photo

ცოდნის ყულაბა | ნინო კვიტაიშვილი, ივანე წერეთელი

ყველასათვის მაღალი სტანდარტის განათლების მიღების შესაძლებლობა

საქართველოს ყველა მოქალაქეს დაბადებიდან ექნება „ცოდნის ყულაბა“ - ინდივიდუალური დაგროვებითი დეპოზიტი, რომელზეც სახელმწიფო ყოველწლიურად დაურიცხავს განათლების მისაღებად საჭირო თანხას.

დეპოზიტზე არსებული თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ განათლების მისაღებად, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში. სხვა ხარჯების გასაწევად თანხის გამოყენება იქნება შეუძლებელი.

ცოდნის ყულაბა დააფინანსებს ბაგა-ბაღის, სკოლის, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებს. ასევე, სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო, უცხო ენების თუ სხვა სახის დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებს.

2028 წლიდან: ბაგა-ბაღში სწავლის დასაფინანსებლად დარიცხული თანხა იქნება 2500 ლარი. ზრდა იქნება ყოველწლიური: 2025 წელი - 1500 ლარი, 2026 წელი - 2000 ლარი, 2027 წელი - 2500 ლარი.

სკოლაში სწავლის დასაფინანსებლად დარიცხული თანხა იქნება 5000 ლარი. ზრდა იქნება ყოველწლიური: 2025 წელი - 3000 ლარი, 2026 წელი - 3500 ლარი, 2027 წელი - 4000 ლარი, 2028 წელი - 5000 ლარი.

პროფესიული განათლების მისაღებად დარიცხული თანხა 2025 წლიდანვე იქნება 3000 ლარი. უმაღლესი განათლების მისაღებად დარიცხული თანხა იქნება 5000 ლარი.

2028 წლამდე ყველა სოციალურად დაუცველი, რომელიც გადალახავს ეროვნული გამოცდების მინიმალურ ზღვარს, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისთვის მიიღებს სრულ დაფინანსებას. 2028 წლიდან უმაღლესი განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება უფასო და ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც გადალახავს მინიმალურ ზღვარს, მიიღებს სრულ დაფინანსებას.

ცოდნის ყულაბით გათვალისწინებული თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაგა-ბაღებში, სკოლაში, პროფესიულ სასწავლებელსა და უნივერსიტეტში.

ცოდნის ყულაბა ეკუთვნის მხოლოდ ბავშვს, თანხა მიმართულ იქნება იქ, სადაც ბავშვი ისწავლის: თქვენ გადაწყვეტთ, რომ ბავშვი შეიყვანოთ სახელმწიფო ბაღში ან სახელმწიფო სკოლაში და თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლო დაწესებულებაში.

ცოდნის ყულაბა მოიცავს სწავლის, მაღალკვალიფიციური მასწავლებლების ხელფასების, კვების, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის, რეგიონებში შესაძლო საჭირო ტრანსპორტის თანხას. დავუშვათ, კერძო სკოლა ღირს წელიწადში ცოდნის ყულაბით გათვალისწინებულ 5000 ლარზე ნაკლები, მაგალითად 4000 ლარი. მაშინ, თქვენ შეგეძლებათ, სკოლაში გადასახდელი თანხიდან დარჩენილი 1000 ლარი გამოიყენოთ სკოლის გარეთ, კლასგარეშე სასწავლო პროგრამების დასაფინანსებლად; მაგალითად, ატაროთ ბავშვი ცურვაზე, ხატვაზე, უცხოურ ენაზე, ჭადრაკზე, მუსიკაზე და ა.შ. და საფასური გადაიხადოთ ცოდნის ყულაბით დაზოგილი თანხით.

ცოდნის ყულაბა სიკეთეა არა მხოლოდ ბავშვისა და მოსწავლისათვის, არამედ საქართველოს ბიზნეს-გარემოს განვითარებისათვის როგორც დიდ ქალაქებში, ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეგიონებში. დავუშვათ, თქვენ ცხოვრობთ ამბროლაურში. თქვენ შეგიძლიათ, თავად დააფუძნოთ საგანმანათლებლო დაწესებულება, ან შექმნათ სხვადასხვა მიმართულების წრე, რომლის დაფინანსებაც სწორედ ცოდნის ყულაბით იქნება შესაძლებელი. ეს ყველაფერი განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
იხილეთ ივანე წერეთლისა და ნინო კვიტაიშვილის სტატია:

თუ გვინდა, გავიგოთ როგორი განათლების სისტემა გვაქვს, უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: არის თუ არა განათლების სისტემა მთავარ აქტორებზე - ბაღის აღსაზრდელსა და აღმზრდელზე, სკოლის თუ პროფესიული სასწავლებლის მოსწავლესა და მასწავლებელზე, უნივერსიტეტის სტუდენტს, ლექტორსა და მეცნიერზე ორიენტირებული? არის თუ არა საინტერესო საგანმანათლებლო ცხოვრება? კმაყოფილია თუ არა მშობელი და ზოგადად, საზოგადოება?

ნათელია, რომ დღეს საქართველოში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელიც განათლების სისტემით კმაყოფილია. ყველა საუბრობს განათლების ხარისხის დაბალ დონეზე, რესურსების სიმცირესა და მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

12 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და განათლების სისტემა განვითარების ნაცვლად სტაგნაციას და ხშირად უკუსვლასაც განიცდის. გავიხსენოთ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის დაპირება: “ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური ვალდებულება და 2020 წელს განათლების ბიუჯეტი ორი მილიარდი ლარი გახდება, 2021 წელს – 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ბიუჯეტის მეოთხედს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს გაუტოლდება”. ახლა 2024 წელია და განათლების ბიუჯეტი მხოლოდ 2,5 მილიარდი ლარია, ანუ დაპირებულზე თითქმის მილიარდით ნაკლები. ქართული ოცნების ეს დაპირებაც ტყუილი გამოდგა. დაპირების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მშპ-სთან მიმართებაში 6 პროცენტი უნდა გამხდარიყო, დღეს კი ის მშპ-ს მხოლოდ 3,7 პროცენტს შეადგენს. უბრალო არითმეტიკაც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ ქართული ოცნება იტყუება. ჩვენ არაფერს ვაფასებთ, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს გიყვებით და ხელისუფლების მიერ დაპირებულ რიცხვებსა და რეალურ რიცხვებს გთავაზობთ. მათემატიკა არასდროს იტყუება: 2+2=4 ფორმულა არასდროს იცვლება!

სამწუხაროდ, თუ არ არსებობს საკმარისი დაფინანსება, არ არსებობს არც გამართული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, არც საკმარისი რესურსი და არც მაღალი ხარისხი. გადავხედოთ, რა მდგომარეობაშია სკოლამდელი დაწესებულებები დედაქალაქსა და დიდ ქალაქებს მიღმა: ჩამონგრეული, სანახევროდ მწყობრიდან გამოსული შენობები, მოუწყობელი ეზოები, მოუწესრიგებელი გათბობის, საკანალიზაციო და სანიტარული სისტემები; ბაღების უმეტეს ნაწილს არ აქვს არც სათამაშოები და ბავშვთა განვითარებისათვის საჭირო სხვა რესურსები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს აღმზრდელების პროფესიულ განვითარებაზე. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თვითონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არ არსებობა უკვე ქმნის ხელმისაწვდომობის პრობლემას, რომ აღარაფერი ვთქვათ ბილინგვური (ორენოვანი) სწავლების პრობლემებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბავშვო ბაღის ასაკიდან სახელმწიფო ენის შესწავლა ამარტივებს შემდეგ საფეხურებზე განათლების ზოგად ხელმისაწვდომობას, სოციალიზაციასა და შესაბამისად ინტეგრაციას.

სასკოლო განათლებაზე ყველაფერს ამბობს ციფრები, რომლებიც სხვადასხვა კვლევითაა დადასტურებული. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ჯერ კიდევ 2020 წელს განაცხადა, რომ საქართველოში განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა სწავლის ხარისხია და ბავშვი, რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, სამწუხაროდ, შედეგებით სხვა ქვეყნების მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა. ყველას გვახსოვს PISA-ს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით სკოლის საგანმანათლებლო პროგრამისა და განათლების ხარისხი დაბალია და წლების განმავლობაში ვერ პროგრესირებს.

• მათემატიკის კომპონენტში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს.

• საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 66-ეს.

• წაკითხულის გააზრებაში კი - 67-ეს.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოსწავლეთა 65-67-მა პროცენტმა ვერც ერთ საგანში გადალახა სირთულის მეორე დონე, რაც საბაზისო დონის უნარებს შეესაბამება. თურქეთის საშუალო მაჩვენებელი 79 ქულით აღემატება ჩვენსას და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უზბეკეთს ვუსწრებთ. ამ მდგომარეობაშია იმ ქვეყნის განათლების სისტემა, რომელსაც საკუთარი დამწერლობა აქვს, გელათისა და იყალთოს აკადემიებით იწონებს თავს, ილია ჭავჭავაძე ჰყავდა და იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ჰქონდა მაშინ, როდესაც მთელ რუსეთის იმპერიაში მხოლოდ მოსახლეობის მეათედმა იცოდა კითხვა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2024 წელს გამოქვეყნებული კვლევის (საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ) თანახმად, სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს. 1561 სკოლის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს სკოლების 59 პროცენტი საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31 პროცენტს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სკოლების 87 პროცენტს საერთოდ არ გააჩნია.

სკოლების 90 პროცენტამდე მიუთითებს, რომ აქვს ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამო, რთულად გამოიყენება სწავლებისა და მართვის პროცესში და, ფაქტობრივად, ფორმალურად არის სკოლების ნაწილში. რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ხვედრითი წილი ძალიან დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (11-12 პროცენტი). მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოცემული რეალობის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს ხელისუფლების მხრიდან, მთავარი ფაქტორი მაინც დაფინანსებაა, რაც საბოლოოდ აისახება განათლების ხარისხზე და, შესაბამისად, ახალი თაობების აღზრდა-განვითარებაზე.

ფაქტი ჯიუტია, განათლება საქართველოში არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური და არც ხარისხზე ორიენტირებული. ის არ არის მორგებული აღსაზრდელისა და მოსწავლის საჭიროებებს. ეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამაყად აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდაა და ქვეყანა მდიდრდება! სად მიდის მაშინ ეს ფული? რატომ არ ხმარდება „ქართული ოცნების“ მიერვე პრიორიტეტად გამოცხადებულ განათლების სისტემას?

რით უნდა დავიწყოთ გარდამტეხი ცვლილებები?

რა თქმა უნდა, დაფინანსების მკვეთრი ზრდით, დაფინანსების სისტემის მოდერნიზაციით.

სისტემა უნდა მოერგოს აღსაზრდელისა და მოსწავლის საჭიროებებს და არა პირიქით. დაპირებები უნდა შესრულდეს!

განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვზე მიბმულ დაფინანსებაზე გადასვლა. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ბავშვს ექნება საკუთარი საგანმანათლებლო დეპოზიტი: „ცოდნის ყულაბა“. საბავშვო ბაღის ასაკიდან სწორედ „ცოდნის ყულაბაში” განთავსდება ის წლიური თანხა, რომელიც ბავშვის განათლების დაფინანსებაზეა გათვლილი. თანხის განკარგვა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი. ეს არის ჩვენი შვილების განათლებაში ჩადებული დიდი ინვესტიცია, რაც მშობელს მისცემს არჩევანის თავისუფლებას; ყველას ექნება შესაძლებლობა, შვილის დეპოზიტი მიმართოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იმ შემთხვევაში კი, თუ კონკრეტული ბაღი ან სკოლა უფრო ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე წლიური დეპოზიტი, ნაშთი დაგროვდება განათლების შემდგომი საფეხურებისთვის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამა), ან დაიხარჯება ბავშვის ინტერესების შესაბამის სპორტულ-სახელოვნებო მიმართულებებზე.

დაფინანსების რეფორმით და შესაბამისად, ოთხწლიან პერიოდში თანხების მკვეთრი ზრდით, ჩვენ შევძლებთ თითოეული ბავშვის სკოლამდელი განათლება 2500 ლარით, ხოლო სასკოლო განათლება 5000 ლარით დავაფინანსოთ. „ცოდნის ყულაბიდან“ მიღებული დაფინანსების შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ იარსებებს დანაკლისი, მეტიც:

• უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის კვება;

• გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა;

• გაიზრდება მასწავლებლებისა და აღმზრდელების ხელფასი;

• სკოლა, როგორც ბიზნესი, განვითარდება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში, ყველგან დაფუძნდება ახალი ბაგა-ბაღები და სკოლები;

• გაიზრდება კონკურენცია განათლების სექტორში;

• გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები;

• მიმზიდველი გახდება მასწავლებლის პროფესია.

ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონში გვექნება ბაგა-ბაღები და სკოლები, რომელთა შენობებიც, ეზო და სხვა ინფრასტრუქტურა უპასუხებს ევროკავშირის სტანდარტებს. საბავშვო ბაღში ბავშვებს არ ექნებათ არც სათამაშოს და არც განმავითარებელი რესურსების ნაკლებობა. სკოლებს ექნებათ წიგნის მდიდარი ფონდები, აღჭურვილი იქნებიან მედიათეკით, თითოეულ კათედრაზე მინიმუმ ერთი „ჭკვიანი დაფით“/პროექტორით. მასწავლებელს ექნება ყველა რესურსი თანამედროვე ხარისხიანი სასწავლო პროცესისთვის. უკლებლივ ყველა სკოლას ექნება ლაბორატორია და სხვა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსები; შეიქმნება სასკოლო კლუბები და წახალისდება მოსწავლეთა დამასწავლებელთა ინიციატივები.

ჩვენი მიდგომაა ბავშვზე ორიენტირებული სისტემა. ჩვენ ვიცით, რა არის საჭირო და ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ეს შეგვიძლია!

უპერსპექტივობის 12 წელი | გიორგი თარგამაძე

ამომორჩევლის ხმა ნამდვილად ფარულია| ნანა ლომიძე

გამარჯვების რიცხვი | ირინა ცინცაძე