photo

ხათუნა სამნიძე: თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ამ ქვეყანაში არც მშვიდობა იქნება და არც თავისუფლება


- „რესპუბლიკური პარტია“ შეუერთდა „კოალიციას ცვლილებისთვის“. რატომ? რას მიიტანს კოალიციაში, ამ ძალზე სპეციფიურ საარჩევნო კამპანიას რითი გააძლიერებს?

- არსებულ სისტემაში და გარემოში, პარტიების გაერთიანება აუცილებელია იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება. რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნა. კონკრეტულად ამ კოალიციასთან შეერთება განაპირობა იმ იდეებმა და შეხედულებებმა, რაც აქ გაერთიანებულ პოლიტიკოსებს აქვთ. ჩემთვის უპირველესია პროგრესი, თავისუფლება, პროფესიონალიზმი და ამას ვხედავ კოალიციაში. პროგრესი რომ არ იყოს, ჩვენ დიდი პრობლემები გვექნებოდა როგორც ინდივიდუალურად, ისე ქვეყნის მასშტაბით. მაგალითად, პროგრესი რომ არ იყოს, მე ცოცხალიც არ ვიქნებოდი.

თავისუფლება არის ის იდეა, რისთვისაც შეიქმნა „რესპუბლიკური პარტია“. „დროას“, „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით ბრძოლაში. ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ბრძოლა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აჩვენებს, რომ უკომპრომისო მებრძოლები არიან, რაც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. რაც მთავარია, ამ კოალიციას ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. გარდა ამისა, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, „ალდეს“, ლიბერალური პარტიების გაერთიანების წევრები ვართ. ჩვენი იდეები და იდეოლოგია ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან და ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია კამპანიის დროს. რესპუბლიკური პარტია ყოველთვის აქცენტს აკეთებდა ადამიანის უფლებებზე, ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე, თვითმმართველობის განვითარებაზე და ეს ის იდეებია, რომელიც დიდი ხანია ამ კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკოსებისგან ისმის.

ვფიქრობ, რესპუბლიკური პარტიის არჩევანი იქნება განმსაზღვრელი ბევრი ადამიანისთვის იმიტომ, რომ ეს არ არის არჩევნები, სადაც კოალიციური შეერთებით მხოლოდ ხმებს ვაგროვებთ. ეს არის ის ენერგია და იდეები, რომელსაც ადამიანები უნდა ენდონ ამ ქვეყანაში და გააკეთონ არჩევანი.

ჩვენი ამომრჩევლის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა – კი, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ ვინ მართავს ამ ქვეყანას მერე და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას სხვადასხვა სფეროებზე და მიმართულებებზე. ვფიქრობ, რესპუბლიკური პარტიის პროფესიონალიზმი და უკომპრომისო ბრძოლა არის ის, რაც მიგვაქვს ამ კოალიციაში. ამ ენერგიით გავაძლიერებთ ერთმანეთს და ამას დაინახავს ამომრჩეველი.

- წინა არჩევნებზეც ცვლილებებს ითხოვდა პროდასავლური ამომრჩეველი, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა. თქვენი აზრით, რა იქნება გარანტია, რომ ამ ჯერზე ყველაფერი გამოვა?

- დიახ, მაშინაც უმრავლესობა ელოდა ცვლილებებს, რადგანაც უმრავლესობა ამ ქვეყანაში არის პროდასავლელი. ჩემი აზრით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ძალზე მოტივირებულია ამომრჩეველი, რადგან ხედავს, რომ ამ ხელისუფლებას მივყავართ რუსეთისკენ და თუ ის კვლავ დარჩება, ამ ქვეყანაში არც მშვიდობა იქნება და არც თავისუფლება.

მეორე კითხვაც უჩნდება ადამიანს – მე თუ ვცვლი (და სწორედ ამომრჩეველი ცვლის ხელისუფლებას), ვის ვაბარებ, რას გააკეთებენ, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, ვინ არიან ლიდერები – ამ მთავარ კითხვაზეა, ჩემი აზრით, პასუხი გასაცემი. \

წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა დაინახოს ამომრჩეველმა, რომ ამ კოალიციაში და სხვა ცენტრებშიც არიან კონკრეტული პოლიტიკოსები და პარტიები, რომელთაც შეუძლიათ მართვა კოალიციურად. ამ ქვეყანას კოალიციური მართვის გამოცდილება არ აქვს. 2012 წელს „ქართული ოცნებაც“ კოალიციურად მოვიდა, მაგრამ იქ მაინც ერთი პარტია იყო დომინანტური. დღეს ეს სიტუაცია არ გვაქვს. დღეს თანასწორი კოალიციური ერთობაა და უნდა დავანახოთ ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია დიალოგი.

ცვლილების გარანტია არის ამომრჩევლის მოტივაციის შენარჩუნება მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, – უნდა იყოს მაღალი აქტივობა, აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და ოპოზიციას მისცეს ხმა, – მხოლოდ ესაა ცვლილების გარანტია.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ ცვლილებების აუცილებ ლობაში იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჭირდება ევროპული გზის განმტკიცება, რომელიც შეარყია „ქართულმა ოცნებამ“. ვხედავთ, რომ ამ ქვეყანას ის შეატრიალებს რუსეთისკენ. ჩვენი მთავარი გზავნილი, პირველ რიგში, ქვეყნის კურსის ცვლილების საფრთხეა.

მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ „ოცნებას“ მეოთხე ვადით უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. თუ ეს ასე მოხდა, ჩათვლის, რომ ყველაფერი გასდის ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო უარესის მოლოდინი უნდა გვქონდეს – ის გადავა რეპრესიებზე, თავისუფლების შეზღუდვაზე და ქვეყანას მთლიანად რუსული მმართველობის სტილზე გადაიყვანს – ესაა საშიშროებები, რომელიც არსებობს.

პოზიტივი კი ისაა, რომ ოპოზიციის მხარეს არიან ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ ქვეყნის მართვის გამოცდილება, რომელთაც დაუშვიათ შეცდომები და ნანახი აქვთ, როგორ რეაგირებს საქართველოს მოქალაქე ამ შეცდომებზე. ამ ხალხს შეუძლია დიალოგის საფუძველზე, აბსოლუტური ძალაუფლების გარეშე, კოალიციურად, დიალოგით და ერთმანეთთან შეთანხმებით მართონ ეს ქვეყანა ისე, რომ მოქალაქე ჩართული იყოს მართვის პროცესში. თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის იდეა აქვს თითქმის ყველა კოალიციას. რომელი უფრო დამაჯერებელია, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი, მაგრამ ჩვენი კოალიციის წევრები არაერთი წელია ვლაპარაკობთ ამ თემებზე – ამ ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი თვითმმართველობა. დაინახავს ამომრჩეველი, რომ ეს არის ის კოალიცია, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ამ ქვეყანაში გაძლიერდებიან სოფლები, რეგიონები, თითოეული მოქალაქე იქნება ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

- თქვენი აზრით, რისი გაკეთება, უფრო სწორად, რისი გაფუჭება შეუძლია არჩევნებამდე მმართველ ძალას?

- ისინი გაზრდიან პროპაგანდის მასშტაბებს და მოქალაქეებზე ზეწოლას. ამ არჩევნებზე მაქვს მოლოდინი, რომ ისინი თავს დაესხმებიან განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს. ეს გაძლიერდება. მათ იციან, რომ ამგვარი ადამიანები უფრო მეტი და მეტია, უფრო გამბედავია, ამომრჩეველი ღიად ამბობს, რომ ოპოზიციურადაა განწყობილი. ველი, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ ოპოზიციას გაუხსნის ცეცხლს პროპაგანდითა და გაშავებით, მოქალაქეებზეც გადავა ეს ძალადობა და მგონია, რომ ამ ნაწილში ჩვენი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნათლად დაინახავს, რაოდენ საშიშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა.

მგონია, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე კონტრპროდუქტიულია პროპაგანდა. მაგალითად, ბაობაბების გახმობა ოპოზიციას დააბრალეს, რაზეც მათ საკუთარ ამომრჩევლებსაც ეცინებოდათ, ჰქონდათ განცდა, რომ გაგიჟდნენ. რაც უფრო შევალთ საარჩევნო ფაზაში და რაც უფრო გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“, კიდევ უფრო მძიმე და დაუჯერებელი იქნება პროპაგანდა. ცხადია, მათი ამომრჩევლის ნაწილზე ეს მოქმედებს, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი გაცილებით წინაა, ვიდრე პოლიტიკური ელიტა, გაცილებით გამოცდილია და ამიტომ არ მგონია, რომ ეს მოგონილი ინსინუაციები და ბოდვები, ასე მასობრივად იმოქმედებს მათზე.

- ხელისუფლების მთავარი საარჩევნო მესიჯბოქსი იქნება თამაში ემოციებზე – ომიმშვიდობა. რას დაუპირისპირებთ ამას?

- დიახ და ესაა ყველაზე საშიში. მაგრამ, წინა წლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია არ შედის ამ ტიპის დისკუსიაში „ქართულ ოცნებასთან“. არ აწარმოებს საარჩევნო პროცესს ხელისუფლების დღის წესრიგით, არ ყვება მას და არ დგას თავის მართლების რეჟიმში. პროპაგანდა არის ის, რაზეც არ უნდა რეაგირებდეს არავინ, ეს ვისწავლეთ და ჩვენს ხელშია. აუცილებელია, მაქსიმალურად ველაპარაკოთ ამომრჩეველს არგუმენტებითა და ფაქტებით – სად არის სინამდვილეში მშვიდობა – დასავლეთში, ევროკავშირში, კოალიციურობაში, დიალოგში, თანამშრომლობაში, მოქალაქის ჩართულობაში, თუ – მეორე მხარეს, სადაც აბსოლუტური ძალაუფლება აქვს ერთ პარტიას. ამ ქვეყანაში გვინახავს, რამდენად აფუჭებს აბსოლუტური ძალაუფლება, თუნდაც, დიდი მხარდაჭერით მოსულ ხელისუფლებას. მეოთხე ვადით „ქართული ოცნების“ დარჩენა ნიშნავს რუსეთისთვის ქვეყნის ჩაბარებას და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ფაქტია, რომ ამას ჩვენს თვალწინ აკეთებენ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.

„ქართული ოცნება“ ეცდება, მარტივად არ დათმოს არჩევნები, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი მაქვს. მანდატების უმრავლესობა ექნება ოპოზიციას, ახალი სისტემით, არჩევნების დღეს გაყალბების მინიმალური შანსია. ოპოზიციასა და მოქალაქეებზე ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმა გვაჩვენებს, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს 27 ოქტომბერს. „ქართული ოცნება“ არ არის ის, ვინც მარტივად გადააბარებს ხელისუფლებას. მაგრამ ჩვენ არც მარტო ვართ, მოქალაქეებიც მოტივირებულნი არიან და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ხედავენ, სად არის სიმართლე და მხარდაჭერა. ეს არის მთავარი – მაქსიმალურად უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც უკვე 30 წლის მანძილზე უზრუნველყოფენ ამ ქვეყნის კეთილდღეობას.

ზურაბ დათუნაშვილი: აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში

მითები და რეალობა ევროკავშირის შესახებ | ნიკა ფარულავა