photo

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში

- თქვენ ახლა წინასაარჩევნოდ ხვდებით ძალიან ბევრ ხალხს. სულ დადიხართ, თუმცა წინა არჩევნებზეც ასე იყო. რა სხვაობაა წლევანდელ ამომრჩეველსა და, ვთქვათ, 2020-ის ამომრჩეველს შორის?

- დიახ, მართალია. ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე თვეა, დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში, ჩვენი თანამემამულეების მოსმენა, მათი პრობლემების გაგება, ამ პრობლემებზე მუშაობა და ასევე, რასაკვირველია, აქტიურად ვეძებთ თანამებრძოლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ადგილებზე ბრძოლის ავანგარდში. რაც შეეხება განსხვავებებს, ეს განსხვავებები დიდია. ყველამ კარგად იცის, რომ წლებია ვებრძვით ივანიშვილის რეჟიმს და რომ ამ წლებში იყო განსხვავებული ფაზები. მათ შორის, ფაზები, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ იცნობდა ივანიშვილის ნამდვილ სახეს და ფაზები, რომელთა დროსაც ჩვენი პარტნიორებიც ევროპასა და ამერიკაში არ იცნობდნენ მის ნამდვილ სახესა და ზრახვებს. დღეს ეს მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, ყველა სოფელსა თუ დაბაში, ყველა დიდ ქალაქში და თბილისის ყველა უბანში მინიმუმ ორჯერ მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ცვლილება სურთ, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა. ვიცით, რომ ხელისუფლებას ჰყავს უამრავი ადამიანი ამა თუ იმ ფორმით დასაქმებული და მაქსიმალურად ეცდება მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს, მაგრამ მთლიანად ამ რესურსის მასშტაბიც კი ვერ გაუტოლდება ამ ქვეყანაში იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც აღარ სურთ ბიძინა ივინაშვილის მმართველობის ქვეშ ცხოვრება, აღარ სურთ სიღარიბეში დარჩენა, აღარ სურთ ევროკავშირის გარეთ ცხოვრება და აღარ სურთ საკუთარი ბედის სხვა ადამიანის და მისი კრიმინალური გარემოცვის ხელში დატოვება. ბოლო დროს, განსაკუთრებით რუსული კანონის მიღების შემდეგ და ამ მთავრობის პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების შანსის საბოლოოდ და კარგვის შემდეგ, მაქვს ინფორმაციები, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილიც სწორედ ასე და ძალიან ჯანსაღად უყურებს ახლანდელ ვითარებას, მართლაც მთელი გულით ვგრძნობ, რომ ხელისუფლება მათ მხარდაჭერასაც კარგავს.

რაც შეეხება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ისინი არიან ქართველი ხალხის მეგობრები, მათი ერთგულები და, რა თქმა უნდა, ისინი რჩებიან ქართველი ხალხის მოკავშირეებად. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს მოქალაქეებს სურთ ევროინტეგრაცია, ევროკაშირში გაწევრიანება და ამიტომ, როგორც კი დაინახეს, რომ მთავრობამ უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს და გადაუხვია ევროპულ გზას, ისინი მაშინვე გახდნენ ბევრად უფრო ხისტები „ქართული ოცნების“ მიმართ და ამავდროულად ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა აგრძნობინეს ქართველ ხალხს. ამერიკის შეერთებული შტატები ხელისუფლების ცვლილების პირობით ღიად დაგვპირდა ვიზალიბერალიზაციასა და თავისუფალ ვაჭრობას, ევროკავშირი ღიად გვპირდება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაყწებას უკვე 27 ოქტომბრიდან, თუკი ჩვენ მოვახერხებთ და გავუშვებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას სახლში. ეს არის ამ ქვეყნის რეალური წარმატების, ჩვენი ოჯახების რეალურად გამდიდრების გზა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ. ამავდრულად, აშშ-მ უკვე აამოქმედა სანქციები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ეს სანქციები შემოდგომაზე კიდევ უფრო გაფართოვდება და მიიღებს სახაზინო, საფინანსო სახესაც, რაც იქნება უმძიმესი გადასატანი ამ ხელისუფლებისთვის, რომლის წევრებისთვისაც ყველაზე მთავარი ყოველთვის ფულია. ეს ყველაფერი კომბინაციაში გვიჩვენებს, რომ ამერიკასა და ევროპაში ამ ხელისუფლებას უკვე გამოუტანეს განაჩენი და რომ ეს განაჩენი 26 ოქტომბერს სისრულეში ქართველმა ხალხმა უნდა მოიყვანოს.

- რამდენად მზადაა პროდასავლური, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, გაუძლოს მოსალოდნელ ზეწოლას, დაშინებას, პროპაგანდას? მით უფრო, რომ ეს განსაკუთრებით, რეგიონებშია მოსალოდნელი.

- ქართველმა ხალხმა გაზაფხულზე აჩვენა წინააღმდეგობის, სიმტკიცისა და სიმამაცის მაგალითი. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა არის სწორი ისტორიული გზა ჩვენი ერისთვის და ძალიან კარგად იციან, თუ რა დევს სასწორზე. თუ რამის უნდა გვეშინოდეს, უნდა გვეშინოდეს ჩვენი შვილებისთვის ევროპული მომავლის შანსის დაკარგვის, თუ რამე უნდა გვაღელვებდეს, სწორედ მათი შესაძლებლობები და მათი პერსპექტივაა და მე ვიცი, რომ ეს ძალიან კარგად ესმის თითოეულ ქართველს. რა შეგვიძლია ჩვენ მეტი გავუკეთოთ ჩვენს შვილებს, თუ არა ის, რომ ოთხ წელიწადში ჯიბეში ჩავუდოთ ევროკავშირის პასპორტი და დავუტოვოთ მშვიდი, განვითარებული და უსაფრთხო გარემო. ჩვენს ისტორიაში არასდროს შეგვშლია არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ამიტომ მჯერა, რომ ქართველი ხალხი არც ამჯერად გატყდება და დააფიქსირებს თავის ღია, მტკიცე და გაუტეხელ არჩევანს. პროპაგანდის, ზეწოლისა დაშინების წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება ასევე ჩვენი სიმრავლე და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, რათა უამრავმა ადამიანმა დააფიქსიროს ხმამაღლა ცვლილების სურვილი და საზოგადოებამ არჩევნებამდეც ირწმუნოს გამარჯვების.

- რას აკეთებთ ამისთვის რეგიონებში?

- ჩვენმა კოალიციამ, რომელიც 4 ნომრით იასპარეზებს ამ არჩევნებზე, უკვე გავხსენით ათობით ოფისი საქართველოს მასშტაბით და ვაპირებთ დაახლოებით 100 ოფისის გახსნას საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ეს არის უპრეცედენტო რამ, ჩვენ მოვიცავთ ყველა დაბას, ყველა სოფელსა და ქალაქს, აღვრიცხავთ ყველა პრობლემას, შევადგენთ ყველა საკითხის გაუმჯობესების გეგმას და დავამარცხებთ ივანიშვილს ყველა დასახლებაში, ლენტეხიდან დედოფლისწყარომდე, ალვანიდან ხელვაჩაურამდე და ყაზბეგიდან ნინოწმინდამდე. ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ გვყავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას და არ დაუშვებს არც მათზე ძალადობას, არც დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობებს.

ჩვენ ყველგან აქტიურად ვმუშაობთ, უკვე მოვიარეთ თითქმის ყველა კუთხე და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში ყველგან, მთელს საქართველოში, სოფელსა თუ ქალაქში. იგრძნობა განსაკუთრებული განწყობა, განსაკუთრებული ენთუზიაზმი, ყველანი ვგრძნობთ, რომ რეჟიმი მარცხდება და ხალხი იმარჯვებს.

- რეჟიმის ცვლილების გარდა, კონკრეტულად რას ითხოვს ამომრჩეველი?

- ამომრჩეველი ითხოვს ეფექტურ მმართველობას. ხალხს ჭირდება სიმშვიდე და უსაფრთხოება, რომლის გარანტია ევროკავშირია. ხალხს ჭირდება კოალიციური მმართველობა, რომელიც არც ერთ ადამიანს არ მისცემს მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობას. ხალხს სჭირდება ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და გამდიდრება, შესაძლებლობების ეკონომიკა და ევროპული დონის ცხოვრების პირობები. ჩვენს შვილებს სჭირდებათ მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც მათი წარმატების და ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი იქნება და ჩვენს რეგიონებს ჭირდებათ გაძლიერება და მხარდაჭერა, ჭირდებათ ნამდვილი თვითმმართველობა. ჩვენს კოალიციას ბევრი აქვს ნამუშევარი თითოეულ ამ პრობლემაზე.

ჩვენ უკვე გავერთიანდით, უკვე შევქმენით კოალიცია და ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ბალანსი ძალაუფლების განაწილებისას. ჩვენ გვყავს ძლიერი და ყველაზე მეტად პროევროპელი ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყონ უკვე 27 ოქტომბრის დილასვე. ჩვენ გვყავს ძლიერი ეკონომიკური გუნდი, რომელმაც იცის, როგორ შექმნას შესაძლებლობების ეკონომიკა, როგორ გაატაროს საქართველოზე უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა და როგორ გაამდიდროს ჩვენი ქვეყანა. ჩვენს გვყავს ამ ქვეყანაში განათლების სფეროს ყველაზე მაგარი პროფესიონალები, რომელთაც იციან, როგორ გახადონ უმაღლესი განათლება მთლიანად უფასო და როგორ უზრუნველყონ თბილისში უფასო სტუდენტური საცხოვრებლების არსებობა. და, რაც მთავარია, ჩვენ გვესმის თვითმმართველობის მნიშვნელობა, ვიცით, რომ მნიშვნელოვანია, სოფლისა და რეგიონების ამბები წყდებოდეს იმავე სოფლებში, იმავე რეგიონებში და ხალხს არ უწევდეს თბილისში მიღებული გადაწყვეტილების ლოდინი და უსიტყვოდ აღსრულება. ჩვენი ფული რეგიონიდან აღარ უნდა მიდიოდეს თბილისში და აღარ უნდა აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძისნაირების ჯიბეში, ის უნდა რჩებოდეს ადგილზე და ხმარდებოდეს რაიონს ისე, როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს. ტყე, საძოვრები, წიაღისეული და ყველაფერი რაც სოფელშია, უნდა ეკუთვნოდეს ამ სოფლის მაცხოვრებლებს, არავის არ უყვარს ადგილობრივი გარემო მეტად, ვიდრე მათ და ვერავინ მოუვლის ამ ყველაფერს უკეთ.

და ბოლოს, დარმწუნებული ვარ, 26 ოქტომბერი იქნება საქართველოს ისტორიაში ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტიურობის დღე და შევა ისტორიაში, როგორც დღე, რომელმაც შეიყვანა საქართველო ევროკავშირში... დღე, რომელმაც დაუდო სათავე საქართველოს გამდიდრებას, ქვეყანაში სიმშვიდის და უსაფრთხო გარემოს შექმნას... დღე, რომელმაც გაგვახსენა, რომ ვართ ერთიანი, ძლიერი და ევროპული ერი და დღე, რომელმაც საბოლოოდ მოგვიტანა ცვლილება.

საქართველოს ევროპელი პარტნიორების უახლესი შეფასებები | მარიამ მიქიაშვილი

„ჩვენ, „კოალიციამ ცვლილებისთვის“, ვიცით როგორ ვიზრუნოთ თქვენს მომავალზე“ | ანი ქავთარაძე

ამერიკა - შესაძლებლობები, გაძლიერება და განვითარება | სანდრო წერეთელი