photo

საქართველოს ევროპელი პარტნიორების უახლესი შეფასებები | მარიამ მიქიაშვილი


2-3 სექტემბერს თბილისში გაიმართა რიგით მე-8 თბილისის საერთაშორისო კონფერენცია - „2024 - გარდამტეხი წელი.“

თავისუფალი სამყაროსთვის 2024 წელი მართლაც გარდამტეხია, რადგან წელს დასავლეთის მრავალ ქვეყანაში უკვე ჩატარდა ან ტარდება არჩევნები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნების მომავალს - მაგალითად, საფრანგეთში, მოლდოვაში, აშშ-ში და თავად ევროკავშირში.

თუმცა, არსად ეს წელი ისეთი მნიშვნელობის არ არის, როგორიც საქართველოში, რადგან ჩვენთვის 26 ოქტომბერს მართლაც ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. როგორც 27 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი არჩევნები გადაწყვეტს, ჩვენ ვართ ქართველები და ვისრულებთ საუკუნეების ევროპულ მიზანს, თუ სულს მივყიდით რუსეთს და თავს დავუხრით დიქტატურას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის სიტყვით სახით საკუთარ ხალხსა და ქვეყნის მეგობრებს ომი გამოუცხადა. როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად კი შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა ინტერვიუში აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, მოწინააღმდეგეების გასამართლებითა და მასობრივად დაუმორჩილებელი სამოქალაქო საზოგადოების იძულებით რეგისტრაციით აგენტებად, შემდეგ კი მათი დაყადაღებითა და დახურვით, ჩვენ ბელარუსს დავემსგავსებით.

ირაკლი ზარქუამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „ალქაჯების გაერთიანება“ უწოდა. მისგან ასეთი შეფასება არც გასაკვირია და არც მოულოდნელი. მთელი 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიზანი იყო და არის საქართველოს დისტანცირება ჩვენი პარტნიორებისგან, რომელთა დახმარება და ინვესტიციებიც გადამწყვეტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელთა თანადგომაც უზრუნველყოფს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლი-ტიკას და ა.შ. აგენტების რუსული კანონის მიზანიც ხომ ის იყო, რომ ერთი მხრივ ქართველი ხალხი გაეტეხა, მეორე მხრივ კი დასავლელ პარტნიორებს ჩვენზე ხელი ჩაექნიათ. სწორედ ამიტომ მოხვდა გულზე „ქართულ ოცნებას“ თბილისის საერთაშორისო კონფერენცია. იგი აერთიანებდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ჩვენს დასავლელ მეგობრებს.

კონფერენციაზე ევროპარლამენტარმა და ლიეტუვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ ბიძინა და საქართველოს ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია და რომ „დებიძინიზაცია“ არის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ განასახიერებს „რუსულ სამყაროს“ და თუ ხალხს ევროპული ინტეგრაცია სურს, მან ხმა ამ „რუსული სამყაროს“ წინააღმდეგ უნდა მისცეს.

ევროკავშირის გაფართოების ტალღა, როგორც წესი, ქვეყნების ჯგუფს ეხება და არა ცალკეულ ქვეყანას. ამჟამად ევროკავშირი განიხილავს, რომ შემდეგი გაფართოება 2030 წელს უნდა შედგეს, რაც, სავარაუდოდ, ალიანსის ბოლო გაფართოება იქნება და ფაქტობრივად დასრულდება ევროპის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების ევროკავ-შირში ინტეგრაციის პროცესი - ეს ეხება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინას და მოლდოვას. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კი ამჟამად გაყინულია საქართველოს რუსული ხელისუფლების ქმედებების გამო და ამას ადასტურებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, გარდა უნგრეთისა. ჩვენი მიზანია, 26 ოქტომბერს რუსული ოცნება ხელისუფლებიდან გავუშვათ, პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ფარგლებში ახალმა კოალიციურმა მთავრობამ სწრაფად განახორციელოს საჭირო რეფორმები (რომლებიც ძირითადად ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, პოლიციისა და სუს-ის რეფორმას, საარჩევნო კანონმდებლობასა და დეო-ლიგარქიზაციას), რითაც დავეწევით უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების ეტაპზე და ალიანსის წევრებიც 2030 წლისთვის გავხდებით.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განსხვავებით წინა გაფართოებებისგან, რომლებიც უფრო ეკონომიკურ და საბაზრო საკითხებს ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატი ქვეყნის ფასეულობებს და ევროკავშირის ღირებულებებთან თანხ-ვედრას. ესენია - კანონის უზენაესობა, დემოკრატია, პრესის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობა პოლიტიკური წნეხისგან და ა.შ. ამას აღნიშნავენ არა მხოლოდ თბილისის კონფერენციის მონაწილენი (მაგალითად პოლონელი სენატორი ბოგდან კლიხი), არამედ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

კონფერენციის მონაწილეების თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის დაუღალავი ბრძოლისადმი მხარდაჭერა იყო და არა მთავრობის მიღწევა.

როგორ უნდა მოვახდინოთ „დებიძინიზაცია“, რომ შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ღირსეული განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, კანონის უზენაესობა და დაცულობა? როცა „ქართულ ოცნებას“ დიდი უპირატესობით დავამარცხებთ, შანსი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამარცხება არ აღიაროს და ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს, საგრძნობლად მცირდება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ გამარჯვებულ ხალხთან გამკლავების სათანადო საპოლიციო რესურსი არ აქვს, რუსეთს კი ამჟამად თავის ტერიტორიაზე უწევს ომი.

როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა: „თუ ევროკავშირის გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებზე წასვლა მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ - ღმერთო ჩემო, წადით და ხმა მიეცით!“

თენგიზ თევზაძე: ამ არჩევნებზე დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვება წაგვართვეს

დასავლეთი საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს | ნიკა გვარამია

ოლიგარქის შემოდგომა | ნუგზარ წიკლაური