photo

ზურაბ დათუნაშვილი: აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, თუმცა, არა მხოლოდ საქართველოს სახელით. აქ ვერც სამართლიანობა იპოვა და ვერც საბრძოლო ხალიჩაზე დარჩა. პირიქით, მისმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის სპორტიდან წასულიყო. უსამართლობის მსხვერპლი და თითქოს ქვეყნიდან გაძევებული სერბეთმა შეიფარა. იქ გუნდის კაპიტანი გახდა. საქართველოში ფალავანთა ნაკრების გუნდის კაპიტანიც იყო, სანამ უსამართლობებს არ წააწყდა და დაჩაგრულების გვერდით არ დადგა. ამით თავს ნამდვილად არ იწონებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია მისთვის.

ჩემს წინ ჩემპიონი ზის და ამბავს ისე ჰყვება, თითქოს, ერთი უმნიშვნელო შეჯიბრება მოეგოს. როცა ბრძოლიდან გამოდის, ერთი სხვებისთვის შეუმჩნეველი წესი აქვს, - იხრება და ხელით ეხება საბრძოლო ხალიჩას. ვარჯიშის დროსაც სიამოვნებას იღებს, ბრძოლის დროსაც. ბრძოლის წინ ბრაზდები? - „არა, ვიღიმი. თუ გაბრაზდი, შეცდომას დაუშვებ“.

ხალიჩაზე დაპირისპირების მიუხედავად, მოწინააღმდეგესთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვს. კი, შეჯიბრი ყველაზე სასიამოვნო წუთებია - უძილო ღამეები, მკაცრად დაცული სპორტული რეჟიმი და მუშაობის ხანგრძლივი პროცესი უკან რჩება, როცა ხალიჩაზე გადიხარ საბრძოლველად. ცხოვრებაც ხომ, გარკვეულწილად, ბრძოლაა - მარცხიც არის და მოგებაც.

უყვარს საკუთარ თავში აღმოჩენები, ძიება, ფიქრი, გულღია ადამიანებთან ურთიერთობა, გახარებული სახეები, რაც სამშობლოში დაბრუნებისას ვერ ნახა. დღეს უკვე ყოფილი სპორტსმენია. კარიერა დაასრულა. პოლიტიკაზე არც უფიქრია და ცოტა ხნის წინ ეს ვერც წარმოედგინა. თუმცა, წლების წინ მომხდარმა უსამართლობამ ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.

- რატომ პოლიტიკაში?

- მართლა მინდა ჩვენი ქვეყანა შევცვალოთ. შემეძლო ევროპის სხვა ქვეყნებში წასვლა, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრება, მაგრამ მინდა, ჩემი ქვეყანა უკეთესი გავხადო. ნიკა გვარამიამ დამირეკა, მინდა, ჩვენს გუნდში იყოო. რომ დავფიქრდი, იდეურად ისედაც ამ გუნდში ვიყავი და გადავწყვიტე, ფიზიკურად ჩავერთო ამ ბრძოლაში. ახლა ჩართული ვარ წინასაარჩევნო პროცესებში. პირველ რიგში არჩევნები უნდა მოვიგოთ, შემდეგ მინდა სპორტის სფეროში ვიყო. თუნდაც, ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ - არ მინდა, ერთი ბავშვი მაინც დაიჩაგროს და მოუწიოს ქვეყნიდან წასვლა. ისეთი ვითარება შემიქმნეს, რაღაცნაირად, ცუდად წავედი. თითქოს, ქვეყნიდან გამაგდეს... ზუსტად ამიტომ არ მინდა, რომ ერთი ბავშვიც კი აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში.

- დაბრკოლებები ზოგჯერ კარგად მთავრდება...

- კრიზისები წარმოშობს სინათლეს. რატომ არ უნდა შევუქმნათ ჩვენ ბავშვებს ისეთი გარემო, რომ აქ დაიხარჯონ, მიაღწიონ წარმატებას და არ წავიდნენ ქვეყნიდან?! ჩემს შემთხვევაში კრიზისმა მოტივაცია მომცა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველასთვის ასე იქნება?!

- ფედერაციაში რა ხდება დღეს?

- ფედერაციაში ისევ იგივე პრეზიდენტია, ვინც წლების წინაც იყო. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ისიც იქნება. იქაც ის სიტუაციაა, რაც ქვეყანაში - ნეპოტიზმი, კორუფცია ...

- თქვენი პირველი მწვრთნელი ვინ იყო?

- უილიამ ხარაზოვი, ავლაბრელი კაცი, ძველი თბილისელი, პაპაჩემის მეგობარი იყო. დღესაც ურთიერთობა მაქვს, ოჯახის წევრივით არის. 6 წლის ვიყავი, ჭიდაობაზე რომ შევედი. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ვცხოვრობთ და იქვე იყო პატარა დარბაზი, მთელი ცხოვრება მანდ დავდიოდი. მერე ფალავანთა კლუბში მოვხვდი. მწვრთნელმა აღმომაჩინა, ერთხელ დარბაზში შემოვიდა და თქვა: ეს ბავშვი ან ამაშენებს, ან დამანგრევსო.

- ქვეყნიდან წასვლამდე პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- გამიჭირდა, სიმართლე გითხრათ. უცებ გათენდა და სისტემა აღმოჩნდა ჩემს წინააღმდეგ. ვიღაც მამაოც მომიგზავნეს, მერე ვიღაც ძველი ბიჭი მირეკავდა, გარეთ რომ გავდიოდი, ჩემი სახლის წინ პოლიცია იდგა, სიტუაციის დალაგება უნდოდათ. წელიწადნახევარი დაიკარგა ამ ვითომ „დალაგებაში“... მერე სერბეთის შანსი გაჩნდა. არ მიშვებდნენ, დროს წელავდნენ. ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერა მჭირდებოდა საბუთზე, ქვეყანას რომ იცვლი, საჭიროა - არ მაძლევდნენ.

- იქ ყველაფერი თავიდან დაიწყეთ?

- სერბეთის სახელით პირველი შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო რომში. ისე მინდოდა გამარჯვება, სტრესში ვიყავი, ემოციებს გადავაჭარბე და პირველივე შეხვედრა წავაგე. ამ შეჯიბრებას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც ესწრებოდა. წაგების მერე სერბეთის წარმომადგენლებთან მივიდა, - ხომ გითხარით, ცუდი არჩევანი გააკეთეთ, დათუნაშვილი გამარჯვებას ვერ მოგიტანთო. თუმცა, სერბეთის მხრიდან სხვაგვარი დამოკიდებულება იყო. მითხრეს, რომ არაფერზე მენერვიულა, პირველ შეჯიბრებაზე ასე ხდებაო, ყველაფერი კარგად იქნებაო. მათი პროფესიონალიზმი მანდ გამოვლინდა.

ამ წაგების მერე თავი გადავდე. ერთი წლის განმავლობაში დილის 7 საათიდან საღამოს 9-მდე ვვარჯიშობდი. ყველაფერზე უარი ვთქვი და შემდეგ ევროპის ჩემპიონი გავხდი ვარშავაში, მოგვიანებით ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვე ბულგარეთში. ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალი ავიღე. იქამდე ორი თვით ადრე ევროპის ნახევარფინალში შევხვდი უკრაინელს და მოვუგე, დღესაც ვმეგობრობ მასთან. მასაც პოლიტიკაში ჩართვა მოუწია და დღეს უკვე პარლამენტის წევრია. ოლიმპიადაზეც შევხვდით ერთმანეთს და მან მომიგო, მერე ის გახდა ჩემპიონი. ორ თვეში იყო მსოფლიო ჩემპიონატი და იქაც გავიმარჯვე. ერთ წელში მაღალი შედეგები მქონდა.

მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიგე ოსლოში, წრეზე მოვდიოდით, სერბებმა დროშა მომცეს. ქართველი ბიჭები დავინახე, დროშა მომაწოდეთ-თქო, სამწუხაროდ, არ მომცეს. ვიდეოშიც ჩანს, რაღაცას რომ ვეუბნები... მძიმე განცდაა. ყველაზე რთული რა იყო, იცით? მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველს შევხვდი, კარგ ბიჭს, კარგ სპორტსმენს. მოვუგე. მე ფინალში გავედი, ის - მესამეზე. როცა კვარცხლბეკზე ერთად ვიდექით, სერბეთის დროშა იყო პირველი, მასზე დაბლა - საქართველოს დროშა, ესეც ძალიან რთული აღსაქმელი იყო.

- შეჯიბრებაზე გასვლის წინ რამე ტრადიცია გქონდათ?

- ჭიდაობაში, უმეტესად, ფიზიკურ სიძლიერეს აჩენენ, ამას უსვამენ ხაზს. მე პირიქით - ჩემს მოწინააღმდეგეს სუსტად ვესალმებოდი, რომ ეფიქრა, ძალა არ აქვსო; ასეთი სტილი მქონდა, უპირატესობას უფრო გონებას და ტექნიკას ვანიჭებდი. სპორტშიც და ცხოვრებაშიც ჩვენი მთავარი კონკურენტი საკუთარი თავია, შენ თუ იცი, როგორ დაამარცხო საკუთარი თავი, გამარჯვებაც იცი. ყველაზე მთავარი შრომაა, ამ შრომას სწორად უნდა აანალიზებდე, მარტო ფიზიკური ძალა არ არის საკმარისი. მიზნამდე მისასვლელი გზა უნდა შეისწავლო.

- როგორ გრძნობთ თავს პოლიტიკაში?

- საინტერესოა. ვეცნობი ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარ თავს. ბევრი ფიქრია საჭირო, რადგან პასუხისმგებლობაა დიდი. სისტემის წინააღმდეგი ვიყავი, არაჯანსაღ გარემოს ქმნიდნენ ნაკრებში, არ შემეძლო ეს გამეტარებინა, აქედან დაიწყო კონფლიქტი. სიღრმეებში აღარ შევალ. ესენი ადამიანებს შრომას პარავენ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაცვლელია.

- როგორია სერბეთიდან დანახული სამშობლო?

- სულ დაძაბულობა ჩანდა, მეც იქიდანაც ჩართული ვიყავი, ჩემ აზრს ყოველთვის ვაფიქსირებდი.

ეს არჩევნები ჩვენს მომავალს განსაზღვრავს - თუ ჩვენ დავუშვით და „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში, გავფორმდებით რუსეთად.

მოვიარეთ რეგიონები, მთელი დასავლეთ საქართველო... ვიყავით სამეგრელოში, რაჭაში, კახეთში... ხალხს ცვლილებები უნდა. ადრე ხალხი დააჯერეს, რომ რაშიც ამყოფებენ, ეს ნორმალური ცხოვრებაა. რეგიონებში ხალხი ბედნიერი არ არის. ეკონომიკა წინ მიდისო, ეს მათთვის მიდის წინ და არა ხალხისთვის. არსაიდან მოვიდნენ და სასახლეებში ცხოვრობენ, ადამიანებთან კონტაქტი დაკარგეს. რეგიონებში ახალგაზრდები არ არიან, წასულები არიან ქვეყნიდან. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ. უნდა დავიჯეროთ, რომ გავიმარჯვებთ. სპორტშიც ასეა - ვისაც სჯერა რომ გაიმარჯვებს, ის იმარჯვებს. ამ რწმენით ვარ ახლაც - ყველანი თუ დავიჯერებთ, რომ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში

ხათუნა სამნიძე: თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ამ ქვეყანაში არც მშვიდობა იქნება და არც თავისუფლება

ტყვიაგაუმტარი აკვარიუმით მოგზაური თევზი | ბორის ჩელე ყურუა