გრძელია. ჩამოთვლილი გამოგონებებს ერთი შეხედვით ერთმანეთთან ბევრი არაფერი აკავშირებს, მაგრამ სინამდვილეში კავშირი არსებობს. ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენებით მინდოდა, ხაზი გამესვა ყველაზე ძირეული ამერიკული მისწრაფებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოგონებების ავტორები სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ, მათ აერთიანებდათ ის, რაზეც დგას ამერიკული ღირებულებები. ეს არის ადამიანისთვის ცხოვრების გამარტივება/აჩქარება და საზღვრების შემცირება და იმის გააზრება, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა მაშინაც კი, როდესაც ჩვენს პლანეტას ვცდებით, განათლების მიცემის, გაცვლის და მიღების უსაზღვრო შესაძლებლობა და ყველაზე მნიშვნელოვანი, მის ჯანმრთელობაზე პრევენციული და კომპეტენტური ზრუნვა.

შესაძლებლობების ქვეყანას თავის წარმატების ფორმულა აქვს, თითქოს ტრივიალური, თუმცა სხვა ქვეყნებისთვის საკმაოდ რთულად დასაბალანსებელი. ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მდიდარი, განათლებული, თუ უფრო დიდი კულტურის მქონე ქვეყანა. ამერიკას და მის მოქალაქეებს, სხვა ქვეყნებისგან განასხვავებს ის, რომ მათ აქვთ დაუოკებელი ჟინი ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ და უკეთესი სამყაროსკენ. ალბათ, არ არის სწორი ნობელის პრიზი ავიღოთ ერთადერთ ინდიკატორად, თუმცა ვფიქრობ რომ ეს სტატისტიკაც ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ უფრო მეტ ადამიანს აქვს ფიქრის, გამოხატვის და წარმატებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა: ამერიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა ნობელის პრემიის ლაურეატების რაოდენობით (413), როდესაც გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და გერმანიას ერთად ჰყავთ მხოლოდ 328 ლაურეატი. ესეც მეტყველებს რომ ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა.

წარმატების ფორმულას რომ დავუბრუნდეთ, პირველ რიგში, ეს არის გამართული, ძლიერი და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ახალისებს წარმოებასა და ინოვაციას. რაც ყველაზე საგულისხმოა, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ეთნიკურ რელიგიურ თუ სხვა კუთვნილებას. ამერიკის წარმატების ქვაკუთხედი არის „ამერიკული ოცნების“ იდეა - რწმენა, რომ ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად იმისა თუ საიდან იწყებს, შეუძლია მიაღწიოს წარმატებას საკუთარი შრომითა და მონდომებით. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, რადგან მილიონობით ემიგრანტს ეს სიტყვები განხორციელებული აქვს, მაგალითად: ილონ მასკი; სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ბიზნესმენი; ნიკოლა ტესლა; სერბეთში დაბადებული გამომგონებელი; არნოლდ შვარცნეგერი; ავსტრიაში დაბადებული მსახიობი და პოლიტიკოსი; მედელინ ოლბრაითი, ჩეხოსლოვაკეთში დაბადებული ამერიკის სახელმწიფო მდივანი; მერაბ დვალიშვილი, ვანის რაიონში დაბადებული შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი და ა.შ. აქაც შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ ინდივიდებზე, რომლებმაც შეცვალეს სამყარო გახდნენ გავლენიანი ფიგურები. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ ადამიანების ამერიკაში ჩასვლა და იქ მინიჭებული შესაძლებლობები, განათლება და გარემო იყო მათი წარმატების საწინდარი. მიკერძოებული ვიქნები და მინდა მერაბი გამოვყო ამ სიიდან. კი, არნოლდ შვარცნეგერი დაიბადა ავსტრიის ერთ-ერთ სოფელში და გახდა მსოფლიო ვარსკვლავი და შემდეგ კალიფორნიის გუბერნატორი, რაც ერთმნიშვნელოვნად ინსპირაციის მომცემი ისტორიაა. კი, ილონ მასკი, იყო სამხრეთ აფრიკელი თავიდანვე საკმაოდ წარმატებული მწარმოებელი, მაგრამ მისი მიზნები ამერიკაში გასცდა ჩვენს პლანეტას და ახლა საკუთარი კერძო კოსმოსური კომპანია აქვს. მაგრამ, მერაბის ისტორია კიდევ უფრო განსხვავებული და ინსპირაციის მომტანია ქართველისთვის: ადამიანი, რომელმაც ჩვენსავით ყველა სიმძიმე გამოიარა, ბედის საძებნელად და ოცნების ასახდენად, 21 წლის ასაკში ამერიკაში წავიდა და თან მხოლოდ მიზანი და შრომის ეთიკა წაიყოლა. მას არ ჰყოლია გავლენიანი მეგობრები და არსად არ უსარგებლია პრივილეგიებით. 2024 წელს მერაბ დვალიშვილი თავის წონაში საუკეთესო მებრძოლია პლანეტაზე.

ამერიკის შესაძლებლობების და გაძლიერების ეფექტი არ სრულდება ამ ქვეყნის საზღვრებს შიგნით. იმისათვის რომ სხვა ქვეყანამ ეს ეფექტი შეიგრძნოს და პირდაპირ ასახოს მის მოქალაქეებზე, საჭიროა მჭიდრო პარტნიორობა. საქართველო იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ იღებს ერთი პატარა, ამერიკისგან გეოგრაფიულად 10284 კილომეტრით დაშორებული ქვეყანა დიდი სარგებელს. ამ პარტნიორობას და სარგებელს მრავალი წახნაგი აქვს მაგრამ მნიშვნელოვანი მიმართულებებია: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება, გრძელვადიანი გარანტირებული მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მე ძალიან გამიმართლა და აღმოვჩნდი იმ ადამიანებს შორის, ვისაც ხვდა წილად ბედნიერება და პრივილეგია, რომ განათლება მიეღო პრესტიჟული ამერიკის სამხედრო აკადემიების ოთხეულიდან ერთ-ერთში: სანაპირო დაცვის აკადემიაში. ოთხწლიანი საბაკალავრო კურსი იყო სავსე გამოწვევებითა და თავგადასავლებით. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ კარგად გამეაზრებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა და რა აუცილებელია ასეთ დროს სანდო და მტკიცე პარტნიორი გვერდით. ერთი შეხედვით, ჩემი ამერიკულ სამხედრო უნივერსიტეტში სწავლა სრული დაფინანსებით, ერთი ადამიანისთვის განათლების მიცემაა და სხვა არაფერი. სინამდვილეში, ეს ცხადყოფს გულწრფელ სტრატეგიულ მიდგომას პარტნიორობის მიმართ. ჩემი და ჩემნაირი კადეტების სწავლის დაფინანსება და წვრთნები მათი გადმოსახედიდან გლობალურ უსაფრთხოებაში ინვესტირებული სახსრებია: მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი საქართველოსთან ურთიერთობა და მზად არიან საქართველოს მოქალაქეებს გაუნაწილონ ის სიკეთეები, რაც მათ მოქალაქეებს აქვთ. იმისათვის რომ სამხედრო კოოპერაცია ორ ქვეყანას შორის იყოს წარმატებული, რა თქმა უნდა, აუცილებელია ღირებულებათა ღერძის თანხვედრა. საბედნიეროდ ქართველ და ამერიკელ სამხედროებს არ დასჭირვებიათ მორალური კომპრომისებზე სიარული იმისათვის, რომ ურთიერთთავსებადობა შემდგარიყო. ჩვენ, ისევე როგორც ამერიკელები, დასავლურ, ქრისტიანულ ღირებულებებს ვატარებთ. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მე მეპყრობოდნენ როგორც თანაბარს თანაბართა შორის, ვგრძნობდი პატივისცემას და ინტერესს ჩემი ქვეყნის და რელიგიის მიმართ. მქონდა შესაძლებლობა ძალიან ბევრ ამერიკულ ოჯახში მეგრძნო რომ ეს ქვეყანა დგას ოჯახურ ტრადიციებზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე და მომართულები არიან სხვების მხარდაჭერისკენ.

რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს ისტორიის მანძილზე საუკეთესო პარტნიორები არ ჰყოლია: მეტიც ისტორიული საზომით, სულ ახალი გამოსულები ვართ იმ მენტალური დამღიდან, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. წართმეულმა სამოცდაათმა წელმა იქონია სერიოზული ეფექტი ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებზე. თუმცა, კარგი ის არის, რომ ეს ეფექტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ქართველების მატებასთან ერთად ქრება. ათწლეულების მანძილზე ჩვენ გვაჯერებდნენ რომ დამოუკიდებლად და თავისუფლად ვერ ვიცხოვრებდით და რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო. ამ ქვეყანაში უკვე სრულწლოვანი 700 000 დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდა ვცხოვრობთ. ეს რიცხვი იმედის მომცემია, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ გადმოცემით ვიცით თუ რა არის ის ჯოჯოხეთი რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა: ეპოქა, რომელშიც ქვეყნის მოაზროვნე და დისიდენტური მოსახლეობა ან დახვრიტეს ან გადაასახლეს, მაგრამ მაინც ვერ მოკლეს თავისუფლება, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ თავისუფლებისაკენ ლტოლვას გენეტიკურად გადავცემთ.

ხშირად მსმენია, რომ როდესაც ამერიკის მხარდაჭერაზე და პარტნიორობაზე ამბობენ, რომ მათ (ამერიკელებს) თავისი ინტერესი აქვთ. რა თქმა უნდა, ამერიკას თავისი ინტერესი აქვს, ძალიან უცნაური და არადამაჯერებელი იქნებოდა ეს რომ ასე არ იყოს. ეს ინტერესი არც არის დამალული. ავხსნათ თუ რაში მდგომარეობს ამერიკის ინტერესი: პირველი და უმთავრესი დემოკრატიული წყობის გავრცელებაა მსოფლიოს მასშტაბით. იქ, სადაც ნამდვილი დემოკრატიაა და ადამიანის უფლებები დაცულია, ყველგან მეტი კეთილდღეობა და გრძელვადიანი მშვიდობაა. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, ამერიკის ყველაზე ახლო პარტნიორებად მიიჩნევა. არცერთ ამ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც გახდნენ ამ გაერთიანების წევრები, ომი არ ყოფილა. ამერიკასთან ერთად ამ ქვეყნების ინტერესიც არის მსოფლიო სტაბილურობა, მეტი სავაჭრო პოტენციალი და სხვადასხვა სამეცნიერო თუ კულტურულ სფეროებში კოოპერაცია. ბუნებრივია რომ მათი სურვილი და ინტერესია, რომ ასეთი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდოს, რათა მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა მეტი გარანტიით და უფრო გრძელვადიანად არსებობდეს. ეს ინტერესი არც საქართველოსთან დაკავშირებით იცვლება: მათ სურთ საქართველო გახდეს განვითარებული თანამედროვე სახელმწიფო, მათი და ჩვენი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი და მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ქართველებსაც გვსურს მეტი კეთილდღეობა, უსაფრთხოება და განვითარება რეგიონში.

ამერიკა გამოირჩევა არა თავისი სიძლიერით, სიმდიდრითა და გავლენით, არამედ მისი უნარით, შექმნას შესაძლებლობები საკუთარი ხალხისთვისა და პარტნიორებისთვის: ყველასთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს. ქართველმა ხალხმა ეს სურვილი მკაფიოდ ჯერ კიდევ წლების წინ გამოხატა, 26 ოქტომბერს კი, ამას უკვე ოფიციალურად გააკეთებს არჩევნებზე, რომელიც რეფერენდუმის ტოლფასია: ქართველი ხალხი გადაწყვეტს საქართველო მარტო უნდა დარჩეს რუსეთის პირისპირ, თუ შევიდეს ევროკავშირში და ამავდროულად გააგრძელოს პარტნიორობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან.

დასავლეთი საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს | ნიკა გვარამია

მითები და რეალობა ევროკავშირის შესახებ | ნიკა ფარულავა

ამომორჩევლის ხმა ნამდვილად ფარულია| ნანა ლომიძე